Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა „ძვირფას ლიდერს“ გამოეთხოვა


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში დღეს დაკრძალეს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ირი, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა.

28 დეკემბერს ათასობით აცრემლებულმა და ეგზალტირებულმა ჩრდილოკორეელმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ქვეყნის ლიდერი, რომელიც 17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. თვალუწვდენელ პროცესიას წინ მიუძღოდა შავი ლიმუზინი, კიმ ჩენ ირის უზარმაზარი სურათით, რომელსაც უკან მოჰყვებოდა მგლოვიარედ თავდახრილი საპატიო ყარაული, ხოლო ჯარისკაცები უბრალო მოქალაქეებივით დაუფარავად გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს:
როდესაც სიკვდილმა დაგვაშორა ჩვენს გენერალს, ადამიანებს, მთებსა და ცას, ყველაფერს სისხლის ცრემლები სდის...

„თოვლიც კი ცრემლივით არ წყდება. როგორ შეიძლება, რომ ცა არ ტიროდეს, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გენერალი, რომელიც ზეცით მოვლენილი დიდი ადამიანი იყო? როდესაც სიკვდილმა დაგვაშორა ჩვენს გენერალს, ადამიანებს, მთებსა და ცას, ყველაფერს სისხლის ცრემლები სდის. ძვირფასო უმაღლესო მთავარსარდალო!“

69 წლის კიმ ჩენ ირი 1994 წლიდან - მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესი ლიდერისა და უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი თავისი მამისაგან, ჩრდილოკორეელთა „დიდი ბელადისა“ და „ამხანაგ კიმ ირ სენისაგან“ ჩაიბარა - „რკინის ხელით“ მართავდა ჩრდილოეთ კორეას.

სწორედ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დამაარსებლის, კიმ ირ სენის მავზოლეუმის შენობის წინ გაიმართა კიმ ჩენ ირის დაკრძალვის ცერემონია. თუმცა ამით სამგლოვიარო ღონისძიება არ დასრულებულა - 29 დეკემბერს კიმ ჩენ ირის ოფიციალური სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება.

დამკრძალავ კომისიას გარდაცვლილი ლიდერის შვილი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები მმართველი პარტიის ლიდერსა და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს უწოდებენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩაიბარებს თუ არა იგი მთელ ძალაუფლებას. მსოფლიო შიშით ელოდება მომდევნო წლებში მოვლენების განვითარებას ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ხელისუფლება გადაეცემა სუსტ ლიდერს, რომელსაც კორეელები თითქმის არ იცნობენ.
ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი
ახალი ლიდერი კიმ ჩენ ინი

დასავლური მედიის შეფასებით, მამისგან განსხვავებით, კიმ ჩენ ინი, არც შიშს ნერგავს და არც ცბიერებით გამოირჩევა. მას არც სახელმწიფო აპარატთან აქვს განსაკუთრებული კონტაქტები. ახლა კი სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი ჩაუდგება სათავეში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას, რომელიც, როგორც ჩანს, ბირთვულ შეიარაღებას ფლობს.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინი გააგრძელებს მამის, კიმ ჩენ ირის პოლიტიკას, რომელიც უპირატესობას სამხედრო ძალას ანიჭებს. დიდმა სამხედრო ხარჯებმა კი 1990-იან წლებში ქვეყანაში შიმშილის პრობლემა წარმოშვა. გაეროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ამჟამადაც სიღატაკეში ცხოვრობს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში 69 წელს აღწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG