Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „იმედს“ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს-ჯგუფი ფლობს


ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მფლობელები ჰყავს, - ამის შესახებ საინტერნეტო გამოცემა „მედია ჯი“ იუწყება. 29 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. სადაც ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ მითითებული. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის წილები ასე ნაწილდება გიორგი არველაძე - 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და 10%-ს კი ფლობს ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი, გარდაცვლილი მედია-მაგნატ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ტელეკომპანია "იმედი" თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა დაარსა. ტელეკომპანიამ მუშაობა 2007 წლის 7 ნოემბერს, შენობაში პოლიციის სპეც-რაზმის შეჭრის შემდეგ დროებით შეაჩერა. პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ კი "იმედმა" რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები დიდი ხანია ითხოვდნენ ხელისუფლებისაგან, რათა საჯარო გამხდარიყო ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მფლობელთა ვინაობა. არსებობდა ვარაუდები, რომ ამ ტელეკომპანიებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები აკონტროლებდნენ. გიორგი არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. რაც შეეხება, „იმედის“ მფლობელი კომპანიის კიდევ ერთ მთავარ მეწილეს, გიორგი კორახაშვილს, იგი კომპიუტერული კომპანია „ალგორითმის“ პრეზიდენტია. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ალგორითმმა“ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 50 ათასი ლარი შესწირა. 2011 წელს კორახაშვილების კომპანიის „ალგორითმის“ მიერ აშენებულ ქარხანაში დამზადდა პირველ კლასელთათვის განკუთვნილი 60 ათასი ე.წ. „ნოუთბუკი“. აწყობის პროცესს პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
XS
SM
MD
LG