Accessibility links

logo-print
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ მახარაშვილმა 2011 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა. სააგენტო, რომლის ზრუნვის ობიექტიცაა 1300 ბენეფიციარი, - მათ შორის, მზრუნველობას მოკლებული ჩვილი და 18 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და სხვა პირები, ასევე მიუსაფარი მოხუცები, - სულ 2 წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ მუშაობას თამარ მახარაშვილი ”ჩარხის ჩართვას” ადარებს. მისი თქმით, რჩება პრობლემური საკითხები. როგორ აფასებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობას 2011 წლის განმავლობაში?
დღეს ყველა ბენეფიციარი არის დაზღვეული და ის, რასაც ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო პაკეტი, მთლიანად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან...

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის შეფასებით, 2011 წელი იყო გარდამტეხი სააგენტოს მუშაობაში, უპირველეს ყოვლისა, იმ თვალსაზრისით, რომ სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი გაიზარდა. ის პრაქტიკა, როდესაც ბავშვთა სახლებში ქველმოქმედების გზით შესული დახმარება ადრესატამდე არ მიდიოდა, დასრულდა. დაიწყო დიდი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, რაც საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების შექმნას ითვალისწინებს. ასევე, ჩვილი ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და 6-დან 18 წლამდე მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო სერვისები:

”ეს გახლავთ ოთხჯერადი კვება, ასაკიდან გამომდინარე კალორაჟზე გათვლილი; ეს გახლავთ პირადი ჰიგიენისა და ჩაცმა-დახურვის მოწესრიგებული საკითხები; ასევე თემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუგვარებელი - სამედიცინო მომსახურება. დღეს ყველა ბენეფიციარი არის დაზღვეული და ის, რასაც ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო პაკეტი, მთლიანად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან”, - ამბობს თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი. მისივე განმარტებით, 2010 წლიდან მარჩენალდაკარგულ ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დაენიშნათ 55-ლარიანი შემწეობა. როდესაც ბავშვები სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ, ეს თანხა გადაეცემათ. ზრუნვის სააგენტოს მეშვეობით წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიასა და სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობით მოხერხდა 20-მდე სრულწლოვანის დასაქმება და ეს პროცესი გაგრძელდება.
2012 წელს იგეგმება ჩვილ ბავშვთა სახლში დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია...

მომავალი წლის პრიორიტეტებად თამარ მახარაშვილმა შემდეგი გეგმები დაასახელა:

”2012 წელს იგეგმება: ჩვილ ბავშვთა სახლში დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია; ასევე, კრიზისული ცენტრისთვის, სადაც ირიცხებიან ე.წ. ქუჩის ბავშვები, სრული რეაბილიტაციის წელი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებების ადაპტაციის წელი. ხანდაზმულთა პანსიონატის მომვლელების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ვიზრუნებთ. უკვე ვახსენე ჩვილ ბავშვთა სახლი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პალიატიური ზრუნვის განვითარება.”

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შეფასებისას ორგანიზაცია „Every Child - საქართველოს“ დირექტორი ანდრო დადიანი ამბობს, რომ კვების საკითხი მართლაც მოგვარდა და ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა, რაც, მისი შეფასებით, ყველაზე იოლად მოსაგვარებელი საკითხები იყო, თუმცა ის, რაც არ შეცვლილა, არის ზრუნვის ხარისხი:
ამას წინათ მომიწია ბათუმის ურეხის ბავშვთა სახლთან შეხება და ეს არის აბსოლუტური ანარქიის ბუდე, სადაც ამ ბავშვებს ყურადღებას არავინ აქცევს...

”უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვთა სახლები ისევ რჩება ბავშვების საწყობებად. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი: ამას წინათ მომიწია ბათუმის ურეხის ბავშვთა სახლთან შეხება და ეს არის აბსოლუტური ანარქიის ბუდე, სადაც ამ ბავშვებს ყურადღებას არავინ აქცევს, ანუ რეალურად ამ ბავშვებთან არავინ მუშაობს იმაზე, რომ, უბრალოდ, ჭამონ და სვან კი არა, უფრო მეტი, რაღაცას მიაღწიონ. ამ კუთხით თითქმის არაფერი შეცვლილა.”

ანდრო დადიანი იქვე დასძენს, რომ პრობლემა, რომელიც ასევე გადაუჭრელია, არის სრულწლოვან ბენეფიციართა მომავლის უზრუნველყოფის საკითხი, რაც, მისი შეფასებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გარეშე ვერ გადაიჭრება, რადგან საუკეთესო უნარების მქონე ადამიანსაც კი გაუჭირდება დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება.

იმას რომ, მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდვ რჩება ბავშვთა სახლებში, ადასტურებენ სახალხო დამცველის ოფისშიც. 2011 წლის მონიტორინგის შედეგები აპრილში გამოქვეყნდება, ვინაიდან ყურადღება, როგორც სახალხო დამცველის ოფისში ამბობენ, უმთავრესად,ზამთრის პერიოდში არსებულ პრობლემებზე მახვილდება ხოლმე, 2010 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, რომელიც ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტს წარუდგინა, ვითარება არცთუ სახარბიელო იყო:
გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში


”ბავშვთა სახლების სრულ უმრავლესობაში ბავშვები დაუცველნი არიან ბენეფიციართა შორის ძალადობისგან. პრობლემას წარმოადგენს ბავშვის განვითარებისთვის შეუფერებელი და ჯანმრთელობისთვის შეუფერებელი გარემო პირობები: სიცივე (საცხოვრებელ კორპუსებში +7 გრადუსი ტემპერატურაა), არასაკმარისი და დაზიანებული ავეჯი, ყაზარმული ტიპის საძინებელი ოთახები, 16 საწოლი ერთ ოთახში, ბავშვების ასაკისთვის შეუფერებლად მოკლე საწოლები, ანტისანიტარია კვების ბლოკებში.”

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომბუდსმენის ანგარიშები და რეკომენდაციები, თუმცა, მისი თქმით, ის ინსტიტუციები, რომლებიც თავს იყრის სააგენტოს დაქვემდებარებაში, დიდი ოჯახის ტიპის დაწესებულებებია, სადაც, ისევე როგორც ნებისმიერ ოჯახში, პრობლემების აღმოჩენა ყოველთვის იქნება შესაძლებელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG