Accessibility links

გორის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება. საზოგადოებრივი დარბაზის რეგლამენტზე საკრებულოსა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმუშავეს. რეგლამენტის მიხედვით, დარბაზი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მიზნით იქმნება და მასში შესვლა გორის ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. წინასწარ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დარბაზის ძირითადი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მესამე სექტორის წარმომადგენლების აზრით, ეს დარბაზი უნდა გახდეს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები თუ პრობლემები ხელისუფლებამდე პირდაპირი გზით მივიდეს. აღსანიშნავია, რომ, რეგლამენტის მიხედვით, დარბაზის სხდომები საკრებულოს სხდომების წინ გაიმართება და იქ შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული საკითხების ინიცირების უფლება ექნებათ. საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ზაზა ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ, თუ საზოგადოებრივმა დარბაზმა სწორი მიმართულებით იმუშავა, საზოგადოებისთვის არაერთი სიკეთის მოტანას შეძლებს.

დარბაზის შექმნის ინიციატივა თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოვიდა, ეს იდეა საკრებულომაც გაიზიარა და მექანიზმებზე მუშაობა დაიწყო. გორის საკრებულო ბათუმის შემდეგ მეორე იქნება, რომელიც საზოგადოებრივ დარბაზს შექმნის. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის აზრით, დარბაზის ამოქმედება თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ხარისხს გაზრდის.

დარბაზში მოხვედრის მსურველმა ორგანიზაციებმა გორის საკრებულოს აპარატში განცხადებების შეტანა უკვე დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ, რეგლამენტის მიხედვით, დარბაზის მიმართ ანგარიშვალდებულნი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქნებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ყველაზე საინტერესო მაინც ბიუჯეტის საკითხებზე მუშაობა იქნება, რადგან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებისა და მესამე სექტორის პოზიციები ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის ნაწილში ერთმანეთს არ ემთხვევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG