Accessibility links

დღევანდელი პრესა პარლამენტის მიერ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილების შესახებ წერს. სტატიების სათაურებს შემოგთავაზებთ: ”ახალი თაობა” – ”ოპოზიციონერებს ივანიშვილის მიცემულ ფულს ართმევენ”, ”რეზონანსი” – ”ხელისუფლება ოპონენტებს ფინანსურად ატერორებს”, ”24 საათი” – ”ახალი ფინანსური რეჟიმი პოლიტიკური პარტიებისთვის”. ამ სტატიაში წაიკითხავთ: ”ცვლილება ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობას პოლიტიკურ პარტიებთან. როგორც კუბლაშვილმა ”24 საათს” განუცხადა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სამოქალაქო აქტივობა აქვს, ბუნებრივია, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნება.”

რაც შეეხება სხვა თემებს, ”რეზონანსი” ცდილობს გაარკვიოს ”აპირებს თუ არა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ტელევიზიის შექმნას”. გაზეთის წყაროს ცნობით, ”პირველ ეტაპზე ივანიშვილის გუნდი ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნას გეგმავს, ხოლო ცოტა მოგვიანებით მოქმედი ტელევიზიების მეშვეობით აპირებს სერიოზული ტელევიზიის შექმნას”. ”რეზონანსს” ეს ინფორმაცია ივანიშვილის პრესცენტრში არ დაუდასტურეს.

”რეზონანსშივე” დღეს ქვეყნდება გუგული მაღრაძის წერილი, სათაურით - ”პოლიტიკური ცვლილებების ფსიქოლოგიური ასპექტები“. ავტორი წერს: ”როცა უმცირესობა არის საკმარისად მამაცი, უარყოს დადგენილი წესი და წამოაყენოს რაიმე ”აკრძალული ან არალეგალური”, ის უჩვენებს, რომ არის ცხოვრების სხვა მისაღები გზები, რომელთაც შეიძლება სრულიად არ ჰქონდეთ პირდაპირი უარყოფითი შედეგები”.

”ახალ თაობას”, როგორც ავტორი წერს, ”შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა შეატყობინა, რომ ვანო მერაბიშვილი ახალი დეპარტამენტის შექმნას გეგმავს”. იმავე წყაროს თანახმად, მომავალი დეპარტამენტის ”ერთ-ერთი სამუშაო ოპოზიციური პარტიების თვალთვალი, დევნა, დაშინება, შანტაჟი, მოსმენა და ა.შ. იქნება და არა მარტო მათი, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების”.

”ახალ თაობაშივე” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს - ” ‘კაგებეშნიკი’ თემურ ალასანია რუსეთიდან ჩამოყვანილი გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად დანიშნეს”. ქვესათაურია - ”რატომ უხმო საშველად მიხეილ სააკაშვილმა ბიძამისს?”. ავტორი ამ ფაქტზე პარტია ”სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის” გამოხმაურებაზე წერს, შემდეგ თემურ ალასანიასთან გამოცემა ”უიკენდში” გამოქვეყნებულ ინტერვიუსა და უცხოეთის პრესაში მის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებს ახსენებს მკითხველს.

”საქართველოს რესპუბლიკაში” დღეს ორი გვერდი ეთმობა სტატიას, სათაურით - ”ერის ყველაზე დიდი სატკივარი”. ავტორი ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე წერს: ”საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იმდენად შემცირდა შობადობა და გაიზარდა მოკვდაობა, რომ შეუძლებელი ხდება თაობათა ერთი და იგივე რაოდენობით განახლება. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ზოგიერთი ისტორიული პროვინცია მოსახლეობისგან დაიცლება და დაცარიელებულ ადგილებს სხვა ეროვნების ხალხი დაიკავებს - სხვა კულტურით, რელიგიური აღმსარებლობითა და სხვა ცხოვრების წესით.”

დღეს გამოვიდა ჟურნალი ”ლიბერალი”, რომელშიც ქვეყნდება ინტერვიუ კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროს სპეციალისტ ტომას დე ვაალთან. ის ამბობს: ”ერთია - იყო ხელგაშლილი და კეთილშობილი, როცა სერიოზული ოპოზიცია არ გყავს, თუმცა სულ სხვაა, როცა არსებობს იმის რისკი, რომ არჩევნები შენს სასარგებლოდ არ დასრულდება. საქართველოში და, ზოგადად, მთელ სამხრეთ კავკასიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას ძალაუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით არ დაუთმია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ასეთი რამ მოხდა, 1990 წელს ჩატარებული არჩევნები იყო და ისიც დამოუკიდებლობის აღდგენამდე მოხდა. ვფიქრობ, რომ მოქმედი ხელისუფლება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ არის, თუმცა მინდა ვცდებოდე. მისი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ის იქნება, თუ მშვიდობიანად შეიცვლება.“
XS
SM
MD
LG