Accessibility links

logo-print

2011 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შესამჩნევი გახდა


აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროცესი

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროცესი

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა, ნაცვლად ნავარაუდევი ოთხ-ნახევარი პროცენტისა, ექვს პროცენტზე მეტად გაიზარდა - ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა არცთუ სახარბიელო ვითარებაშია, ხოლო ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიზეზი ძირითადად ის რეფორმებია, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე ხორციელდება.

2011 წლის დასაწყისში მსოფლიოს ეკონომიკაში, ძირითადად კი ევროპაში მიმდინარე პროცესები საქართველოს მთავრობას თამამი პროგნოზების გაკეთების საფუძველს არ აძლევდა. ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკა 4 პროცენტზე ოდნავ მეტად გაიზრდებოდა, მაგრამ ამ ვარაუდსაც სერიოზული საფრთხე დაემუქრა. საქმე ისაა, რომ 2010 წლის მეორე ნახევარში განვითარებული ინფლაციური პროცესები 2011 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო გამწვავდა და მაისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 14 პროცენტს გადააბიჯა. მთავრობა შეეცადა თავი ემართლებინა და ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის, შაქრისა და წიწიბურას გაძვირებას გადააბრალა. მთავრობას მხარი აუბა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომლის უწყების ხელშია ინფლაციის რეგულირების უამრავი მექანიზმი.
მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ არის ...

მიუხედავად გიორგი ქადაგიძის განცხადებისა, ეროვნულმა ბანკმა იმ პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომელიც სულაც არ გულისხმობდა გარე ფაქტორების ზეგავლენის შემცირებას. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ანუ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირებით, 2011 წლის პირველი ნახევრის ბოლოს ინფლაციის ტემპმა კლება დაიწყო. მაგრამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ინფლაციის უქონლობას:

”მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ არის, თუმცა როდესაც ინფლაციის ზრდის ტემპი მცირდება, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ინფლაცია აღარ არის. ინფლაცია კვლავ არის. უბრალოდ, ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდა, ანუ აღარ არის ისეთი მაღალი ინფლაცია, როგორიც იყო შარშან და როგორიც იყო წლის დასაწყისში.”

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობა

წლის მიწურულს ინფლაციის მაჩვენებელმა 2 პროცენტი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ 2 პროცენტით გაიზარდა. ამას აღნიშნავენ რიგითი მოქალაქენიც, რომლებიც ზოგიერთი პროდუქციის გაიაფებასა თუ ფასების უცვლელობაზე საუბრობენ:

”ყველაფერს აწერია და ისევ ის ფასები არის.”
”წიწიბურამ დაიკლო მხოლოდ, სხვას არაფერს დაუკლია. ზეთმა დაიკლო კიდევ... რაც იყო ფასები, ისევ ის არის, სხვას არაფერს დაუკლია.”

სამომხმარებლო ფასების სტაბილიზაციის გარდა, მთავრობამ მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილიზაციაც შეძლო, რაც საქართველოს საერთაშორისო სუვერენული რეიტინგების გაუმჯობესების მიზეზად იქცა. წლის ბოლოს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ”ფიტჩმა” და ”სტანდარდ ენდ ფურსმა” - საქართველოს ”ბი პლუსის” ნაცვლად ”ორი ბი მინუსი” მიანიჭა, რაც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს არსებულ რეალობაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას კომენტარი:
გვესმის, რომ არის უმუშევრობის პრობლემა. გვესმის, რომ ადამიანები ეძებენ სამსახურს და ვერ პოულობენ ...

”ჩვენ, საქართველო და ყაზახეთი ვართ ერთადერთი ქვეყნები, სადაც სარეიტინგო კომპანიებმა ასწიეს რეიტინგი. ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ეფექტი ყველა სფეროზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ წელს გაიზარდა მრეწველობის სფერო, ტურიზმის სექტორიც, მშენებლობა და ტრანსპორტის გადაზიდვებიც გაიზარდა.”

აქვე აღსანიშნავია საბანკო სექტორის რეკორდული მოგებაც და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდაც, თუმცა ამგვარ ეკონომიკურ აქტივობას არ მოჰყოლია უმუშევრობის საგრძნობი შემცირება. ის, საქსტატის თანახმად, თითქმის ერთ პროცენტს შეადგენს, უმუშევრობის დონე კი 16 პროცენტს აღემატება. მთავრობამ უმუშევრობის დასაძლევად ახალი ინიციატივა წამოაყენა „10 პუნქტიანი გეგმის“ სახით. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, გეგმის შემუშავება იმ პრობლემების გაცნობიერებამ გადააწყვეტინა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს:

ნიკა გილაური

ნიკა გილაური

”გვესმის, რომ არის უმუშევრობის პრობლემა. გვესმის, რომ ადამიანები ეძებენ სამსახურს და ვერ პოულობენ, ან მათ აქვთ სამსახური, მაგრამ ანაზღაურება არ არის ადეკვატური. გვესმის, რომ არის პრობლემები გადამზადებასთან დაკავშირებით, არის პრობლემა განათლებასთან დაკავშირებით. ჩვენ სწორედ ამ 10 პუნქტიან გეგმაში ყველა ამ პრობლემას მივმართავთ. ჩვენ ამ 10 პუნქტიან გეგმაში ვცდილობთ, რომ ავსახოთ ყველა ეს პრობლემა და ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება შევთავაზოთ საზოგადოებას.”

ამ გეგმის განხორციელება, ანუ პენსიების გაზრდა, პენსიონერებისთვის სადაზღვევო პაკეტების გადაცემა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და სხვა ღონისძიებები მომავალი წლის ამოცანაა.

ვფიქრობ, რომ ეს არის იმ რეფორმების შედეგები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, კონკრეტულად - ეკონომიკური თავისუფლებისკენ მიმართული რეფორმები ...
დავუბრუნდეთ გასულ 2011 წელს. ამ წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობა იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისისთვის ეს უფრო პოლიტიკური სარგებლის მომტანია, ვიდრე ეკონომიკურისა.

ასევე ეკონომიკურზე უფრო მეტ პოლიტიკურ მნიშვნელობას ხედავენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაში. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით საგრძნობ ეკონომიკურ სარგებელს იმ შემთხვევაში მოელის, თუ ქვეყანა ბიზნესის წარმოების სიმარტივეს შეინარჩუნებს. მისი განცხადებით, გასულმა წელმა აჩვენა, რომ სწორედ ლიბერალური რეფორმებია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა:

გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

„ვფიქრობ, რომ ეს არის იმ რეფორმების შედეგები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, კონკრეტულად - ეკონომიკური თავისუფლებისკენ მიმართული რეფორმები. არსებობს დაუმთავრებელი საკითხებიც, არსებობს კიდევ გადასადგმელი ნაბიჯები, არსებობს უკანდახევებიც, სამწუხაროდ. მიუხედავად ამისა, ზოგადი ჩარჩო, ზოგადი მიმართულება, რაც ავიღეთ, გასაგები ენა არის ინვესტორებისთვის, ეკონომიკური აგენტებისთვის. ამან საკმაო სტაბილურობა შეიძინა. 2011 წელს ასევე წავედით ინფლაციის დამშვიდებისკენ.“

გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარების დონით ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეს. კერძოდ, იმისათვის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ამჟამინდელ საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდეს, საჭიროა ეკონომიკა დაახლოებით 25 წლის მანძილზე 10 პროცენტით მაინც იზრდებოდეს. 2011 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტზე ოდნავ მეტად გაიზარდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG