Accessibility links

logo-print

ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას, სახელწოდებით ”ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე”. გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული ნიმუში მეთორმეტე-მეოცე საუკუნით თარიღდება. გამოფენის მიზანია ფართო საზოგადოებას წარუდგინოს ხელოვნების მუზეუმში არსებული რესტავრირებული ნაქარგობისა და ქსოვილების უნიკალური კოლექცია.

გიორგი მერვის „გარდამოხსნა“ 1612 წელს საქართველოდან, სიონის ტაძრიდან, შაჰ-აბასმა გაიტაცა...
გამოფენა, სახელწოდებით ”ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე”, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა საშობაო დღესასწაულს მიუძღვნეს. დიდ დარბაზში 80-მდე ნიმუშია გამოფენილი - ხალიჩები, სუფრები, ქალისა და მამაკაცის სამოსი, სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, საეკლესიო ნივთები. მათგან ყველაზე უძველესი თითქმის ათ საუკუნეს ითვლის. საბუხართე წყვილი კაცხის მონასტრიდან მეთორმეტე საუკუნით თარიღდება. ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია გიორგი მერვის „გარდამოხსნა“, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში შეიქმნა. აბრეშუმის ქსოვილზე, ოქრომკედითა და ვერცხლმკედით შექმნილი ნამუშევარი დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მისი აღდგენა დაახლოებით 25 წლის წინ ცნობილმა რესტავრატორმა ნინო სვანიძემ შეძლო. იზოლდა მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მერვის „გარდამოხსნას“ გამოფენის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევს და მის შესახებ რადიო თავისუფლების მსმენელს ერთ ამბავსაც უყვება:

”გიორგი მერვის „გარდამოხსნა“ 1612 წელს საქართველოდან, სიონის ტაძრიდან, შაჰ-აბასმა გაიტაცა. დაცინვის და დამცირების მიზნით, თავის ცხენს გადააფარა. როგორც ისტორიკოსები წერენ, ამ ამბიდან ძალიან მალე მთელ ირანში შავი ჭირი გავრცელდა და უამრავი ადამიანი დაიღუპა და შეშინებულმა შაჰ-აბასმა დიდი ძღვენის თანხლებით გიორგი მერვის „გარდამოხსნა“ უკან, კვლავ სიონის ტაძარში, დააბრუნა.”

ნინო სოხაშვილი ის ახალგაზრდა რესტავრატორია, რომელიც ქსოვილებსა და ნაქარგებზე უკვე წლებია მუშაობს. გამოფენაზე მისი არაერთი რესტავრირებული ნიმუშია წარმოდგენილი. მის ნამუშევართა შორისაა თეკლა ბატონიშვილის სუზანი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნით თარიღდება, აბრეშუმის ქსოვილითა და ვერცხლმკედით შექმნილი სუფრა. თუმცა ნინო რადიო თავისუფლებასთან თავის მიერ რესტავრირებულ ერთ-ერთ ნიმუშს გამოარჩევს. მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით შემკული მიტრა შუშის ყუთშია მოთავსებული.

”მიტრა მთლიანად იყო დაშლილი. პირველ რიგში ის კანონიკური წესით აღვადგინეთ და შემდგომ მთლიანად შევკარით კომპოზიცია და დავუბრუნეთ პირვანდელი მდგომარეობა. ამ ნიმუშის აღსადგენად ორწელიწადნახევარი დამჭირდა. დიდი გამძლეობაა საჭირო იმისათვის, რომ რესტავრაცია სრულყოფილად შეასრულო. თუკი არ ხდება კონცენტრირება და თუკი ადამიანი შინაგანად არ გრძნობს თავს მშვიდად და მოთმინების უნარითა და დიდი სიყვარულით არ არის აღჭურვილი, ვერ შეძლებს, რომ ერთი საქმე წლების მანძილზე აკეთოს და წინ მხოლოდ მილიმეტრებით და სანტიმეტრებით წაიწიოს”, - ამბობს ნინო სოხაშვილი.

აი, ეს დაფარნა ჩემ მიერ რესტავრირებული ერთ-ერთი ნიმუშია. მისანიშნებლად ფოტოზე დადებული მაქვს პატარა ძაფები ...
ქართული მხატვრული ნაქარგობა, შუა საუკუნეების ხელოვნების უძველესი დარგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის - ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში მრავალფეროვანი კოლექციებითაა წარმოდგენილი. როგორც მუზეუმის თანამშრომლები ჰყვებიან, ეს არის ეროვნული თავისებურებებით გაჯერებული მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც გამორჩეული ადგილი მოიპოვეს ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში.

გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს თან ერთვის ფოტომასალა, ანუ ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია ნიმუშები რესტავრაციამდე და რესტავრაციის პროცესში, რაც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, თვალი გაადევნოს რესტავრაციის ურთულეს პროცესს, შეადაროს და პარალელი გაავლოს ექსპონატის ძველსა და ახალ მდგომარეობას შორის, იხილოს იმ მეთოდის უპირატესობა, როდესაც რესტავრატორი ხელუხლებელს ტოვებს ნივთის დაუზიანებელ ნაწილს, ახდენს მის კონსერვირებას, ხოლო დაზიანებულს აფიქსირებს ისე, რომ მას ძველ იერს არ უცვლის. რესტავრატორი ნანა ჯავშანაშვილი თავის მიერ აღდგენილი ნიმუშების ჩვენებისას თან ფოტოებს გვათვალიერებინებს და ცდილობს აგვიხნას რესტავრაციის რთული პროცესი:

”აი, ეს დაფარნა ჩემ მიერ რესტავრირებული ერთ-ერთი ნიმუშია. მისანიშნებლად ფოტოზე დადებული მაქვს პატარა ძაფები. ეს არის ნაწილი იმ ძაფებისა, რომელიც შემოსდევდა შუა ნაწილს. ისიც კი გადავარჩინე იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო. ნიმუში ძალიან იყო დაზიანებული, რადგან შეიცავდა არასასურველ ფენებსა და შრეებს. ის განთავისუფლდა ამ დანამატებისაგან, დავიდა საფუძვლის დონემდე და შემდეგ იქნა ხელახლა აღდგენილი”, - ამბობს ნანა ჯავშანაშვილი.
სწორედ ჩვენს გვერდზე არის შენობა, რომლის მომზადება მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით, რათა საუკეთესო სარესტავრაციო-საკონსერვაციო ცენტრი გაკეთდეს ...

ერთმა უცხოელმა დამთვალიერებელმა მითხრა, ასეთი გამოფენა პარიზში რომ გამართულიყო, ამ თვის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცეოდაო, ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ირწმუნება, რომ მსგავსი კოლექცია მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს შეშურდებოდა. რა რესურსები არსებობს ხელოვნების მუზეუმში იმისათვის, რომ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნიმუშები სათანადოდ იყოს შენახული? - ამ კითხვაზე დავით ლორთქიფანიძემ ასე გვიპასუხა:

”სწორედ ჩვენს გვერდზე არის შენობა, რომლის მომზადება მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით, რათა საუკეთესო სარესტავრაციო-საკონსერვაციო ცენტრი გაკეთდეს. ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიული აღჭურვა, ასევე ველოდებით ახალ აპარატურას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ პირველად დიაგნოსტიკას, ანუ პირველადი დაავადებების მოცილებას ნებისმიერი ნიმუშისთვის. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. მე ამ ყველაფერს უმაღლესი რანგის მედიცინას შევადარებდი.”

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ პირადად გაესაუბრონ ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის რესტავრატორებსა და თანაშრომლებს და მოისმინონ თავიანთი ინტერესისა და ასაკის შესაბამისი მცირე ლექცია-საუბრები რესტავრაციისა და ნაქარგობის შესახებ.
XS
SM
MD
LG