Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის მოლოდინში


რამდენიმე საათიც და ახალი, 2012 წელი დადგება. ახალი წლის შესახვედრად ტრადიციულად ემზადება საქართველოც. აქტიური საახალწლო სამზადისია როგორც ოჯახებში, ისე ქუჩებსა და ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. ამ მხრივ წელს საქართველოში 3 ქალაქი გამოირჩევა: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

ის, რომ ბათუმში ახალი წლის ღამეს ცნობილი ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი ქართველ მომღერლებთან ერთად გამოვა სცენაზე, საინფორმაციო საშუალებებით დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. გრანდიოზული საახალწლო შოუსთვის ემზადება ქუთაისიც, კონცერტებია დაგეგმილი რამდენიმე დიდ ქალაქშიც. თბილისში კი დღეს დილიდან განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ სხვადასხვა თეატრალური და საესტრადო-მუსიკალური ანსამბლები. სპეციალური პროგრამაა გათვალისწინებული ბავშვებისთვისაც. ახალი წლის ღია ცის ქვეშ შეხვედრის მსურველთათვის კი კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ნეკა სებისკვერაძე ამბობს:

”გალა-კონცერტის სამზადისი დამთავრდა, იქნება ძალიან ენერგიული კონცერტი და ხალისიანი მუსიკალური განწყობა, ყველა პოპულარული მომღერალი წარდგება ახალი წლის სცენაზე 11 საათზე მაყურებლის წინაშე და სასიამოვნოდ ჩაივლის ახალი წლის ღამე.“

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია 3 დღის განმავლობაში თბილისელებს ავტობუსით და მეტროთი უფასოდ მგზავრობის საშუალებას აძლევს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ამბობს:

”ასევე 31-ში, ღამით, სამი საათით გაგრძელდება მეტროს მუშაობა და იმუშავებს გამთენიის სამ საათამდე.”

თბილისელები კი საზეიმო განწყობაზე არიან და მომავალ წელს საუკეთესო იმედებს უკავშირებენ:

”მშვიდი და წყნარი ცხოვრება იყოს ჩემს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში და ჩემი ქვეყანა ერთიანი მენახოს. ბედნიერები იყვნენ ჩვენი საყვარელი ადამიანები და ყველანი.”

”გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, მოშენებას, მომრავლებას და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას. ისეთ საქართველოში, ”პირველი არხი”, ”რუსთავი 2” და ”იმედი” რომ გვაჩვენებს.”

”ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერს კარგს ველი.”

”ვუსურვებ მთელ საქართველოს გამთლიანებას. ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს.”

წინასაახალწლო განწყობა დაამძიმა ცნობამ იმის შესახებ, რომ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა. იგი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

ახალი წლის ღამეს ოჯახებთან ერთად შეუერთდება იმ მსჯავრდებულთა ნაწილიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა. შეწყალებულთა შესახებ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა:

”საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა 114 მსჯავრდებული. შეწყალებულთა შორის 75 ადამიანს შეეხო სრული შეწყალება, 13-ს გაუნახევრდა სასჯელი, ხოლო პირობითი სასჯელი მოეხსნა 26 ადამიანს.”

თავის მხრივ, 400-ზე მეტ საქმეზე მსჯელობის შემდეგ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 55 მსჯავრდებულზე.
XS
SM
MD
LG