Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 გათავისუფლებული და ზარდიანთკარელების იმედი


პატიმრების გაცვლა
პატიმრების გაცვლა
ახალი წელი 25 ოჯახისთვის განსაკუთრებული იყო. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა გასული წლის ბოლოს დაკავებულები ერგნეთის საგუშაგოზე გაცვალეს. ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ 12 ქართველი და 13 ოსი, უკვე ყოფილი პატიმარი, ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ დვანის ბოლო შეხვედრაზე მიიღეს. ამ პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ არაერთ ოჯახს ჩაესახა იმედი, რომ მოლაპარაკების პროცესი 2012 წელს უფრო შედეგიანი იქნება.

მეოთხე ახალ წელს უსტატუსო ზარდიანთკარელი დევნილები გორის საბავშვო ბაღების შენობებში შეხვდნენ. 35 ოჯახი აგვისტოს ომის შემდეგ დევნილის სტატუსის მინიჭებას ან საკუთარ სოფელში დაბრუნებას ითხოვს. მათ არც სტატუსს აძლევენ და უსაფრთხოების არარსებობის გამო არც სახლებში აბრუნებენ.

ციცინო ელიკაშვილი 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად გორის მეოთხე საბავშვო ბაღის ერთ პატარა ოთახში შეხვდა ახალ წელს. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სადღესასწაულო განწყობა არ ჰქონია. საკუთარი პრობლემების შესახებ ციცინო ცრემლმომდგარი გვესაუბრება. მისი საახალწლო სურვილი საკუთარ სოფელში დაბრუნებაა.

ნელი მკლავიშვილი გორის პირველი საბავშვო ბაღის ერთ ოთახში ცხოვრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას უსტატუსო დევნილების არსებობა ახალ წელსაც დაავიწყდა, მაგრამ იმედი მაინც რჩება, რომ მათი სოფლის საკითხი წელს მაინც გაირკვევა.

სოფელი ზარდიანთკარი ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის არის მოქცეული და უკონტროლო ტერიტორიად ითვლება. ზარდიანთკარელების აზრით, თუ რუსი მესაზღვრეები სოფლიდან ოდნავ მოშორებით გადაინაცვლებენ და ქართული პოლიციაც უსაფრთხოების გარანტიას შექმნის, მაშინ სოფელში დაბრუნება უკვე შესაძლებელი გახდება. უსტატუსო დევნილებს 2011 წლის ბოლოს მიღწეულმა შეთანხმებამ პატიმრების გაცვლის თაობაზე იმედი ჩაუსახა, რომ წელს მათი სოფლის შესახებ პოლიტიკური მოლაპარაკებებიც წარმატებული იქნება, უსტატუსო დევნილობა დასრულდება და მომავალ ახალ წელს უკვე ზარდიანთკარში შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG