Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2011 წლის სარკეში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მისწრაფებად კვლავაც რჩებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მთავარ პრობლემად - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო მთავარ საფრთხედ - დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან. შეიძლება ითქვას, სწორედ ამ ტენდენციების გარშემო იყრის თავს საქართველოს 2011 წლის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მოვლენები.

2011 წელს საქართველო კვლავაც აქტიურად გამოხატავდა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების სურვილს, ხოლო თბილისი გამოთქვამდა კმაყოფილებას, რომ წინგადადგმული ნაბიჯები სულ უფრო ამოკლებს ამ საერთაშორისო სტრუქტურებამდე დარჩენილ მანძილს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 12 დეკემბრით დათარიღებულ მოვლენაზე, როდესაც ევროკავშირმა გახსნილად გამოაცხადა მოლაპარაკებები საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დასრულება და შეთანხმების გაფორმება მაქსიმუმ წელიწადნახევარში გახდება შესაძლებელი, რაც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრის კარს გაუხსნის.

”ჩვენ ვიცით, რა ეკონომიკური პრობლემებია ევროპაში, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს პროდუქციისთვის გასვლა ევროკავშირის ბაზარზე - ეს არის საქართველოს ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი.”

პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, 2011 წელს ხელისუფლების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა და ძალიან ბევრჯერ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბაზარი, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს ითვლის, საქართველოსთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ ვიდრე ამ ბაზარზე შესვლას შეძლებს, საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება ევალება. ხელისუფლება არ იზიარებს ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მიმდევრების შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილების პროცესში ზედმეტმა რეგულაციებმა შესაძლოა საქართველოს ინტერესებიც დააზარალოს.

წინსვლით კმაყოფილების მიუხედავად, თბილისი აცნობიერებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არცთუ მოკლევადიანი პერსპექტივაა და წინააღმდეგობას ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ პრობლემებით დამძიმებულ ევროკავშირში გაფართოებაზე ფიქრი ამ ეტაპზე აბსოლუტურად უადგილო თავის ტკივილად მიაჩნიათ.

განსხვავებული ვითარებაა ნატოსთან მიმართებით. თბილისს აქ მეტი იმედი აქვს, რადგანაც ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას არცთუ შორეულ მომავალში ხედავს. იმედი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ კომუნიკეში საქართველო ”გაწევრიანების მოსურნე პარტნიორ ქვეყანად” (aspirant partner) მოიხსენიეს. ამასთან, 2011 წელს არაერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ეს ერთგულება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც არაერთხელ დაადასტურა და მათ შორის - ნოემბრის დასაწყისში, როცა ის თბილისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებთან ერთად სტუმრობდა. მაგრამ ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმოუდგენელია საქართველოს ნატოში გაწევრიანების თუნდაც სავარაუდო თარიღის პროგნოზირება, რადგანაც ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მონდომებაზეა დამოკიდებული.

გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამების შესრულების პროცესში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ სასურველია მეტი პროგრესი. განსაკუთრებული აქცენტი მაინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მომავალ არჩევნებზე კეთდება:

”განაგრძეთ დემოკრატიის გაძლიერება, განაგრძეთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი ბოძების მშენებლობა. ესენია: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. განსაკუთრებით კი, განაგრძეთ მოძრაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირების მიზნით. 2012 და 2013 წლების არჩევნები თქვენი დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. და ჩვენ ველით აუცილებელ რეფორმებს.”

ნოემბერში, თბილისში სტუმრობის დროს, ანდერს ფოგ რასმუსენს ბევრჯერ ჰკითხეს, თუ რას ჰპირდება ნატო საქართველოს მომავალ სამიტზე, რომელსაც 2012 წლის მაისში შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო უმასპინძლებს. მართალია, ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არც ამ დრომდე არსებობს, მაგრამ საქართველოს ეიმედება მხარდაჭერა, რომელსაც ამ პროცესში შეერთებული შტატების მხრიდან გრძნობს. ამ მხარდაჭერაზე 16 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმაც ილაპარაკა და მომავალ სამიტთან მიმართებით ახსენა პროგრესი, რომელიც, მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ აღნიშნეს:

”ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მომდევნო წელს შეიკრიბებიან ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, იქ ეს პროგრესი ღირსეულად იქნება შეფასებული და იქნება სერიოზული საუბარი იმაზე, წინსვლისათვის რა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. რა ფორმით, რა ფორმატში, რა სიტყვებით იქნება ეს გამოხატული - ეს არის ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საგანი და ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ალიანსის წევრებთან, რომ მიღებული იქნეს ერთობლივი მიდგომები.”

თუკი შეერთებული შტატების მხარდაჭერის თემას გავაგრძელებთ, უნდა გავიხსენოთ 29 ივლისს სენატში ერთხმად დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ საქართველოს რეგიონებად აღიარებს. ”მეტად მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილებით და ნათელი მესიჯით, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ვუგზავნით. სიტუაცია მყიფე და მოუგვარებელი რჩება, რადგანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები“, - აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, ხსენებული რეზოლუციის ინიციატორმა, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან ერთად.

საქართველოს რეგიონები ასევე ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” არის აღიარებული რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 17 ნოემბერს დაამტკიცა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს „საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონები ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნოს“. აქვეა მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დაასრულოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ევროპელი მეთვალყურეების შეშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ცალმხრივ სამშვიდობო ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და მოუწოდებს რუსეთს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რეზოლუციებს ჯერ პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოუტანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე დიდ მიღწევად თვლის ტენდენციას, რომ მსოფლიოს სულ უფრო უკეთ ესმის საქართველოს ხმა:

”ჩვენი სიმართლე იქნა გაზიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუხედავად იმ დიდი პროპაგანდისტული საქმიანობისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა ომის დღეებშიც და ომის მერეც. ის, რომ რუსეთი არღვევს 12 აგვისტოს შეთანხმებას, ის, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო მისიების აღდგენა ამ ტერიტორიებზე - ეს არის პოზიცია, რომელსაც იზიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო.”

”ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არათუ დარჩა, არამედ გაძლიერდა თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა”, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 7 ოქტომბერს, როცა ის თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართავდა. თუმცა 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმების მთავარი შუამავალი, ნიკოლა სარკოზი, ამ კონტექსტში პირდაპირ არ ასახელებს, თუ რომელი ქვეყანა არ გადის საქართველოს ტერიტორიიდან ანდა რა ჰქვია ამ ყველაფერს.

სამაგიეროდ, ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და საქართველოს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს და მხარეებს ერთგვარ რეცეპტსაც კი სთავაზობს:

”ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს უნდა მიენიჭოს. ნდობის აღსადგენად უნდა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები. ეს მიუღებელია. ნდობის აღდგენის მიზნით, თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და რომ მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერანაირად ვერ ჩაენაცვლება.”

მოწოდება პირდაპირი დიალოგისკენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სხვა დროსაც არაერთხელ გაისმა, თუმცა მოწოდება ჯერ ისევ მხოლოდ მოწოდებად რჩება: მოსკოვი თბილისს, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ აღიარებს, ხოლო თბილისი მოსკოვთან დიალოგზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება, თუკი კრემლი მზად იქნება აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს წინასწარი პირობა კარგად გამოიკვეთა 23 დეკემბერს, როცა პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა. აქვე ვთქვათ, რომ ამ კონცეფციაში ძირითად ადგილს სწორედ რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები იკავებს.

რუსეთი და საქართველო 2011 წელს ისევ შვეიცარიის შუამავლობით და ძირითადად 2 მიმართულებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს: თუკი პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოუტანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და თანათავმჯდომარეები ისევ ამაოდ მოუწოდებენ რუსეთს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულების აღებისკენ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებით ხანგრძლივი და გაჭიანურებული პროცესი ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით დასრულდა. შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებებს მხარეები რამდენიმეთვიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ დასთანხმდნენ.

საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ძალისხმევით, საქართველომ და რუსეთმა ორმხრივ შეთანხმებას ნოემბრის დასაწყისში მოაწერეს ხელი და თბილისი ამ დოკუმენტს, რომლის ტექსტიც არ გამოქვეყნებულა, ხელსაყრელად მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშიც. მოსკოვის საპირისპირო მოსაზრების მიუხედავად, თბილისი მეტად მნიშვნელოვნად თვლის საერთაშორისო მონიტორინგის დაწესებას იმ სავაჭრო კორიდორებში მოძრავ ტვირთებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს მოიცავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG