Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი ქართულ-ოსურ ოჯახში


წეროვანის დევნილთა დასახლება
წეროვანის დევნილთა დასახლება
ქართულ-ოსური ოჯახის დიასახლისი ზარეტა ყულუმბეგოვა ახალ წელს მეუღლესა და შვილებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში შეხვდა. საახალწლო სუფრაზე ოსური ხაბიზგინები, იმერული ხაჭაპური, გოზინაყი, ცივად მოხარშული დედალი და ღვინო იდგა. სუფრის გაშლაში დედას ქალიშვილებიც მიეხმარნენ. შერეული ოჯახის წევრებმა პირველ სადღეგრძელოდ მშვიდობისა თქვეს, შემდეგ შერიგებისა, ქართველი და ოსი ნათესავებიც დალოცეს. ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს დროს კი ზარეტას ცრემლები წამოუვიდა - მას ბავშვობა და ცხინვალში გატარებული დღეები გაახსენდა. ზარეტას და მის შვილებს ყველაზე მეტად გული იმაზე სტკივათ, რომ ქართველებსა და ოსებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. ეს იარა მუდამ თავს ახსენებთ და მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ შერიგება მოხდეს.

გასულ წლებს ნოსტალგიით იხსენებს ზარეტას ქალიშვილი ეკა დათაშვილი. მისი თქმით, თამარაშენში გატარებული დღეები დაუვიწყარია, რადგან ადრე წარმომავლობას ყურადღებას არავინ აქცევდა, ქართველები და ოსები ერთმანეთს ოჯახებში ეპატიჟებოდნენ, ლხინი კი თითქმის ორ კვირას ძველით ახალ წლამდე გრძელდებოდა.

ეკა დათაშვილს ყველაზე მეტად 2007 წლის ახალი წელი დაამახსოვრდა - დებთან ერთად ცხინვალში ნათესავებთან გაიპარა და ახალ წელს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეხვდა. ამ დროს ვითარება უკვე დაძაბული იყო, ცხინვალსა და თამარაშენს შორის არსებული გზაც შეიარაღებულ პირებს გადაკეტილი ჰქონდათ, მაგრამ დებმა ოს ნათესავებამდე მისვლა მაინც მოახერხეს. მათი გაკვირვება კი ყველაზე მეტად იმან გამოიწვია, რომ ერთ-ერთ ოსურ ოჯახში გადაიპატიჟეს და ქართველი ქალის სადღეგრძელო ფეხზე წამომდგრებმა დალიეს.

მთავარ საახალწლო სურვილად ზარეტა ყულუმბეგოვამ და მისმა სამმა ქალიშვილმა ქართველების და ოსების შერიგება და სოფელ თამარაშენში საკუთარ კარ-მიდამოზე დაბრუნება ჩაუთქვეს. წლიდან წლამდე ეს სურვილი არ იცვლება, მაგრამ დევნილობაში მყოფი ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე ის აუცილებლად ასრულდება.
XS
SM
MD
LG