Accessibility links

logo-print

შეცვლილი კანონი: ოპოზიციურ პარტიებს ფულის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ


ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მათთვის გადარიცხული თანხების სამი დღის ვადაში უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. ეს ფაქტი ცნობილი გახდა 29 დეკემბერს საღამოს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კრიტიკულ განცხადებას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით სახელისუფლო გუნდის წევრების განმარტებები მოჰყვა. ამ განმარტებების მიხედვით, კანონს არანაირი უკუქცევითი ძალა არა აქვს. 30 დეკემბერს კი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ, ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ზეწოლის შედეგად, კანონი ჩაასწორა.

ხელისუფლება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ჩასწორებას უარყოფს. 30 დეკემბერს მესამე მოსმენით მიღებული და ”საკანონმდებლო მაცნეში” უკვე გამოქვეყნებული კანონის თაობაზე განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ მიღებულ კანონს არანაირი უკუქმედების ძალა არა აქვს:

”მათ შორის, არც იმ კონკრეტულ პარტიებთან მიმართებით, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი. თუ სხვა ტიპის დარღვევა არ იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ჩვენი ახლად გამდიდრებული კოლეგები ახალ წელს ისევ მილიონერების რანგში შეხვდებიან.”

29 დეკემბერს, ღამით, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე იგივე განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო: "ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია."

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრს, ირაკლი ჩიქოვანს, ვერ გაუგია, რატომ უნდა ენდონ პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების ზეპირ განცხადებებს, მაშინ როდესაც კანონის საბოლოოდ გამოქვეყნებული მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია:

”ის ფორმულირება, რაც დღეს არსებობს, ბუნდოვნი და გაუგებარია და იძლევა მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას და გამოდის, ჩვენ სიტყვაზე უნდა ვენდოთ ზოგიერთ პარლამენტარს, რომ რასაც ჩვენ ვშიშობდით, ეს სინამდვილეში ამას არ ნიშნავს. მაგრამ რომ დარჩენილიყო ის ფორმულირება, რაც თავის დროზე წამოაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შეიტანა პარლამენტში, მაშინ პოლიტიკურ პარტიებს მოუწევდათ იმ თანხების დაბრუნება, რაც იურიდიული პირებისგან ჰქონდათ მიღებული და აქამდე არ დაეხარჯათ.”

ირაკლი ჩიქოვანს ხელთ აქვს კანონის ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტში მესამე მოსმენისას დარიგდა, ასევე პარლამენტის სხდომის სტენოგრამა. არსად ცვლილებებზე ლაპარაკი არ არის. ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად კი, გამოქვეყნებული ვერსია მათგან განსხვავდება.

იმაზე, რომ კანონი ჩასწორდა, ლაპარაკობს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძეც:

” ფაქტია, რომ ეს ჩასწორება არის ხელისუფლების ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მკვეთრ და კრიტიკულ შეფასებაზე. დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც იძულებულნი გახდნენ გაეკეთებინათ შენიშვნა უკვე მიღებულ კანონში", - განაცხადა თარგამაძემ 30 დეკემბერს.

კანონი რომ პირდაპირ ”საკანონმდებლო მაცნეში” აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა, ამას აცხადებს” რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელიც, რომელიც ამბობს, რომ ამის დამადასტურებელ ფოტომასალასაც წარმოადგენს.

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის და რა ვითარებაში ჩასწორდა კანონი, თუმცა აცხადებენ, რომ მესამე მოსმენით პარლამენტში გატანილი და უკვე გამოქვეყნებული კანონის მეორე მუხლი ერთმანეთისგან განსხვავდება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ არასამთავრობოები კანონის იმ ვერსიასაც აპროტესტებდნენ, რომელიც პარლამენტში მესამე მოსმენით გავიდა, რადგან მეორე მოსმენის დროს სადავო მეორე მუხლი კანონში საერთოდ არ იდო და ის მასში მხოლოდ მესამე მოსმენის დროს გაჩნდა.

”ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ კანონში მესამე მოსმენაზე შეიტანდნენ ცვლილებებს (თუ მესამე მოსმენისას შეიტანეს მართლაც, რაც ზუსტად არ ვიცით), რომელიც არსებითად ცვლის კანონის არსს, რადგან, კანონის მიხედვით, მესამე მოსმენისას კანონში შედის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, არ ემატება ახალი მუხლები და არ იცვლება შინაარსი. ეს, უბრალოდ, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა”, ამბობს ეკა გიგაური.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ მუხლი, რომელიც კანონში ჩაიწერა, ცვლილებითაც და მის გარეშეც იმდენად ბუნდოვანია, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
XS
SM
MD
LG