Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობების ახალი წელი საქართველოში


არ გეგონოთ, რომ ახალ წელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ებრაელები, სომხები, რუსები, იეზიდები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ახალი წელი სულ სულ სხვა დროსაა, ქართველებისგან განსხვავებულად ატარებენ – მათ ოჯახებში ახალი წელი ისევე შედის, როგორც მთელ საქართველოში – მრავალჟამიერით და გოზინაყითა და საცივით სუფრაზე.

მერა რა, თუ აზერბაიჯანელების ნამდვილი ახალი წელი – ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულზე მოდის. 31 დეკემბრის ღამით საქართველოში მცხოვრები ყველა აზერბაიჯანული ოჯახი დღესასწაულს მაინც ზეიმობს და ოჯახის წევრებს, მეგობრებს თუ მეზობლებს ახალი წლის დადგომას ულოცავს.

წინასაახალწლოდ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხს, ვაგიფ აქპეროვს აბანოთუბანში, თბილისის მეჩეთში ვეწვიეთ.

„ეს შობა-ახალი წელი ქრისტიანული დღესასწაულია, მაგრამ ჩვენ, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ჩვენს ქრისტიან და-ძმებთან ერთად აღვნიშნავთ. როგორც მოგეხსენებათ, ისლამში ეს დღე დღესასწაულად არ ითვლება“.

ალკოჰოლის გარდა სუფრაზე ყველაფერია – უფრო სწორედ, ყველაფერი, რასაც ღმერთი მოგვემსო, ამბობს შეიხი.

„ჩვენ, მუსლიმანები ასე ვამბობთ ხოლმე - რასაც ალაჰი მოგვცემს, ის გვექნება სუფრაზე... მაგრამ ტრადიციულად ახალი წლის სუფრა მაინც ნიგვზიან კერძებთნ ასოციირდება, მაგალითად, საცივთან. ჩემი უფროსი და ამბობს ხოლმე, ამ კერძებს ახალ წელს რაღაც განსაკუთრებული გემო აქვსო. ჩვენს სუფრაზე ფახლავაც უნდა იყოს, აუცილებლად.“

ბაჰარ ნეიმატოვას ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. საახალწლო მზადებას 29 დეკემბრიდან იწყებენ. 31 დეკემბერი, გვეუბნება ბაჰარი, მსოფლიოს აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეცაა – შესაბამისად, საზეიმოდ კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. ოჯახის უფროსი ანაწილებს ვინ რომელ კერძს მოამზადებს. სუფრა შერეულია – ქართულ-აზერბაიჯანული:

„აზერბაიჯანულ კერძებსაც ვაკეთებთ, ფლავი, ტოლმა, ტკბილეულიდან – ფახლავა.. ზოგიერთ ოჯახში კოცონსაც ანთებენ და მის გარშემო იკრიბებიან... მომდევნო დღეებში, როგორც ყველა საქართველოში, ჩვენც სტუმრად დავდივართ.“

საახალწლო განწყობას ქართული მრავალჟამიერი და აზერბაიჯანული აშუღი ენაცვლება: „ხანდახან დედაჩემი აზერბაიჯანულ სახალხო სიმღერებსაც ჩართავს ხოლმე, მაგრამ ძირითადად, ჩვენც მრავალჟამიერს ვუსმენთ, როგორც ყველა, საქართველოში“.

საქართველოში მცხოვრები ქურთებიც ახალ წელს აპრილში აღნიშნავენ, თუმცა, როგორც იეზიდთა სახლის წარმომადგენელი, საქართველოს ქურთთა ახალგაზრდული კავშირის წევრი ბაია ახმედოვა გვიხსნის, საქართველოში ეს ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს. შარშან ერაყში სტუმრად მყოფმა საქართველოს იეზიდებმა ნახეს, თუ როგორ აღნიშნავდნენ ქურთები თავიანთ ნამდვილ ახალ წელს:

„იქ ახალი წელი ვარდებთან და სხვა ყვავილებთან არის დაკავშირებული, რადგან გაზაფხულზეა და ყველა ოჯახში არის ყვავილებისგან გაკეთებული თაიგული, რომელიც შესასვლელ კართან უკიდიათ“.

თუმცა ეს ტრადიცია ახსოვს ბაიას ბებიას, რომელიც ახლა 76 წლისაა:

„იხსენებს ხოლმე, 13-14 წლის ვიქნებოდი, 31-ში მე და მამაჩემი გარეთ ეზოში რაღაც საქმეს ვაკეთებდით და ამ დროს მეზობელმა ჩამოიარა და გაკვირვებულმა ვითხრა, რა დროს საოჯახო საქმეა, დღეს ხომ ახალი წელიაო და თურმე ძალიან გაუკვირდა, ნეტა რა დღესასწაულიაო, ფიქრობდა თურმე... დღეს კი ვერც წარმოგვიდგებია, რომ 31-ში რამე სხვას ვაკეთებდეთ ახალი წლის შეხვედრის გარდა... საუკუნე გავიდა და ის ტრადიციები, სამწუხაროდ, დავკარგეთ, მაგრამ ეს ახალი წელი ჩემი დღესასწაულია, ისე მაქვს გათავისებული, არც კი წარმომიდგენია 31-ში არ ვზეიმობდეთ”.

ბაია ახმედოვა ამბობს, რომ სუფრაზეც ტრადიციული ქართული კერძები სჭარბობს, თან ქურთი დიასახლისების კარგ კულინარობასაც უსვამს ხაზს:

„ყველაფერი გვაქვს ხოლმე, საცივი, ტოლმა თუ გოჭი... სხვათაშორის, ქურთი ქალებიც ძალიან გემრიელად აკეთებენ, დედაჩემიც საუკეთესო მზარეულია“...

გზას თბილისელი სომხებისაკენ ვაგრძელებთ და გრეტა არუთინოვს წინასაახალწლოდ, თავის სამსახურში, სილამაზის სალონში ვაკითხავთ, ახალ წელსაც იქვე ექსპრომტად გვილოცავს თავის ენაზე...

გრეტა ამბობს, რომ საახალწლოდ მაინც ყველა ცდილობს, სუფრა სავსე ჰქონდეს – აუცილებლად გოზინაყი და, რა თქმა უნდა, განთქმული ტოლმა ვაზის ფოთოლში. დანარჩენი ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ქართულ ოჯახებში:

„გოზინაყი, ჩირი ჩურჩხელა, აბა, რა, ყველაფერიც გვაქვს... ვაზის ფოთლის ტოლმა და სამარხვო ტოლმაც გვაქვს ხოლმე, ქლიავის ჩირით. მრავალჟამიერსაც ვუსმენთ და პრეზიდენტის მოლოცვასაც..."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG