Accessibility links

2012 წელს სამცხე–ჯავახეთში იმედიანად ხვდებიან. ახალციხელები ფიქრობენ, რომ წლევანდელი წელი ისტორიაში საინტერესო, აქტიური და სენსაციური მოვლენებით შევა. საქართველოს სამხრეთით მოსახლეობა კითხვაზე, თუ რას ისურვებდა წელს ყველაზე მეტად, პასუხობს, რომ ძირითადად - მშვიდობასა და დასაქმებას. ახალციხელების აზრით, 2012 წელი როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.

2012 წელს იმედიანად ხვდება ოპოზიციაც. წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული და სენსაციური მოვლენები წელს უხვად იქნება. ახალციხის ოფისის თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი 2012 წელს პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისგან მეტ აქტიურობას ელოდება.

ხელისუფლებას პროექტების დიდი ნაწილი 2012 წელს აქვს დასასრულებელი. სამცხე-ჯავახეთში მთავრობის გეგმები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება, თუმცა მთავარი მაინც სასტუმროების მშენებლობა და ტურიზმის განვითარებაა. სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ლაშა ჭკადუა ამ ფაქტს პრეზიდენტის სიტყვებით ხსნის – ჯავახეთი ტურისტულ ზონად ხომ თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა!

ლაშა ჭკადუა განმარტავს, რომ ჯავახეთში წელს, სასტუმროების გარდა, საბაგიროსა და საბავშვო სათხილამურო ტრასის მშენებლობა უნდა დასრულდეს, ფარავნის ტბაზე კი გამოიყოფა ტურისტული ზოლი, სადაც დამსვენებელს თევზაობა თავად შეეძლება.
XS
SM
MD
LG