Accessibility links

logo-print

ალენ ჟუპე: „ირანი ბირთვულ იარაღს ავითარებს“


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟუპემ დღეს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ირანი ავითარებს ბირთვულ იარაღს. პარიზში, ახალი ამბების სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობისას ჟუპემ აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ თეირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. მანვე მოუწოდა ევროკავშირს, ისეთივე მკაცრი ეკონომიკური სანქციები შემოიღოს ირანის წინააღმდეგ, როგორსაც შაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დამტკიცებულ კანონი ითვალისწინებს. „ექსპერტები კვლავაც მსჯელობენ ამ საკითხზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ირანი ცდილობს განავითაროს ბირთვული იარაღი და მე ვფიქრობ, რომ ამის თაობაზე არავითარი ეჭვი არ არსებობს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ინფორმაცია საკმაოდ მკაფიო იყო ამ საკითხში. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთს სურს უფრო მკაცრი სანქციები, მაგრამ ისე, რომ არ გადაკეტოს ირანთან დიალოგისა და მოლაპარაკებების გზა,“ - განაცხადა ალენ ჟუპემ. ირანის სამხედრო ფლოტის მეთაურის მოადგილის თანახმად, სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მანევრების დროს, ირანმა წარმატებით გამოცადა 200 კილომეტრის რადიუსში მოქმედი რაკეტები. ირანი იმუქრებოდა, რომ ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავდა, თუკი დასავლეთი ახალ სანქციებს აამოქმედებდა. აშშ-ი აცხადებს, რომ არ მისცემს ირანს სტრატეგიული სრუტის ჩაკეტვის ნებას.
XS
SM
MD
LG