Accessibility links

logo-print
უნგრეთის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც მმართველი პარტია ”ფიდესის” წინააღმდეგ იყო მიმართული. კრიტიკოსების შეფასებით, მმართველი პარტიის ინიციატივით მიღებული ახალი კონსტიტუცია მიზნად ისახავს დააბრუნოს უნგრეთში ერთპარტიული მმართველობა და მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაუქვემდებაროს მართლმსაჯულება, ცენტრალური ბანკი და მედია.

ათასობით უნგრელი დემონსტრანტის რისხვის სამიზნე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელმაც მმართველი პოლიტიკური პარტიის, უნგრეთის მოქალაქეთა კავშირ „ფიდესის“ უმრავლესობა გამოიყენა იმისათვის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე - სასამართლო ხელისუფლებაზე, ცენტრალურ ბანკსა და მედიაზე - სამთავრობო კონტროლი გააძლიეროს.

საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები 2 იანვარს ბუდაპეშტის სახელმწიფო ოპერის შენობის წინ შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრ ორბანის გადადგომას მოითხოვდნენ. „ორბან, გაეთრიე“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

სწორედ სახელმწიფო ოპერაში გალა კონცერტით აღნიშნავდნენ ახალი კონსტიტუციის მიღებას ორბანის ხელმძვანელობით მოქმედი „ფიდესის“ პარტიის წარმომადგენლები. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრს უწოდეს „ვიქტატორი“ (ორბანის სახელის, ვიქტორისა და ტერმინ დიქტატორის შერწყმის გზით მიღებული სიტყვაა), რითაც უნგრეთის ხელისუფლების ოპონენტებს იმის თქმა სურთ, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის სათავეში დიქტატორი დგას.


დემონსტრაციაში მონაწილეობდა უნგრეთის პროფკავშირების ლიდერი კორნელ აროკი, რომელმაც კონსტიტუციას „ ერთი პარტიის“ კანონი უწოდა:

„კონსტიტუციის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ იგი ანგრევს საკონსტიტუციო წესრიგს და ახალი ძირითადი კანონი არსებითად ერთპარტიული კანონია.“

უნგრეთის ახალ კონსტიტუციას, რომელიც ძალაში 1 იანვარს შევიდა, მკაცრად აკრიტიკებენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, განსაკუთრებით დასავლეთში. უნგრეთის ხელისუფლებას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბარუსომ ამაოდ მოუწოდა გაეუქმებინა ნორმები, რომლებიც დამოუკიდებლობას უზღუდავს ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და, სამაგიეროდ, აძლიერებს მთავრობის მიერ დანიშნული სავალუტო საბჭოს გავლენას. ორბანმა ასევე უგულებელყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ბრიუსელის გაფრთხილება იმ ახალ რეგულაციებზე, რომლებიც მთავრობას აძლევს უფლებას დანიშნოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეები.

საერთაშორისო საზოგადოების მზარდი კრიტიკა მოჰყვა ასევე მოსამართლეთა დანიშვნის ახლებურ წესს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, უნგრეთის მოსამართლეების დანიშვნას ერთპიროვნულად წყვეტს მოსამართლე ქალი ტუნდე ჰანდო, რომელიც ევროკავშირის პარლამენტში მოღვაწე ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრის ცოლია.

სამთავრობო კონტროლი გაძლიერდა მედიაზე მმართველი პარტიის მიერ დაკომპლექტებული მედიასაბჭოს მხრიდან, რომელმაც პოპულარულ ოპოზიციურ რადიო „კლუბრადიოს“ ლიცენზია ჩამოართვა და იგი სხვა კომპანიას გადასცა. ბევრი უნგრელი ჟურნალისტი ჩივის იმ ზეწოლის გამო, რასაც მათზე ახორციელებენ მთავრობის მომხრე რედაქტორები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა.

მართლმსაჯულებასა და მედიაზე მთავრობის მხრიდან კონტროლის გაძლიერებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აიძულა გასულ კვირას დაეწერა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონს „გააჩნია სერიოზული და დასაბუთებული შეშფოთების“ საფუძველი ქვეყანაში შექმნილი ტენდენციების გამო. კლინტონმა მოუწოდა ორბანს დაიცვას ინდივიდუალურ თავისუფლებები და კონტროლისა და ბალანსის პრინციპი.

ვიქტორ ორბანი, რომელმა სახელი მოიხვეჭა როგორც პოპულარულმა ანტიკომუნისტრმა პოლიტიკოსმა, საკონსტიტუციო ცვლილებებს კბილებით იცავს და მას მიიჩნევს აუცილებელ ნაბიჯად, რათა ქვეყანაში დასრულდეს სრულყოფილად ფუნქციონირებად დემოკრატიაზე გადასვლის გარდამავალი პროცესი.

თუმცა გარკვეული ცვლილებები აძლიერებს ეჭვს, რომ ორბანი
ცდილობს ხანგრძლივად აღიბეჭდოს მისი მოღვაწეობა უნგრეთში. სადავოდქცეულ ცვლილებებს შორისაა ქვეყნის სახელწოდების შეცვლა: „უნგრეთის რესპუბლიკა“ „უნგრეთით “ შეიცვალა; ასევე გაძლიერდა ღვთისა და ქრისტიანობის მოხსენიება.

300-დან 14-მდე შემცირდა რეგისტრირებული სასულიერო ორგანიზაციებისა და სექტების რაოდენობა. საკონსტიტუციო ცვლილება სამოქალაქო საზოგადოებაში ოფიციალურად არ უტოვებს ადგილს მუსლიმანური, ბუდისტური და ინდუისტური რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც უნგრეთში სულ მცირე 20 წლის განმავლობაში ეწევიან საქმიანობას.

იმავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებები ეხმიანება დებატებს აბორტების შესახებ იმის ხაზგასმით, რომ სიცოცხლე იწყება ჩასახვიდან, ხოლო ერთსქესიანი ქორწინების შესახებ აცხადებს, რომ ქორწინება ეს არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.

ასეთი ცვლილებები კონსტიტუციაში განსაკუთრებით აშფოთებს კრიტიკოსებს, რადგან თუკი ორბანი, საბოლოო ჯამში, დაკარგავს საკონსტიტუციო უმრავლესობას, გაუგებარია, შეძლებს თუ არა უნგრეთის რომელიმე პოლიტიკური ძალა შეცვალოს უკვე მიღებული კონსტიტუცია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG