Accessibility links

logo-print
„ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა“, - ამ სახელწოდების ანგარიში 4 იანვარს გამოაქვეყნა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ (Human Rights Watch). 41-გვერდიან ანგარიშში ასახულია მწვავე პრობლემები, რომლებიც, ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, არღვევს ”ბრალდებულის უფლებებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე”. როგორია ანგარიშის ძირითადი აქცენტები და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას?

ანგარიშს საფუძვლად უდევს ინფორმაცია, რომელიც „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მკვლევარებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ათეულობით პირის ადვოკატებმა, სასამართლოს მიერ დაჯარიმებულმა და პატიმრობამოხდილმა პირებმა მიაწოდეს. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თითქმის ყველა რესპონდენტს ოპოზიციის საპროტესტო აცქიებში მონაწილეობისთვის ჰქონდა დაკისრებული.
მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი სახე ნაიარევებით მქონდა დაფარული. მოსამართლე საერთოდ არ დაინტერესებულა, როგორ მივიღე ეს დაზიანებები...

მათ შორის არის 34 წლის ნოდარი, რომელიც, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ორჯერ, 2009 და 2011 წლებში, იყო დაპატიმრებული და, შესაბამისად, საკუთარ მაგალითზე ორჯერ გამოსცადა სისტემის ”მანკიერება”. საქმე ის არის, რომ დაკავებული სამართალდამცველებმა არც ერთხელ არ გაარკვიეს თავის უფლებებში და მას ახლობლებთან დაკავშირების საშუალებაც კი არ მისცეს. ამასთან, მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროცესში კერძო ადვოკატის ჩართვის მოთხოვნა და, როგორც ანგარიშში მოყვანილი სიტყვებიდან ირკვევა, მოსამართლე არც დაკავებულის მდგომარეობით დაინტერესდა:

”თავი ორ ადგილას მქონდა გატეხილი და სისხლი მომდიოდა. სისხლის შეჩერებაში ჩემს გვერდით მჯდომი პოლიციელი მეხმარებოდა. მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, მთელი სახე ნაიარევებით მქონდა დაფარული. მოსამართლე საერთოდ არ დაინტერესებულა, როგორ მივიღე ეს დაზიანებები.”

ნოდარის მსგავსად, ადამიანის ძირითადი უფლებები, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ სხვა ათეულობით ადამიანის შემთხვევაში დაირღვა. ანგარიშის ავტორის, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ უფროსი მკვლევარის ევროპასა და შუა აზიაში, გიორგი გოგიას თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკის შეფასებით მისი ორგანიზაცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დარღვევები აშკარად გამოჩნდა 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულ ათობით ადამიანთან მიმართებით:
გიორგი გოგია

გიორგი გოგია


”მაგალითად, 26 მაისს დააკავეს 140-ზე მეტი ადამიანი და ადვოკატებს მათი პოვნის პრობლემა ჰქონდათ. შესაბამისად, ადვოკატები იძულებული იყვნენ, რომ წასულიყვნენ სასამართლოში და იქ დალოდებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.”

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში ასახულია ასევე სხვა დარღვევებიც - მაგალითად, ის, რომ სასამართლო სხდომას ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს, ”ის იშვიათად გრძელდება 15 წუთზე მეტხანს და მოსამართლის გადაწყვეტილება უმეტესწილად პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა.” პრობლემას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაპატიმრებულ პირებს სასჯელის მოხდა უწევთ დროებითი დაკავების იზოლატორებში, სადაც ხშირად ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი ვერ ხერხდება. გიორგი გოგიას განმარტებით, იზოლატორებში მყოფ პატიმრებს ხშირად შხაპის მიღებისა და გასეირნების უფლებაც კი ეზღუდებათ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საზოგადოებრივი წესრიგის მსუბუქ დარღვევად ითვლება, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ მიიჩნევს, რომ 90-დღიანი პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია და სახელმწიფომ, სისტემის რეფორმირების პროცესში, ამ სასჯელის საერთოდ გაუქმებაზე უნდა იფიქროს. ანგარიშში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა საქართველოში 30-დან 90-დღემდე, საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, 2009 წლის ივლისში გაიზარდა. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გასამართლებულს უფრო ნაკლები სამართლებრივი უფლებები აქვს, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულს.

ვიდრე საქართველოში სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხვეწება, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა გატარდეს ზომები, რომ ”ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ნებისმიერი პირი სარგებლობდეს ადამიანის ძირითადი უფლებებით.“

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ უფროსი მკვლევარის, გიორგი გოგიას განმარტებით, პრობლემების სათავეს წარმოადგენს 1984 წელს მიღებული და მოძველებული კოდექსი, რომელიც არ განმარტავს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ითვალისწინებს დაკავებულ პირთა უფლებებს. თუმცა გიორგი გოგია ჩვენთან საუბრისას ასევე სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პრობლემები არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ახალ პროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 2011 წლის ივლისში დაამტკიცა.
მოქმედი კოდექსი, ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით არანაირ კითხვის ნიშანს არ აჩენს... და, მით უმეტეს, ახალი პროექტი არანაირ კითხვის ნიშანს არ დატოვებს...

ამგვარ შეფასებას არ იზიარებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი კახა ანჯაფარიძე.

”ჩვენი პრინციპია, რომ ახალი კოდექსი იყოს ლიბერალური და ცალსახად იკითხებოდეს მისი ყოველი ნორმა”, - ამბობს ანჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. თუმცა, მისი აზრით, დაკავებულების უფლებათა დარღვევის კუთხით კრიტიკას არც მოქმედი კოდექსი იმსახურებს:

”მოქმედი კოდექსი, ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით არანაირ კითხვის ნიშანს არ აჩენს... და, მით უმეტეს, ახალი პროექტი არანაირ კითხვის ნიშანს არ დატოვებს. ჩვენ გადმოღებული გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტები, რომლებიც სისხლის სამართლის წარმოებისთვის არის დამახასიათებელი. ”

კახა ანჯაფარიძე ჯერჯერობით არ გასცნობია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ახალ ანგარიშს, თუმცა, მისი თქმით, კარი ღიაა ნებისმიერი კონსტრუქციული რეკომენდაციისთვის მანამდე, ვიდრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცებს. ანჯაფარიძის ინფორმაციით, კანონპროექტის ტექსტი შესაფასებლად გადაეგზავნათ როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. კანონპროექტის მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, მალევეა მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც არდადეგებიდან დაბრუნებული დეპუტატები პლენარულ სხდომებს განაახლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG