Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები და მისი ვადაზე ადრე ჩატარების ალბათობაა. ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძესაც ეკითხება ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი. ხმალაძე პასუხობს, რომ არ გამორიცხავს არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას: ”ერთი ზარი და, საპარლამენტო უმრავლესობა ერთხმად გადაწყვეტს ამ საკითხს. სააკაშვილის ხელისუფლებას კარგა ხანია ხელში უჭირავს მაკრატელი, წებო და კონსტიტუციას ისე ჭრის და კერავს, როგორც მოეპრიანება. მოკლედ, არჩევნებს, როცა მათთვის ხელსაყრელი იქნება, მაშინ დანიშნავენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ საამისოდ შემოდგომა უნდა აძლევდეთ ხელს.”

რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ არჩევნების გადმოტანა მომგებიანი არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ერთადერთ მომგებიან ფაქტორად ასეთ შემთხვევაში იმას ასახელებს, რომ არჩევნების ადრე ჩატარებით ხელისუფლება ”დაასწრებს ივანიშვილს”, რომელსაც ჯერ პარტია არ შეუქმნია. ასეთ ვითარებაში, რამაზ საყვარელიძის აზრით: ”გარკვეული სიახლე იქნება, რომ პრეზიდენტი გადადგეს თანამდებობიდან და მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში, როგორც სიის ლიდერმა. ის ამით შეეცდება მაქსიმუმის აღებას”. ”ახალ თაობაში” ნანა დევდარიანთან ინტერვიუც ქვეყნდება. დევდარიანი თვლის, რომ ოპოზიცია აგვიანებს მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყებას - ”ასე ფრთაშესხმული სააკაშვილი იმიტომაა, რომ მან გაცილებით ადრე აიღო სტარტი”. ”ახალ თაობას” მანანა ნაჭყებია შეახსენებს ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველ განცხადებას, რომ მას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩანაფიქრის შესასრულებლად: ”ღვთის მადლით, თუ გარკვეული გამოცდილების შეძენის გამო დღეს ივანიშვილი ასეთ განცხადებებს აღარ აკეთებს, თუ ივანიშვილს სჯერა, რომ ეს პირველი განცხადება შეეშალა, მაშინ ახალი მემარჯვენეები ჩავთვლით, რომ ჩვენ სწორედ ამ ოპონირებითა და პროტესტით დიდი სამსახური გავუწიეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას.”

მომავალი არჩევნების თემაზე ”საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი ავტორი წერს: ”ხელისუფლება იმდენად შეშინებული და დაბნეულია, რომ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ადვილი შესაძლებელია, მან ივანიშვილს არჩევნებში ფულის დაუხარჯავადაც მოაგებინოს“.


”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან. ის განვლილი წლის შეფასებას იძლევა და ამბობს: ”ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ კონსტიტუციის გზით და არა რადიკალური გზებით. მეორე მხრივ, ხელისუფლებიდანაც იყო მეტი დათმობების მცდელობა, რომ შეიქმნას სტაბილურობა და ხელი შეუწყონ ქვეყანაში მეტი პლურალიზმის არსებობას.”

”რეზონანსის” პირველ გვერდზე - ”დაფინანსებაზე ოფიციალურად უარი დღეისთვის მხოლოდ ალექსანდრიას აქვს ნათქვამი”. ავტორი ივანიშვილის ფონდზე დაყრდნობით წერს, რომ „დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ცნობილმა მოჭადრაკემ ნანა ალექსანდრიამ თქვა, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა. ფონდის ინფორმაციით, მან უარის შესახებ წერილობით ჯერ კიდევ შემოდგომით მიმართა, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა და მისი ფინანსებით ხელისუფლება განსაკუთრებით დაინტერესდა. დღეის მდგომარეობით კი, მის გარდა დაფინანსებაზე უარი არავის უთქვამს.”

”ყველა სიახლეში” გივი ბერიკაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მე არა, მაგრამ ჩემი ორივე შვილი იღებს ბიძინა ივანიშვილის სტიპენდიას. თუ ივანიშვილს აუკრძალავენ ქველმოქმედებას, არ იქნება კაცური საქციელი და ამის შემდეგ უკვე სხვანაირად ვილაპარაკებთ და სხვანაირად დავწერთ. ტყუილებით არ უნდა ვიკვებოთ!”

”ყველა სიახლეში” მინდია უგრეხელიძე ამბობს, რომ დღეს მოსამართლე ”მავანთა ნების” ”ბრმა აღმსრულებელია”. ის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას, რადგან მიაჩნია, რომ 12 არაპროფესიონალ ადამიანს ეკისრება ისეთი რამის გაკეთება, რაც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.

”24 საათი” კი დღეს წერს იმის შესახებ, რომ ”ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო არეალი გაფართოვდება”. ინფორმაციის ავტორი ასახელებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს, რომლებითაც ბრალდების შემთხვევაში საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს; აგრეთვე წერს, რომ მიმდინარე წლიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG