Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლასა


ლასა დე სელა
ლასა დე სელა
ალეხანდრო დე სელას მექსიკელის კვალობაზე შავტუხა ნაკლებად ეთქმოდა. ქერა, ცისფერთვალება ესპანური ენის მაწავლებელი გახლდათ. მოცალეობის ჟამს ოქტავიო პასისა თუ ლორკას პოეზიის ინგლისურად თარგმნით ცდილობდა სიამოვნება მიეღო, თუმცა ამას ნაკლებად ახერხებდა, რადგან სამი გოგო ჰყავდა - სქაი, აინი და მირიემი, ერთმანეთზე ალქაჯი და ჭინკებივით მოუსვენარნი, რიგრიგობით რომ გადი-გამოდიოდნენ შემოქმედებითად აღგზნებული მამის თავზე. გაწამებულ კაცს გასაქცევიც არსად ეგულებოდა, რადგან ოჯახთან ერთად მოძრავ სახლში - სახელდახელოდ გადაკეთებულ ძველ სასკოლო ავტობუსში - ცხოვრობდა.

1972 წლის 27 სექტემბრის მზიან დილით ამერიკის პატარა სოფელ ბიგ ინდიენში ალეხანდროს ახარეს, ისევ გოგონა შეგეძინათო, თუმცა ცოტა უცნაური ბავშვია - მშვიდია, ტირილის ნაცვლად თვალები უცინის და ანგელოზივით ღიღინებსო. მამამ შვებით ამოისუნთქა - დებივით ჭკუასთან აფრაკად არ იქნებაო - და მშობლებმა სახელზეც დაიწყეს ფიქრი. 5 თვე არჩიეს სახელი, ამერიკა-მექსიკას შორის ავტობუსით გაუთავებელ მისვლა-მოსვლაში. ბოლოს კი ლასა დაარქვეს, ჰიმალაებში გარინდული ტიბეტური ქალაქის მსგავსად, ალბათ, იმ იმედით, რომ დების ალი-კვალი არ დამდგარიყო და ბუდისტური სიმშვიდეც დაბედებოდა.



ალეხანდრო მოძალადე მამა გახლდათ. არა, მთვრალ დებოშებსა და ცოლ-შვილის ცემა-ტყეპას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, სურდა, გოგონებს მძიმე ბავშვობა არ ჰქონოდათ და ტელევიზორს არასოდეს ურთავდა, რამე უბედურებას არ გადაეყარონ და არ გამოთაყვანდნენო. მკაცრად აკონტროლებდა შვილების ლიტერატურულ მიდრეკილებებსაც, არჩევანის საშუალებას არ აძლევდა და თავისი გემოვნებით შერჩეულ წიგნებს აკითხებდა თვალსაწიერის გაზრდისა თუ გამდიდრებისათვის. ლასას დედა - ალექსანდრა ქარამი - ამერიკელი ფოტოხელოვანი იყო, ლიბანური სისხლით. მას შვილების მუსიკალური წვრთნა ევალებოდა. თვლიდა, რომ გემოვნებიანი მუსიკა თავისუფალ, სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოაყალიბებდა და თავის უმდიდრეს აუდიოკოლექციას ახვევდა თავს: მექსიკურ, ებრაულ, არაბულ, სპარსულ, ლათინოამერიკულ, იაპონურ, ბოშურ ფოლკსა თუ ჯაზსა და როკმუსიკას. მართალია, ამგვარი ინტელექტუალური ძალადობა ზოგჯერ უკურეაქციას იწვევს ხოლმე, მაგრამ ლასას შემთხვევაში ასე არ მომხდარა. მოგვიანებით თავის მუსიკაში მოუყრის თავს მთელ მსოფლიოს: ესპანურ ბალადებს, შანსონს, ბოშურ რომანსსა თუ ტანგოს მოტივებს, ძილის წინ მამის მიერ წაკითხულ მექსიკურ ხალხურ თქმულებებს.



გოგოები წამოიზარდნენ, ალქაჯები მოხეტიალე ცირკის მსახიობები გახდნენ, ლასას კი ემღერებოდა. სცენაზე პირველად 13 წლის ასაკში გამოჩნდა. თუმცა სცენა ნაკლებად ეთქმოდა - სან-ფრანცისკოს რაღაც უხეირო ბერძნული კაფე უფრო იყო. სულ მარტო მღეროდა, აკომპანემენტის გარეშე, რადგან ამ ქალაქში უცხო გახლდათ და კაციშვილს არ იცნობდა. 19 წლის ასაკში კი დებთან მონრეალში გადავიდა. იქ პროფესიონალი მუსიკოსი გიტარისტი ივ დოროზიე გაიცნო და მასთან ერთად მექსიკური ხალხური სიმღერების კრებულზე დაიწყო მუშაობა. ალბომის ჩაწერის პროცესი კი მეტად უჩვეულოდ წარიმართა: სახლის პირობებში იწერებოდა, ინსტრუმენტალი - ერთ-ერთი მეგობრის ბინაში, ვოკალის ნაწილი კი - ლასას სამზარეულოში, უცნაური აკუსტიკური ჟღერადობის გამო. ალბომს აცტეკების მითოლოგიური გმირის სახელი „იორონა“ დაარქვეს და ძალიან მაგარი გამოდგა - ისეთი კერკეტი კაკალი კრიტიკოსებიც კი წაახდინა, კარგს რომ ვერაფერზე დააცდენინებ.



ლასას ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამე უთქვამს: „წლების მანძილზე ჩემს ფესვებზე ფიქრს გადავეჩვიე. მივდივარ იქ, სადაც ცხოვრების გზას მივყავარ. ალბათ, სწორედ გზა არის ჩემი სამშობლო და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი. ფუტკარს ვგავარ, რომელიც ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავს, ყველაზე დიდხანს კი იმ ყვავილის გულმკერდში რჩება, სადაც უხვად ხვდება გემრიელი ნექტარი.“ ჰოდა, ასეთი ბზუილით სინჯავდა ბევრ ყვავილს, დაეძებდა ნექტარს ამერიკაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, მექსიკასა თუ კანადაში და თაფლივით მუსიკასაც ქმნიდა.



სულ სამი სმენის დამატკბობელი ალბომი გამოუშვა - ესპანური, ფრანგული და ინგლისურენოვანი სიმღერებით. მათგან კი იმოდენა გიჟური სიყვარული მოედინება, გეგონება, რომ ლასას „შრიალა“, სევდიან ხმაში რაღაც ჯადო-თილისმაა ჩადებული. თუ რა ჟანრს მიეკუთვნება მისი შემოქმედება, - შანსონს, ფოლკს, რომანსს თუ მათ ნაზავს, - საერთოდ მეასეხარისხოვანია. ჩემი ნება რომ იყოს, ახალ მიმდინარეობას მოვიფიქრებდი, რომელსაც „სიყვარულისა და სიკეთის მთესველ მუსიკას“ დავარქმევდი და მას მივაკუთვნებდი.



ახლა ახალი წლის დღეებია, თავისი ჩვეულებებით: „კუჩხი ბედინერი“ და პრეზიდენტის მოლოცვა; სეილი "ბენეტონში"; მრავალჟამიერ; საახალწლო სუფრები - ზოგან მეტად მოკრძალებული, ზოგანაც ინდაურის საცივით, გოჭითა და „ხოლოდეცით“; „ყველაზე პრესტიჟული“ ნაძვის ხე, ელარჯი და დედმამიშვილობა; „პაჩკა-პაჩკა“ დოლარებით დათოვლილი ტელელოგოები; ჟურნალისტები, წლის კურიოზებით, და „ბედის ირონია“ ერთი, მეორეც; „პოხმელიე“ და „იჟოგა“, იგივე გულძმარვა. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც შარშან, იმის წინ თუ წინისწინ. ასე იყო 2010 წლის 1 იანვარსაც, როცა მონრეალში დიდი თოვლი მოვიდა. სამყარო ახალ წელს ზეიმობდა, ლასა კი, 37 წლის ასაკში, ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ძუძუს კიბოთი. ეს ამბავი კი მხოლოდ მას მერე შეიტყვეს, როცა მსოფლიო საახალწლო თრობისგან გამოფხიზლდა. თურმე დაკრძალვაც ისეთივე მოკრძალებული ყოფილა, როგორიც თავად გახლდათ. ერთი ბოშური სიმღერის თანხლებით გაუცილებიათ, თავად რომ ჩაწერა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე:

გზაზე სახეტიალოდ ცოტა რომ დარჩენია, ლასამ მშვენივრად იცის, მაგრამ მაინც „მშვიდია, თვალები უცინის და ანგელოზივით ღიღინებს.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG