Accessibility links

logo-print
ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადაა ოქტომბერში არჩევნების ჩასატარებლად - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავად მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ, საარჩევნო კოდექსსა და პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. რა კვებავს პრეზიდენტის ოპტიმიზმს და როგორია მისი ოპონენტების თვალით დანახული საარჩევნო გარემო?

4 იანვრის საღამოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა საპარლამენტო არჩევნების გამართვის სავარაუდო თარიღი - 2012 წლის ოქტომბერი, რითაც საფუძველი გამოაცალა არჩევნების ვადამდე დანიშვნის შესაძლებლობაზე დაწყებულ საუბარს.
ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა და შეუძლებელია თანხმობა მიეცა იმაზე, რომ კანონს რეტროაქტიული ძალა უნდა ჰქონდეს...

„ცხრა თვე რჩება ამ არჩევნებამდე, რაც არის სავსებით საკმარისი დრო“, -პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის და ამის წინაპირობას ქმნის როგორც კანონებში შეტანილი ცვლილებები, ასევე პარტიების წარმატებული თანამშრომლობა:

„კარგია, რომ საარჩევნო კოდექსზე შევთანხმდით. ძალიან მომეწონა, რომ ცვლილებებს ვენეციის კომისიამ მისცა მაღალი შეფასება. ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით, იყო ის, რომ მათი რჩევით მცირეამომრჩევლიან ოლქებს არ უნდა ჰყოლოდათ წარმომადგენელი, რაც ჩვენთვის, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, მიუღებელია. დანარჩენ ყველაფერზე - მათ შორის, პარტიების დაფინანსების შესახებაც - მივიღეთ მაღალი შეფასება, რომელიც ეფუძნება მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს.“

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების პასუხად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კანონებში შეტანილი ცვლილებები სწორედაც რომ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი იმასაც შენიშნავს, რომ პრეზიდენტმა და მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში იმდენად არსებითი ცვლილებები შეიტანეს, რომ მისგან პროგრესული, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა:

„ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა, არ იცოდა და შეუძლებელია თანხმობა მიეცა იმაზე, რომ კანონს რეტროაქტიული ძალა უნდა ჰქონდეს. კომისიამ, რა თქმა უნდა, არაფერი არ იცოდა იმის შესახებ, თუ რა ტიპის შეზღუდვები დაუდგინდათ ფიზიკურ პირებს, ასევე პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე არ უმსჯელია ვენეციის კომისიას, მით უმეტეს, არაფერი ყოფილა ნათქვმი იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ დახმარების ან ქველმოქმედების მიმღებნი.“

თინათინ ხიდაშელის თქმით, საარჩევნო გარემოზე ასევე მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც ხელუსეფლების შეუზღუდავი პროპაგანდა საერთო ნაციონალურ არხებზე, ასევე არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი, ამგვარი მნიშვნელოვანი ხარვეზების მიუხედავად, მაინც იმედოვნებს, რომ მომავალი არჩევნები წინაზე უკეთეს ვითარებაში ჩატარდება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გურამ ჩახვაძის თქმით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კანონებში პროგრესული ცვლილებები შევიდა. მაინც რა გამონაკლისზეა საუბარი?

„ვითხოვდით, რომ თვითონ საჯარო მოხელეებს აკრძალვოდათ საარჩევნო კამპანიაში მიღების უფლება, რაზეც ვერ შევთანხმდით, თუმცა შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოსთან, რომელიც განახორციელებს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მონიტორინგს. და კიდევ, ჩვენ, ალბათ, კიდევ მივუბრუნდებით მედიამონიტორინგის საკითხს.“

თუმცა მსჯელობა უკვე დასრულებულია იმ ცვლილებებზე, რომლებიც პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ლელა ტალიურის თქმით, ამ ცვლილებებით, ერთი მხრივ, არ შეიზღუდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მეორე მხრივ კი, მკაცრი შეზღუდვები დაუწესდათ პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს:

„ამ ფონზე შესაძლოა შეიქმნას პირობები პოლიტიკური პარტიებისათვის, რომ მათ არ მიეცეთ საშუალება თანაბარ საწყისებზე აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია. მთლიანობაში, სისტემაც ხელუხლებელი დარჩა. მაგალითად, მაჟორიტარების შემთხვევაში, როცა ვითხოვდით 30 პროცენტიანი ბარიერის 50 პროცენტამდე აწევას და ოლქებთან ამომრჩეველთა რაოდენობის მიბმას, ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული.“
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტელეფონზეც ურეკავენ, მითითებებსაც აძლევენ და დავალებებსაც და როგორც უნდათ ისე ათამაშებენ ...

ლელა ტალიურის თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივრებზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც უკანასკნელი არჩევნების შემდეგაც არ შეცვლილა, თუმცა თავად ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ კომისია მზადაა დათქმულ ვადაში არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

თუმცა ზურაბ ხარატიშვილის ამგვარი ოპტიმიზმი გადამდები არ აღმოჩნდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ცუდად ენიშნათ ცესკოს თავმჯდომარის პრეზიდენტის სასახლეში დაბარება. თინათინ ხიდაშელის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და პრეზიდენტს, რომელიც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარეა, არ აქვს არც დარიგების და არც ანგარიშის მოთხოვნის უფლება.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტელეფონზეც ურეკავენ, მითითებებსაც აძლევენ და დავალებებსაც და როგორც უნდათ ისე ათამაშებენ. ეს გასაგებია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როცა ამის საჯარო დემონსტრირებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რადაგანც ასეთი რამეები მინახავს მხოლოდ ტელევიზორში პუტინის კაბინეტში“, უთხრა თინათინ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG