Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს


ირანის სამხედრო ფლოტის მანევრები ჰორმუზის სრუტეში

ირანის სამხედრო ფლოტის მანევრები ჰორმუზის სრუტეში

ევროკავშირი მიუახლოვდა შესაძლებლობას, ეტაპს, რომ ირანის წინააღმდეგ დააწესოს ნავთობის ემბარგო. ამას წინ უძღოდა სჯა-ბაასი, რათა მინიმალურად დაზარალებულიყვნენ თვითონ ევროკავშირის, ირანის ნავთობზე დამოკიდებული, წევრები. ევროპის კავშირში ირანის ნავთობის შემოტანის აკრძალვა, რასაც დაერქმევა ემბარგო, ჯერ დაწესებული არ არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს და, საბოლოოდ, ირანის ნავთობის იმპორტი ევროპის ქვეყნებში შეჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაუწესებს სანქციას ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე. ევროპელების ასეთ სვლას მიესალმა აშშ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ ოთხშაბათს გამოაცხადა, შეთანხმების დეტალებს მოგვიანებით გამცნობთო, „საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გვაქვს 30 იანვარს და იმედი მაქვს, რომ მასზე შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება ირანის ნავთობის ემბარგოს შესახებო“.

მაიკლ მანმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონის წარმომადგენელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ნავთობის ალტერნატიული წყაროების მოძებნაა მთავარი საკითხი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ემბარგო დავაწესოთო. მისივე თქმით, აუცილებელია იმ ქვეყნებისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიება, რომლებიც ირანის ნავთობზე არიან დამოკიდებული. ისედაც ეკონომიკური პრობლემების ხანაში ვცხოვრობთ და ამიტომ ამ ყველაფერს მოფიქრება უნდაო, ამბობს მანი.

აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ირანს ეკონომიკური თუ საფინანსო სანქციები უკვე დაუწესეს. გაეროს ოთხი პაკეტი აქვს სანქციებისა, რომლებიც ასევე მოქმედებს თეირანის წინააღმდეგ იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანი თვითონ კატეგირიულად უარყოფს ბირთვულ იარაღზე მუშაობას. გასული წლის ბოლოს მიკვლეული - ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობის მანიშნებელი - მასალები (და ვარაუდი, რომ ის შეიძლება დღესაც გრძელდებოდეს), საერთაშორისო სააგენტოს ხელში მტკიცე საბუთს არ წარმოადგენს, მაგრამ რჩება შიში, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უმართავი ქვეყანა შესაძლოა მართლაც ქმნიდეს ბირთვულ იარაღს. ირანის ნავთობი ქვეყნის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა, მასზე მოგების ნახევარი მოდის. ირანის ნავთობის 17 პროცენტი ევროპისკენ მოედინება. თეირანი ახლა შეეცდება ნავთობი მიჰყიდოს აზიელ პარტნიორებს, რაც ხდებოდა ხოლმე ყოველთვის სანქციების დროს, როცა ევროპელი პარტნიორების ადგილს აზიელი კონკურენტი იკავებდა. მაგრამ საფიქრებელია, რომ აღმოსავლეთში ნავთობის გაყიდვა ირანს უფრო იაფად მოუწევს.

აშშ, როგორც ითქვა, მიესალმა ევროპის კავშირის სვლას ემბარგოსაკენ. ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა თქვა, ასეთ ნაბიჯებს არა მხოლოდ მეგობრებისა და მოკავშირეებისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან ველით, საჭიროა ირანის მიმართ ეკონომიკური მარწუხების გაძლიერებაო. ნულანდისავე თქმით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი მომავალ კვირაში ჩინეთში ჩავა და პეკინში გამართავს კონსულტაციებს, რათა კოორდინაცია იყოს ჩინეთთან ირანის მიმართ საფინანსო სანქციების დაწესების საქმეში. ირანმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს სამხედრო საზღვაო მანევრებს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე არაბული - დასავლეთის მოკავშირეთა მიერ წარმოებული - ნავთობი გაედინება. გასულ კვირაში ირანმა მუქარით განაცხადა, რომ შესაბამის ქმედებას მიმართავს, თუ აშშ-ის ავიამზიდი დაბრუნდება ყურეში ან მას ნავთობის თაობაზე სანქციებს დაუწესებენ. ვაშინგტონმა ირანის მუქარა სისუსტის გამოვლინებად შეაფასა და განაცხადა, რომ არ შეცვლის ყურეში თავისი სამხედრო ხომალდების განთავსების გეგმებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG