Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული ცვლილებებით, ”არსებითად უმჯობესდება პატიმრობის მოხდის პირობები და იზრდება ადმინისტრაციულ პატიმართა უფლებები”. საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც შეეხება პატიმართა სამედიცინო მომსახურების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ გასეირნების უფლებებს. დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის გამიზნული ახალი რეგულაციები მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩს”, რომლის ბოლო ანგარიშშიც ადმინისტრაციული პატიმრობის პირობები მკაცრად იყო გაკრიტიკებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში მოქმედი დროებითი მოთავსების ნებისმიერ იზოლატორში მყოფ პატიმარს ”საშუალება მიეცემა თვეში ორჯერ შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს”, ”განახორციელოს სატელეფონო ზარი თვეში ერთხელ 10 წუთის ხანგრძლივობით” და ისარგებლოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურებით. მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ახალი ცვლილებების შესაბამისად, მაგალითად, თუკი პირი დაპატიმრებულია 7 დღე-ღამეზე ხანგრძლივი ვადით, მას უფლება აქვს კვირაში ორჯერ მიიღოს შხაპი. 15 დღიდან ასევე 7 დღემდე მცირდება პატიმრობის მინიმალური ვადის ზღვარი, რომლის შემდეგაც პატიმარს სუფთა ჰაერზე მინიმუმ ერთსაათიანი გასეირნება ეკუთვნის. თუმცა ახალ რეგულაციებში გარკვევით არ არის ნათქვამი - რა სიხშირით გაასეირნებენ პატიმრებს.

რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტი და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მინისტრის ბრძანებულებით გარკვეული სახით რეგულირდება ეს საკითხები ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობა გვატყობინებს, რომ ”ცვილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები.”

ბოლო ანგარიში, რომელშიც, სხვა პრობლემებთან ერთად, აქცენტი კეთდებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ აუტანელ პირობებზე, საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩს” ეკუთვნის და ის 4 იანვარს გამოქვეყნდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რადგანაც იზოლატორები ძირითადად განკუთვნილი იყო სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების გასაჩერებლად არაუმეტეს 72 საათისა, ბრალის წაყენებამდე, იქ არსებული პირობები აბსოლუტურად შეუსაბამოა ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, რამაც შესაძლოა 90 დღე გასტანოს.

რამდენად დამაკმაყოფილებლად გამოიყურება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული ცვლილებები ”ჰიუმან რაიტს უოჩის” თვალთახედვით?

”რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტი და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მინისტრის ბრძანებულებით გარკვეული სახით რეგულირდება ეს საკითხები. მაგრამ მეორე საკითხია,თუ როგორ მოხდება ამ ცვლილებების განხორციელება რეალობაში. მაგალითად, ზოგიერთ იზოლატორს საერთოდ არ აქვს შხაპი. თუკი ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩაიდო, საინტერესოა, როგორ შესრულდება ეს ნორმები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსმა მკვლევარმა და ანგარიშის ავტორმა გიორგი გოგიამ, რომლის თქმითაც, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აისახოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსშიც.
მინისტრის ბრძანებაში ასახულ ცვლილებათა დეტალების დასაზუსტებლად რადიო თავისუფლება ცდილობდა დაჰკავშირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ 6 იანვარს ამის საშუალება არ მოგვეცა.

ხსენებულ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც 2006 წლის შემდეგ არაერთხელ მოიხადა ადმინისტრაციული პატიმრობა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის კვალდაკვალ. პატიმრობის ბოლო 10-დღიანი ვადა მან დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში, 2011 წლის ზაფხულში მოიხადა. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე პატიმრობის პირობები სულ უფრო უარესდებოდა იმის მიუხედავად, თუ რა წერია ამა თუ იმ ნორმატიულ აქტში. იმის გარდა, რომ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, ექიმის ყურადღების მიპყრობა და სასმელად ვარგისი წყლის მოპოვებაც კი სანატრელი იყო, ყოფილი პატიმარი ლაპარაკობს არათანაბარი მოპყრობის ბერკეტებზე, რომლებსაც იზოლატორებში ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ.

”მოშიმშილე ვიყავი, 10 დღე ვშიმშილობდი გორის იზოლატორში და სამედიცინო მეთვალყურეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო - ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის შეუმოწმებია. ამასთან, არც ერთი ნივთი, რომელიც მჭირდებოდა და რომელიც დაშვებული იყო კანონმდებლობით, ჩემამდე არ შემოსულა. მეორე დღიდან მოყოლებული, ჩამომართვეს, მაგალითად, სიგარეტი, გაზეთი და ჩამომართვეს უფლება მიმეღო ნებისმიერი ნივთი, თუნდაც ტანსაცმელი, თუნდაც ჩემთვის აუცილებელი მედიკამენტები - ვალიდოლი თუ ანალგინი. ეს იყო ჩვეულებრივი წამება და მეტი არაფერი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ჩხარტიშვილმა, რომლის საქმეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი. ყოფილი პატიმრის აზრით, პრობლემები ვერ აღმოიფხვრება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებს იზოლატორებში პატიმართა ყოფის რეალურად მეთვალყურეობის უფლება არ მიეცემათ.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქამდე არსებულ პირობებს ხშირ შემთხვევაში ასევე წამების ტოლფასად განიხილავს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი მანანა კობახიძე. მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები მას გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია, მაგრამ ადვოკატს აშკარად აეჭვებს მათი პრაქტიკაში გატარების პერსპექტივა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG