Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა პარტიების ფინანსური მონიტორინგისთვის ახალი უწყების შექმნას ეხმაურება.

”ახალი თაობა” წერს: ”ოპოზიციის ნაწილმა ეს ფაქტი საორმოცე მიცვალებულივით შეიცხადა, ნაწილმა კი თქვა, კი ბატონო, შეგვამოწმონ, ჩვენ ცუდს არაფერს ჩავდივართო. ოპოზიციას, უბრალოდ, იმის გარკვევა აინტერესებდა, თუ რა ფორმებითა და მექანიზმებით აპირებს კონტროლის პალატა პარტიების გაკონტროლებას. აინტერესებთ ისიც, რამდენად სათანადოდ გააკონტროლებენ მმართველი გუნდის ფინანსურ მდგომარეობას. კონტროლის პალატამ ცნობისმოყვარე და კანონმორჩილი ოპოზიცია დიდხანს არ აწვალა და გუშინ დეტალურად ახსნა, თუ რანაირად მოახდენს მონიტორინგს. საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგისთვის ცხრილის სახით ანგარიშების ფორმები შეიმუშავა.” - ”ახალი თაობა” ამ ცხრილების განმარტებებს აქვეყნებს.

”ახალ თაობას” დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ეუბნება: ”საქმე ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში იმყოფება და ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა. მათი პოლიტიკა განწირულია კრახისთვის. ეს ფაქტი დადასტურდება არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება გააკეთებს რეალურ არჩევანს.”

”24 საათიც” აქვეყნებს სტატიას პარტიების ფინანსური მონიტორინგის თემაზე. სათაურია - ”კონტროლის პალატის მონიტორინგი და პოლიტრეაქცია”.

”24 საათში” დღეს ქვეყნდება რეპორტაჟი ავჭალაში არსებული ერთ-ერთი დასახლებიდან. სათაურია - ”მეცამეტე რაიონი”. ავტორი ჰყვება: ”სულ 15 ოჯახია და ამ თხუთმეტ ოჯახში 25 ბავშვი იზრდება. ცხოვრობენ ავჭალაში, პოლიციის ლამაზ და გამჭვირვალე შენობასთან ახლოს, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ნანგრევებში. სწორედაც რომ ნანგრევებში, რადგან აქაურობას ვერც შენობას უწოდებ და ვერც უვარგის საცხოვრებელს. სავარაუდო შესასვლელს საპატრიარქოს უნივერსიტეტის აბრა აქვს მიკრული - ეტყობა, ტერიტორია საპატრიარქოს ბალანსზე ირიცხება. აქაურ მცხოვრებლებს მხოლოდ პირადობის მოწმობები გააჩნიათ, ყოველგვარი მისამართის გარეშე. მათი მისამართი - მე-13 რაიონია, სადაც ყოველი ახალი დღე წინაზე უარესია. ცხოვრობენ მარტოხელა დედები და ამ დედებს, არნახული გაჭირვების მიუხედავად, აზრადაც არ მოსვლიათ საკუთარი შვილების საუკეთესო ბავშვთა სახლებში გამწესება; ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები და ეს მოხუცები მათხოვრობით ირჩენენ თავს; ცხოვრობენ დევნილები და ამ დევნილებისთვის რატომღაც არანაირი ფართი არ გამოინახა; ცხოვრობენ სახლებდამწვარი ოჯახები და მათი სახლების ადგილას ახლა სულ სხვა შენობებია აღმართული; ცხოვრობენ სოფლებიდან იძულებით გამოქცეული ადამიანები და ამ ადამიანებს ოჯახებში დაბრუნების იმედი გადაეწურათ; ცხოვრობენ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები და ამ სტუდენტებს ბინის დასაქირავებელი ფული არა აქვთ.” - ეს არის ნაწყვეტი რეპორტაჟიდან, რომელიც ”24 საათში” დაიბეჭდა და თბილისში არსებულ ერთ-ერთ დასახლებაზე მოუთხრობს მკითხველს.

”საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი ავტორი სასჯელაღსრულების სისტემაზე წერს: ”არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა - ამგვარია სასჯელის აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიდგომა პატიმართა გარდაცვალების საკითხისადმი.” ამავე ტექსტში წაიკითხავთ: ”ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იხსენებენ თუნდაც ერთ ფაქტს, როდესაც საპატიმროში ჯანმრთელად შესული ადამიანი იქიდან დასნებოვნებული გამოსულა და სახელმწიფოს მისთვის, თუნდაც დახმარების სახით, მიზერული თანხა გადაეხადოს. არადა, ამგვარი პირების მხრიდან შემოსული საჩივრები მრავლადაა როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე სხვადასხვა დონის სასამართლო ინსტანციებში.”
XS
SM
MD
LG