Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენარჩუნდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობა


იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემას იწყებს. საგრანტო კონკურსი პირველი ეტაპისათვის ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფომაციო კამპანიის წარმოების საკითხებზე გაიმართება. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მათი მიზანია მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება და მათი მდგრადობის ხელშეწყობა. როგორ შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას?

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის დირექტორი ნატო შავლაყაძე იუსტიციის სამინისტროს ფოიეში გამართულ პრეზენტაციას ესწრება. სამინისტრო გრანტების გაცემას იწყებს. პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსი ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გაიმართება. ნატო შავლაყაძე ამბობს, რომ მის ორგანიზაციას ტრეფიკინგის საკითხებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის დარწმუნებულია, რომ ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს შეუძლია წარმატებით განახორციელოს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სწორედ ამიტომ ორგანიზაციის რეგიონალური კომიტეტები აუცილებლად მიიღებენ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.
ჩვენი ბევრი პროექტი და ინოვაცია, რომელსაც განსაკუთრებით სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის სფეროში ვახორციელებთ ...

”ვეხმარებოდით ტრეფიკინგის მსხვერპლებს, ვთავაზობდით როგორც სარეაბილიტაციო, ასევე იურიდიულ მომსახურებას და დღეს უკვე, ვფიქრობ, აუცილებელია ამ მიმართულებით საინფორმაციო პოლიტიკის წარმოებაც. ორგანიზაციის რეგიონალური კომიტეტების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად მივიღებთ კონკურსში მონაწილეობას და, ვფიქრობ, ნამდვილად შევძლებთ საგრანტო პირობების შესრულებას, რადგან ამ მიმართულებით ბევრი გვიმუშავია”, - ამბობს ნატო შავლაყაძე.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს კანონში გრანტების შესახებ ცვლილება შევიდა და იმ უწყებათა სიას, რომლებსაც საგრანტო კომპონენტის განხორციელების უფლება აქვთ, სამინისტროებიც დაემატა. იუსტიციის სამინისტრო არის პირველი უწყება, რომელიც გრანტების გაცემას იწყებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ამბობს, საგრანტო კომპონენტის ამოქმედებით იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართვის რეალურ საშუალებას აძლევს:

”ჩვენი ბევრი პროექტი და ინოვაცია, რომელსაც განსაკუთრებით სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის სფეროში ვახორციელებთ, ვერ იქნება წარმატებული, თუ არ იქნება ეფექტური ჩართულობა და თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან.”

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მიზანია მცირე ზომის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება და მათი მდგრადობის ხელშეწყობა. ამდენად, თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უპირატესობას მიანიჭებს მცირე ზომის ორგანიზაციების დაფინანსებას. სულ დაფინანსდება ორი საგრანტო წინადადება, მათ შორის -ერთი დასავლეთ, მეორე კი აღმოსავლეთ საქართველოში. პროგრამის ბიუჯეტია 10 000 ლარი, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი - 5 000 ლარი იქნება.

როგორც ანდრო გიგაური, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად არასამთავრობო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იზრუნონ და სწორედ ამიტომ გადაწყდა პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსის გამოცხადება ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე.

ხომ არ იქნება ეს კიდევ გამეორება იმისა, რაც ორი წლის წინ მოხდა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის ფონდის შექმნასთან დაკავშირებით? ...
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი თავად იმ ფაქტს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ სამინისტროები გრანტების გაცემას იწყებენ და ამით გარკვეულ მხარდაჭერას აღუთქვამენ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ ინიციატივის შემდეგ ურთიერთობა არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის გაღრმავდება და კონკრეტულ შედეგსაც გამოიღებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს სამინისტროების მხრიდან გრანტების გაცემის დაწყების შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ შემთხვევაში რეალური კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის საკითხი. ის ასევე იხსენებს სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის ფონდის მუშაობის გამოცდილებას, ფონდისა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და მისი უმთავრესი ფუნქცია სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემა იყო.

”საინტერესოა, რამდენად მოხერხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნება. ხომ არ იქნება ეს კიდევ გამეორება იმისა, რაც ორი წლის წინ მოხდა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის ფონდის შექმნასთან დაკავშირებით? ჩვენ სახეზე გვაქვს ამ ფონდის საქმიანობის შედეგები, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც ძირითადად ეხება ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობას, ასევე იმას, რომ ფონდის საშუალებით ფინანსდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მე საკმაოდ ბევრ დოკუმენტს გავეცანი და ვიცი, რომ ყველა დანარჩენი დამოუკიდებელი ინიციატივა დარჩა მხარდაჭერის გარეშე”, - ირწმუნება უჩა ნანუაშვილი.
XS
SM
MD
LG