Accessibility links

logo-print
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი საქართველოში გატარებული ოთხწლიანი კარიერის დასასრულს აღნიშნავდა, რომ, მისი ხედვით, ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ფუნდამენტი სოფლის მეურნეობაზე აქცენტირებაა. მისი თქმით, თავისი გეოგრაფიული მოწყობით, მიწასთან ურთიერთობის ტრადიციით საქართველო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა და ამიტომაც აქ გრძელვადიანი პრობლემების მოგვარება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებით იქნება შესაძლებელი.

პერ ეკლუნდი თავის წერილში აღნიშნავდა:

”სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა და მოდერნიზების წარუმატებლობა, ჩემი აზრით, არის მთავარი ახსნა იმისა, თუ რატომ არის სიღარიბის დონე ქვეყანაში ჯერ კიდევ ასეთი მაღალი.”

პრობლემა რომ ფუნდამენტურია, საკუთარ დისკურსში ქვეყნის პრეზიდენტმა წელს ხაზგასმით აღნიშნა; პრობლემის სიმწვავე არა მარტო დისკურსში, არამედ 2011 წლის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტშიც აისახა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 2011 წელს ორჯერ დიდი იყო წინა წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვებით, ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ შეუქცევადად მცირდება. შესაბამისად, იზრდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. ერთი მარტივი მაგალითი: საბჭოთა კავშირის დაშლისას ქვეყანას ოთხ მილიონზე მეტი ძროხა ჰყავდა, დღეისათვის ქვეყანაში ძროხათა რაოდენობა მილიონ ნახევრამდე დავიდა.

გამოსავალი გზების ძიება

სოფლის მეურნეობის სისტემის წლიური შეჯამებისას უნდა ვახსენოთ სინგაპური, სახელმწიფო, რომელსაც საქართველოზე ასჯერ მცირე მიწა და დაახლოებით იმავე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, რაც ამ ქვეყანას შინაარსობრივად და გეოგრაფიულად არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიად აქცევს. ალბათ, სწორედ ამიტომაც სინგაპურში ეკონომიკის ერთადერთი დარგი, რომელიც ორმოცდაათწლიანი ’ეკონომიკური სასწაულის’ დროს ვარდნაში მოყვა, სოფლის მეურნეობა იყო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაკეთდა აქცენტი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის მიერ, რომ საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური წინსვლისთვის სწორედ ეს მოდელი იყო შესაფერისი და სასურველი.

’სინგაპურის’ მოდელი სოფლის მეურნეობაში?

ჯერ ერთი, უნდა აღვნიშნოთ, რომ სინგაპურიზაცია ზოგადად ეკონომიკური ტენდენციაა და არა მარტო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, თუმცა სოფლის მეურნეობაზე მისი გავლენის ფაქტორების უხეში გამოყოფაც შეიძლება. სინგაპურის მოდელი პირობით სახელწოდებად შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პოლიტიკის დასახასიათებლად, რომელიც ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებსა და ვერტიკალურ აღსრულებებს მოიცავს.
მაგალითად: წელს შემუშავდა სხვადასხვა სამოქმედო პროექტები და ამუშავდა სხვადასხვა პროგრამები, ცენტრალიზებულად მართული, რომელთა მთავარი მიზანი მსხვილი ინვესტიციების სოფლის მეურნეობაში მოზიდვა იყო, თუმცა დარგში ინვესტიციების რაოდენობა საერთო ინვესტიციების ჭრილში მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენდა. დასავლელმა პარტნიორებმა მთავრობა რამდენჯერმე, შეიძლება ითქვას, არაპირდაპირ გააკრიტიკეს, როცა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის მსხვილ საინვესტიციო ხელში ჩაგდება სოციალურ წონასწორობას დაარღვევდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სოციალურ დაძაბულობას გაზრდიდა. პრეზიდენტი სააკაშვილი კი აღნიშნავდა, ხელისუფლება ცდილობს დარგის ინოვაციასა და განახლებას, მაგრამ სისტემა ფეხს ვერ უწყობს სამთავრობო გადაწყვეტილებებს და მდგომარეობა დარგში ისევ მძიმე რჩებაო. სხვადასხვა ცენტრალიზებულად დაგეგმილი პროგრამების კვალდაკვალ, - მაგალითად, ისეთის, როგორიც იყო სიმინდის პროგრამა, რომელიც, ბევრი ექსპერტის აზრით, უბრალოდ, ჩავარდა, - წლის ბოლოს მთავრობამ დარგში ბონუსის სახით ოცდაათლარიანი ვაუჩერების ჩაშვება დაიწყო. და, საბოლოოდ, ისევე როგორც წინა ან იმის წინა წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემამ წელი მოკლევადიანი სამოქმედო პროექტების იმპლემენტაციით, სიმინდის პროგრამებით, ვაუჩერების დარიგებით და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შექმნის დაპირებით დაასრულა.

ევროპული მოდელი

დარგში რამდენიმე ათეულმილიონდოლარიანი ევროპული პროგრამა მუშაობდა წლის განმავლობაში. ევროპელები პირდაპირ ამბობდნენ: ერთი, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის შინაარსობრივად მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური განმსაზღვრელიაო. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ხუან ეშანოვე აღნიშნავდა:

”სოფლის მეურნეობა აუცილებელი ფაქტორია ქართული ხასიათისა, იმისა, რასაც ქართული ’სული’ ჰქვია, თუ ნებას მომცემთ ასეთი ტერმინი ვიხმარო. სოფლის მეურნეობის გარეშე თქვენ ვერ შეინარჩუნებთ კულინარიულ ტრადიციებს და ვერ შეინარჩუნებთ ლამაზ ლანდშაფტებს ქვეყნისა... ”

იგულისხმება ის, რომ სხვა შემთხვევაში ინდუსტრიული ინვესტიციების სავარაუდო შემოდინება ქვეყანაში არაპირდაპირ საფრთხეს სწორედ ზევით ჩამოთვლილ ფაქტორებს შეუქმნის…

ეს ერთი, რაც ხაზგასმით აღინიშნა წლის განმავლობაში. მეორე ფაქტორი, რაზეც ევროპელები საუბრობდნენ, არის ის, რომ სოფლის მეურნეობის ’გასაცოცხლებლად’ აუცილებელია არსებულ სტრუქტურაზე დაყრდნობით გამოსავლის მოძიება და არა მათი ზევიდან ხელოვნურად შექმნა. არსებულ სტრუქტურაში იგულისხმება ის, რომ სოფლის მეურნეობის სტრუქტურა საქართველოში ევროპულს ჰგავს, ანუ სოფლის მეურნეობის უდიდეს ნაწილს წვრილი საოჯახო მეურნეობანი შეადგენენ. რამდენიმე გავლენიანი ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ წვრილი ფერმერების მხარდაჭერა ერთადერთი გზაა. მხარდაჭერაში იგულისხმებოდა არა სუბსიდირება ან ერთჯერადი ფულადი შემწეობა… როგორც იგივე ხუან ეშანოვე აღნიშნავდა, პირიქით, სახელმწიფო გლეხებს ცოდნის მოძიებაში, ინფორმაციის მიღებასა და, შესაბამისად, დამოუკიდებლად მართვის უნარების გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს, რაც საბოლოოდ, ალბათ, გლეხების კოოპერაციულ ერთობებში გაერთიანებას გამოიწვევს. რადგან ამ გზით, ევროპელების აზრით, სოფლის მეურნეობის სისტემა შეძლებს ხარჯებს გაუსწორდეს და მოგება მიიღოს. ამის მიუხედავად, ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს ხარჯი ამ დარგზე მუდმივად უნდა იზრდებოდეს, რადგან ეს დარგი ქვეყნის გრძელვადიანი, საკვები უსაფრთხოების ფუნდამენტია. მოკლედ, სახელმწიფო მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, რომ გლეხი რაც შეიძლება დამოუკიდებელი გახდესო. შემდეგ გლეხი დაიწყებს გაერთიანებას სხვა გლეხებთან, კოოპერაციებში. ანუ გამოსავალი ქვევიდან უნდა ამოიძერწოსო, ამისათვის კი სახელმწიფომ მაქსიმუმ ის შეიძლება გააკეთოს, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოსო, ანუ სხვაფრივ ხელი არ შეუშალოსო.

სოცუალური კაპიტალის არარსებობა, როგორც პრობლემის ფუნდამენტი

თუმცა პრობლემა მთავრობის დონეს სცდება და გამოსავლის გზების ძიება მთავრობის ძალღონეს აღემატება, - აღნიშნავდა სხვადასხვა ანალიტიკოსი წლის განმავლობაში. ხაზი რამდენჯერმე გაესვა სოციალური კაპიტალის არარსებობის ფაქტორს ქვეყანაში, ანუ ამ შემთხვევაში გლეხების დაბალ უნარს გაერთიანდნენ საერთო მოგების გასაზრდელად და ხარჯების შესამცირებლად. „ეკონომისტი“ წელს ქვეყანაში დაბალი ’სოციალური კაპიტალის’ ანალიზისას აღნიშნავდა:

”ერთი მაგალითია ქვეყნის ფერმერები - ერთ დროს სასოფლო-სამეურნეო ბირთვი საბჭოთა კავშირისა. დღეს საქართველო თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის ორმოცდაათ პროცენტსაც ვერ ამუშავებს. სამუშაო ძალის ორმოცდაათზე მეტი პროცენტი ქვეყანაში სწორედ ამ დარგშია დასაქმებული და, ამის მიუხედავად, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის ათ პროცენტსაც ვერ აგროვებს ამ გზით.”

ამის გამომწვევ მიზეზად სახელდებოდა პოსტსაბჭოთა დამოკიდებულება კოოპერაციის მიმართ,რაც სახელმწიფოს მიერ ძალისმიერად იმართებოდა. ევროპელი კონსულტანტები აღნიშნავდნენ, რომ კოოპერაციის ის მოდელი, რომელიც ქვეყანამ უნდა აიღოს, ინდივიდუალურ ინიციატივაზე დგას და ევროპული სოფლის მეურნეობის სისტემის ფუნდამენტია.

პ.ს.

დაბოლოს, ევროკავშირის და დასავლელი ექსპერტების დასკვნებით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონის დაძლევის გზა შესაძლოა სწორედ ამ დარგში იყოს საძიებელი. რამდენიმე მარტივი სტატისტიკური ფაქტორი შეჯამებისას:

● საქართველოს მიწის ორმოცდაათი პროცენტი სასოფლო-სამეურნეოა.
●საქართველოს მოსახლეობის ორმოცდაათამდე პროცენტი სწორედ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე ცხოვრობს.
● ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის ორმოცდაათი პროცენტი გამოუყენებელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG