Accessibility links

logo-print

ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა


იულია ტიმოშენკო და მისი ქმარი ალექსანდრ ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო და მისი ქმარი ალექსანდრ ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ქმარს ჩეხეთის რესპუბლიკამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ასეთი გადაწყვეტილება დაადასტურა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ რეპკამ, რომელმაც „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრა, რომ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა 51 წლის ალექსანდრ ტიმოშენკოს თხოვნა. ალექსანდრ ტიმოშენკოს ეს ნაბიჯი მოჰყვა იულია ტიმოშენკოს ბადრაგირებას ხარკოვის ციხეში, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი 7 წელს დაყოფს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და რუსეთთან ხელმოწერილი გაზის კონტრაქტით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის გამო. ვარაუდობენ, რომ ამ ფონზე ალექსანდრ ტიმოშენკოსათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას შესაძლოა ჩეხეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის მორიგი გაუარესება მოჰყვეს.
ამ საუბრებიდან ცხადი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახული აქვს დააკმაყოფილოს თავშესაფრის თხოვნა ...

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა დაადასტურა. ჩეხეთის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან კუბიცამ პერსონალურად განმარტა, რომ სამინისტრო დააკმაყოფილებს თავშესაფრის თხოვნას:

„ამ საუბრებიდან ცხადი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახული აქვს დააკმაყოფილოს თავშესაფრის თხოვნა. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შესვენებისას მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და ვკითხე, მართალია თუ არა ეს, რადგან ამ საკითხზე ჩემთან კონსულტაცია არავის ჰქონია. მან მითხრა, რომ მართალია და ამას საბოლოოდ გადაწყვეტს ჩემი თხოვნით.“

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „ბატკივშინამ“ („მამული“) დღეს გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ალექსანდრ ტიმოშენკოს თავშესაფრის მოთხოვნა „იულია ტიმოშენკოზე განხორციელებულმა ზეწოლამ“ აიძულა. „იანუკოვიჩი წავიდა ყველაზე ბინძური გზით, გატეხოს იულია ტიმოშენკო მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლით. თავშესაფრის მოძებნის გადაწყვეტილება ნაკარნახევია სურვილით, გამოსტაცოს ხელისუფლებას „ბატკივშჩინის“ ლიდერზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი“, - ნათქვამია იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური ძალის პრესსამსახურის განცხადებაში.

გასული წლის ბოლოს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით. ამჟამად უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელს იხდის ხარკოვის კაჩანოვის კოლონიაში. რაც შეეხება მის ქმარს, ალექსანდრ ტიმოშენკოს, იგი არ იყო საჯარო ფიგურა, პრაქტიკულად არ ურთიერთობდა მედიასთან და არ ჩნდებოდა ხალხის წინაშე. გამონაკლისს წარმოადგენს იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი, რომელზეც ალექსანდრე ხშირად ჩნდებოდა სასამართლო დარბაზში იულია ტიმოშენკოსა და თავიანთ ქალიშვილ ევგენიასთან ერთად. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს ქალიშვილს, „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ევგენია ჯერჯერობით არ აპირებს ითხოვოს თავშესაფარი.

სააგენტო „როიტერსი“ ჩეხეთის მთავრობის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსანდრ ტიმოშენკომ თავშესაფრის თხოვნით 2011 წლის ბოლოს მიმართა ჩეხეთს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ექს-პრემიერის მეუღლის მიმართვამდე, ჩეხეთის მთავრობამ შარშან უკვე განიხილა მსგავსი საკითხი და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა იულია ტიმოშენკოს მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრს. საუბარია უკრაინის ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ბოგდან დანილიშინზე, რომელზეც, უკრაინის ხელისუფლების თხოვნით, შიდასახელმწიფოებრივი და ასევე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. დანილიშინს უკრაინის პროკურატურა ბრალად სდებს სახელმწიფოსათვის 4,5 მილიონი გრივნის ოდენობის ზარალის მიყენებას.

ჩეხეთის მთავრობის შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, მიეცა დანილიშინისათვის თავშესაფარი, უკიდურესად დაძაბა დიპლომატიური ურთიერთობა პრაღასა და კიევს შორის. კერძოდ, კიევიდან გასული წლის მაისში ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს ჩეხეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე. პასუხად ჩეხეთმა საკუთარი ქვეყნიდან გააძევა ორი უკრაინელი დიპლომატი. ვარაუდობენ, რომ ანალოგიური გართულება შეიძლება მოჰყვეს ალექსანდრ ტიმოშენკოსათვის ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას, მიუხედავად იმისა, რომ იულია ტიმოშენკოს მეუღლის მიმართ პროკურატურის ორგანოებს არ აქვთ არავითარი პრეტენზია.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, 51 წლის ალექსანდრ ტიმოშენკო უკვე გასული წლის ბოლოდან იმყოფება ჩეხეთში. ალექსანდრ ტიმოშენკოს ჩეხეთში ბიზნესინტერესებიც აქვს - მას ეკუთვნის აქციები ჩეხეთში მდებარე რამდენიმე ფირმაში, რომლებიც ინდუსტრიულ პროექტებს ახორციელებენ ჩეხეთის ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში.
XS
SM
MD
LG