Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 7 იანვარი 2012 წ.


აშშ-ის გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონიტორი“ განიხილავს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვნად შეამციროს სამხედრო ხარჯები.

„პრეზიდენტის წინადადების მიხედვით, მომავალი ომების - განსაკუთრებით, სახმელეთო ომების - მომზადებასა და დაგვირგვინებას მეტი დრო დასჭირდება“, - აღნიშნავს გაზეთი სარედაქციო წერილში. -„შეერთებულ შტატებს მოუწევს, უფრო მეტად მიმართოს სხვა ქვეყნების დახმარებას. ამავე დროს, უნდა გაძლიერდეს საზღვაო და საჰაერო ძალები აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, რათა დაცულ იქნეს ამ რეგიონებში შეერთებული შტატების ინტერესები. ასეთია ზოგადი სურათი. გეგმის დეტალებს იანვრის ბოლოს შევიტყობთ, როცა ბატონი ობამა ბიუჯეტს წარუდგენს კონგრესს, რომელიც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას. საბედნიეროდ, პენტაგონის მიერ ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, ადმინისტრაციის სურვილის თანახმად, კანონმდებლებიც ჩართული იყვნენ. უკვე საუკუნეზე მეტია, ერთ დროს იზოლაციონისტურად განწყობილი ამერიკა, ცდილობს, განსაზღვროს თავისი როლი მსოფლიოში - ყოველ ახალ გამოწვევასთან ერთად, როგორიც იყო, მაგალითად, 11 სექტემბერი. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონსენსუსის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტთან დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიც ეს არის“, აღნიშნავს „ქრისჩენ საიენს მონიტორი“ და დაასკვნის: „ობამამ და კონგრესმა სამხედრო ხარჯების მოცულობა უნდა დააფუძნონ ორპარტიულ სტრატეგიაზე და არა იმაზე, რის უფლებას იძლევა სახელმწიფო ბიუჯეტი. ფედერალური მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის დაცვა.“

შეერთებულ შტატებში გამომავალი კიდევ ერთი გაზეთი, „ლოს ანჯელეს ტაიმსი“, საუბრობს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ კრებაზე აიოვის შტატში, რომლითაც დაიწყო ნოემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა დასახელება. სამშაბათის კენჭისყრაზე, ე.წ. „კოკუსზე“, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმა უპირატესობა მიანიჭეს მიტ რომნის. ამასთან დაკავშირებით „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“ წერს:

„სამშაბათის კენჭისყრამდე სკეპტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ აიოვის შტატი მნიშვნელოვანი არ არის: ის საშუალო მაჩვენებელზე მეტად არის დასახლებული თეთრკანიანებით, შტატში ჭარბობს სოფლის მოსახლეობა, დაბოლოს, მისი სარწმუნოებრივი შემადგენლობა მეტისმეტად ევანგელისტურია საიმისოდ, რომ მთელი ქვეყნის, ან თუნდაც ერთი პარტიის მიკროკოსმოსად გამოდგესო, ამტკიცებდნენ ისინი. ... ცხადია, რომ ამ კენჭისყრის შედეგი საბოლოო სიტყვა არ არის. მალე უნდა გაიმართოს პრაიმარიზი ნიუ-ჰემპშირში, სამხრეთ კაროლინასა და ფლორიდაში. ოთხივე შტატის კენჭისყრები ერთად, გარკვეულწილად, ეროვნულ პრაიმარიზად შეიძლება ჩაითვალოს. და თუ რომნი მათს უმრავლესობაში (ან ყველა მათგანში) პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებს, მაშინ ის ძალიან მიუახლოვდება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს. თუ ვერა, ბრძოლა გაგრძელდება. და ეს ძალიანაც კარგი იქნება“, აღნიშნავს „ლოს ანჯელეს ტაიმსი“.

გასულ კვირაში ირანმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს სამხედრო-საზღვაო მანევრებს სპარსეთის ყურეში, კერძოდ ჰორმუზის სრუტეში, საიდანაც მსოფლიო ბაზარზე გაედინება დასავლეთის მოკავშირე არაბულ ქვეყნებში წარმოებული ნავთობი. მანამდე თეირანი დაიმუქრა, რომ გადაკეტავს სრუტეს, თუ მას სანქციებს დაუწესებენ. ამ კონფლიქტს ეხმაურება ისრაელში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი „ჯერუზალემ პოსტი“, რომელიც წერს:

„თეირანის მუქარა, რომ გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, შესაძლოა, მხოლოდ მუქარა იყოს, მაგრამ ის შეერთებული შტატების მიმართ პოლიტიკის ცვლილებას მოასწავებს. ... სამხედრო რეალობა ის არის, რომ სრუტე დიდხანს ვერ იქნება გადაკეტილი. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის თანახმად, სრუტე სულ რამდენიმე დღით თუ შეიძლება გადაიკეტოს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კი - თავისი ბაზით ბაჰრეინში - ზურგგამაგრებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებით, ბევრად აღემატება ირანის შეიარაღებულ ძალებს. თუმცა, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ირანის მიერ ასიმეტრიული სამხედრო ტაქტიკის გამოყენებამ, შესაძლოა, მოულოდნელი შედეგები მოიტანოს. ასე რომ, ირანს მართლაც ხელეწიფება, გარკვეული დროის განმავლობაში შეაფერხოს მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში“, აღნიშნავს „ჯერუზალემ პოსტი“.

ამ კვირაში არაერთი გამოცემა ამახვილებს ყურადღებას უნგრეთის მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც, ბევრი მიმომხილველის აზრით, ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს. მათი შეფასებით, მმართველი პარტიის ინიციატივით მიღებული კონსტიტუცია მიზნად ისახავს, ქვეყანაში დააბრუნოს ერთპარტიული მმართველობა და მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაუქვემდებაროს მართლმსაჯულება, ცენტრალური ბანკი და მედია. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით გერმანიის „ლუდვიგსბურგერ კრაისცაიტუნგი“:

„როცა ახალ კანონებს ძველი რიცხვით იყენებ, სამართლებრივ სახელმწიფოზე ლაპარაკიც ზედმეტია. არა, დემოკრატიასთან ყოველივე ამის დაკავშირება მხოლოდ ფორმალურად თუ შეიძლება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა ურთიერთმოქმედების მარტივი წესები გაუქმებულ იქნა. უნგრეთი ამიერიდან ავტორიტარული წესით იმართება, რის მოწმენიც უკანასკნელად ამ ოცი წლის წინათ ვიყავით, როცა ხელისუფლება კომუნისტებს ეპყრათ. თუმცა, ვის ადარდებს ეს ყველაფერი? ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მხოლოდ შეერთებულ შტატებს. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰილარი კლინტონმა ბუდაპეშტში მკაცრი წერილი გაგზავნა. ევროპის კავშირი კი მომხდარზე თვალს ხუჭავს, თითქოს ეს სულაც არ იყოს მისი საქმე.“
XS
SM
MD
LG