Accessibility links

logo-print

ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ამერიკელ ჯაშუშს


მირზაი ჰექმათი

მირზაი ჰექმათი

ირანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ირანის რევოლუციურმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ირანული წარმომავლობის ამერიკელ მოქალაქეს. განაჩენის თანახმად, 28 წლის მირზაი ჰექმათის, ყოფილ ამერიკელ საზღვაო-ქვეითს, რომელიც ასევე ფლობდა ირანის მოქალაქეობას, „სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობისა და ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობისათვის.“ განაჩენის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ირანის გენერალურმა პროკურორმა, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

28 წლის ამირ მირზაი ჰექმათი დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ მეზობელ ერაყსა და ავღანეთში განლაგებულ აშშ-ის ბაზებზე გაიარა მომზადება. ირანის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰექმათიმ აღიარა თავისი კავშირები დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან, თუმცა განაცხადა, რომ არ ჰქონია განზრახვა ზიანი მიეყენებინა ირანისთვის.

დეკემბერში ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჰექმათი აღიარებს, რომ ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტია, რომელიც ირანის უშიშროების სამინისტროში შეღწევის მიზნით გამოგზავნეს.

„ჩემი სახელია ამირ მირზა ჰექმათი „...

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰექმათიმ აღნიშნული ვიდეოაღსარება ზეწოლის შედეგად გააკეთა. ასევე ფიქრობენ ჰექმათის ნათესავები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ. ჰექმათის ოჯახმა მედიას უთხრა, რომ იგი ამერიკელ სამხედროებთან თარჯიმნად მუშაობდა როგორც ავღანეთში, ისე ერაყში. თეირანში კი ჰექმათი ბებიის მოსანახულებლად ჩავიდა, რა დროსაც იგი ირანის ხელისუფლებამ დააპატიმრა, ჯაშუშობის ბრალდებით. ირანული წარმოშობის ჰექმათი არიზონას შტატში დაიბადა და მიჩიგანის კოლეჯი დაამთავრა. მისი მამა ალი ჰეკმატი მიჩიგანის ფლინტის საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესორია.

დეკემბერში ჰექმათის ოჯახი ჩიოდა, რომ პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოთი. ირანში ჰექმათის დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, რომელიც პატიმრობის პერიოდში ერთხელაც კი არ შეხვედრია დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას, ხოლო ოჯახის მცდელობა დაექირავებინა 10 სხვადასხვა ადვოკატი, უშედეგოდ დამთავრდა.

ირანის გენერალურმა პროკურორმა გოლაჰუსეინ მოჰსენი ეჟეიმ 9 იანვარს დაადასტურა ინფორმაცია ჰექმათის მიმართ სასიკვდილო განაჩენის თაობაზე. თუმცა, ეჟეის თქმით, მსჯავრდებულს უფლება აქვს, 20 დღის განმავლობაში გაასაჩივროს განაჩენი ირანის უზენაეს სასამართლოში.

აშშ-ი ჰექმათის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა უფლება არ მისცა შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების ინტერესებს იცავენ, ენახათ ჰექმათი წინასწარი დაკავების იზოლატორში ან სასამართლო გამოძიების პროცესში.

9 იანვრის ვერდიქტი დაემთხვა ვითარების უკიდურეს გაუარესებას ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, რომლებმაც განიზრახეს გააფართოონ ეკონომიკური სანქციები თეირანზე მისი ბირთვული პროგრამის გამო.

თავის მხრივ, ირანმა 9 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააკავეს რამდენიმე კაცი, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის სასარგებლო ჯაშუშობასა და მცდელობაში, ჩაშალონ ირანში 2 მარტისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG