Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის უნივერსიტეტის აღდგენა გრძელდება


გორის უნივერსიტეტი
გორის უნივერსიტეტი
თეონა ქურთაული მე-6 წელია გორის უნივერსიტეტში სწავლობს. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მან აქვე ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურაში ჩააბარა. ამ 6 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის შენობა მის თვალწინ იცვლებოდა. ჯერ კიდევ დაწყებით კურსებზე თეონა მეგობრებთან ერთად გამურულ აუდიტორიაში იჯდა, სადაც ქარის დროს შეშის ღუმელი ქრებოდა, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები კი, ლექციის ჩატარების ნაცვლად, ხშირად იმის ცდაში იყვნენ, როგორმე ღუმელი გაეხურებინათ და აუდიტორია გაეთბოთ. აქ არც ტექნიკური ბაზა იყო გამართული - დამტვრეული სკამები და მერხები არაკომფორტულ გარემოს ქმნიდა. რამდენიმე წლის წინ კი უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების აღდგენა დაიწყო. თეონა ქურთაულის აზრით, ბევრი რამ შეიცვალა და გარემოც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ამჟამად გორის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარეობს: თითქმის მთლიანად დასრულებულია პირველი სასწავლო კორპუსის შეკეთება, ასევე შეკეთდა მეორე სასწავლო კორპუსი; უნივერსიტეტი ახალი ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვა, მარტო გასულ წელს 120 კომპიუტერი შეიძინეს, მუდმივად მიმდინარეობს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება, აუდიტორიების და ლაბორატორიების კეთილმოწყობა. წელს უკვე მესამე სასწავლო კორპუსის აღდგენაც დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოების გარდა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც, საერთო ჯამში, სწავლის ხარისხის ზრდას უწყობს ხელს.

გორის უნივერსიტეტში სიახლე ის არის, რომ კონკრეტული ფაკულტეტების ნაცვლად ყველა დამამთავრებელი გამოცდა ახლახან შექმნილ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე ნაწილმა ეკონომიური მოსაზრებებით თქვა უარი. მეორე კურსის სტუდენტს, გვანცა ტაბაშვილს, გორის უნივერსიტეტთან ოჯახური ტრადიციაც აკავშირებს: მისმა მშობლებმა და ნათესავებმა ეს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს.

იმ კორპუსებში, სადაც ახლა გორის უნივერსიტეტია განთავსებული, ერთ დროს ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, მოგვიანებით კი ეკონომიკური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. ძველი თაობის ლექტორ–მასწავლებლებს ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ახსენდებათ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტთან პროფესიული განათლების ცენტრიც არსებობს. უკვე ჩატარდა გამოკვლევა და ცენტრი იმ სპეციალობის კადრებს მოამზადებს, რომელზეც მოთხოვნა რეგიონის შრომით ბაზარზე სულ უფრო იზრდება. გორი საუნივერსიტეტო ქალაქია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, აქ მუშაობს სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და თავდაცვის სამინისტროს აკადემია.
XS
SM
MD
LG