Accessibility links

logo-print
გაზეთი ”იზვესტია” სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევასთან ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი იტყობინება, სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნების კამპანია სტარტს იღებს. ინტერვიუ ალა ჯიოევას მოსკოვში ყოფნისას არის ჩაწერილი. ჟურნალისტის კითხვაზე, ვის შეხვდა ის რუსეთის დედაქალაქში, ალა ჯიოევა პასუხობს, რომ მან პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმით მიმართა ხელისუფლების პირველ პირებს: ”ვნახოთ, როგორი რეაგირება მოჰყვება ჩემს წერილებს. მხოლოდ პირადი აუდიენციის დროს შეიძლება მათთვის იმ დოკუმენტების ჩვენება, რომელიც ჩვენს სიმართლეს ადასტურებს”, - ამბობს ალა ჯიოევა ინტერვიუში. კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას, ალა ჯიოევა ჟურნალისტს უპასუხებს: ”როგორც ცხინვალიდან შემატყობინეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, რომ არჩევნებში ყველა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, გარდა იმ პირებისა, რომელთა გამოც წინა არჩევნები ჩაიშალა. მე არ ვიცი, ის რას გულისხმობდა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩემს გამო ჩაიშალა”, - ამბობს ალა ჯიოევა ”იზვესტიასთან” ინტერვიუში. გამოცემასთან საუბრისას, ის არ გამორიცხავს, რომ განმეორებით არჩევნებში შესაძლოა გამოჩნდნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებიც წინა არჩევნებში არ ღებულობდნენ მონაწილეობას და სწორედ ასეთ კანდიდატებს მოიაზრებს ალა ჯიოევა რეალურ კონკურენტებად. მათ შორის კი ასახელებს სამხრეთ ოსეთის ელჩს რუსეთში დმიტრი მედოევსა და სამხრეთი ოსეთის გენერელურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს.

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ამბობს, რომ საქართველომ მას ძეგლი უნდა დაუდგას, წერს ”ვედომოსტი” და იტყობინება, რომ ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა. ”ვედომოსტის” ჟურნალისტი 6 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში მიუთითებს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ბაზარზე მინერალური წყლის, ”ბორჯომის” მიწოდების შესახებ. ის იმასაც იხსენებს, რომ ”ბორჯომის” შესვლა მოსკოვში 2006 წელს იმ მიზეზით შეწყდა, რომ მინერალური წყალი ვერ აკმაყოფილებდა დაწესებულ სანიტარულ ნორმებს. ონიშჩენკოს სიტყვებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თავად კომპანიასთან და არა საქართველოს ხელისუფლებასთან: ”საქმეს ის ფაქტი აიოლებს, რომ კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ”, - აცხადებს ონიშჩენკო. თავად ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუსა და ძეგლის დადგმის თაობაზე ონიშჩენკოს ფრაზას რაც შეეხება: როცა ”ეხო მოსკვის” წამყვანმა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს მის მიმართ ერთ-ერთი ქართველი მინისტრის სამადლობელ სიტყვები შეახსენა და იხუმრა, ახლა თქვენ ”ქართულ ორდენს” მიიღებთო, გენადი ონიშჩენკომ უპასუხა: ”ორდენი ჩემთვის ცოტაა, მე ძეგლს მოვითხოვო”.

7 იანვარს გაზეთმა ”ნოვიე იზვესტია” მცირე სტატია გამოაქვეყნა იმ სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური ქვეყნები გამოავლინა. სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს საერთაშორისო კომპანია ”გელაპ ინტერნეიშენალი” აქვეყნებს. როგორც ირკვევა, დედამიწის ყველაზე ბედნიერ ადგილად, 89 პროცენტიანი მაჩვენებლით, ფიჯი ითვლება, მას მოსდევს ნიგერია - 84 პროცენტით, შემდეგია ნიდერლანდები და შვეიცარია. როგორც გამოკვლევის შედეგებიდან ჩანს, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ მინიმალური პროცენტი მიიჩნევს თავს ბედნიერად და ბედნიერების პროცენტული მაჩვენებელი 10-მდეც ვერ აღწევს. საქართველოს ბედს იზიარებენ, ცხრა და რვა პროცენტით, ლიტვა და სერბეთი, რომელთაც, შვიდი პროცენტით, პალესტინა მოსდევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეგვიპტეში გამოკითხულთა ნული პროცენტი თვლის თავს ბედნიერად.

გამოცემა ”ნედელია” ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. სადღესასწაულო კვირის პერიოდში ჩაწერილი ინტერვიუ საახალწლო ტრადიციებზე საუბრით იწყება და მომღერლის გეგმების განხილვით გრძელდება. ინტერვიუს დასასრულს კი ნინო ქათამაძე გამოცემას საკუთარ სურვილებს უმხელს: ”მინდა, რომ რუსებსა და ქართველებს ერთად ცხოვრების სურვილი ჰქონდეთო”.
XS
SM
MD
LG