Accessibility links

ყოფილი ”ეროვნული საბჭო” - ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში


ეროვნული საბჭოს წევრები თბილისის მერის არჩევნების წინ. 2010 წლის 9 აპრილი

ეროვნული საბჭოს წევრები თბილისის მერის არჩევნების წინ. 2010 წლის 9 აპრილი

”კონსერვატიული პარტიისა” და ”ხალხის პარტიისგან” შემდგარი ერთობა -”ეროვნული საბჭო” - ამ ფორმით არსებობას წყვეტს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გარშემო ჩამოყალიბების პროცესში მყოფ კოალიციას უერთდება. კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ოპოზიციამ დროებით ”პარტიული ბრენდების” წინ წამოწევა უნდა შეწყვიტოს და ერთი საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანდეს. ამ გზაზე კონსერვატორებისა და „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ”ქართული ოცნებისათვის” საკუთარი ოფისების დათმობა იქნება.

” ‘ეროვნული საბჭოს’ მიზანი არასოდეს ყოფილა ორპარტიული ერთობის შენარჩუნება. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდით უფრო ფართო ერთობის ნაწილი გავმხდარიყავით”, - აცხადებს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. საბჭოს შემადგენლობაში დარჩენილი ორივე პოლიტიკური ძალა - „ხალხის პარტიაც“ და „კონსერვატიული პარტიაც“ - ბიძინა ივანიშვილის გუნდს უერთდება. როგორ ვითარდება კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა, ვის რა ადგილი უჭირავს და რა ევალება? დავითაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ხდება, საერთო პლატფორმის ფორმირებაა. ამაზე მეტი კონკრეტიკა პოლიტიკოსების განცხადებებში ჯერჯერობით საკმაოდ მცირე დოზითააა:
უფრო დიდ გაერთიანებაში გადადის „ეროვნული საბჭო“ და ის - მთელი თავისი პოლიტიკური რესურსით, ადამიანებით - მონაწილეობას მიიღებს მომავალი კოალიციის ფორმირებაში ...

”კვოტები დ ადგილების გადანაწილება ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, ჩვენი მიზანი მუდამ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება იყო. ამწუთში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ისაა, რომ მიმდინარეობს ერთიანი პლატფორმის ფორმირება. ჩვენ ჩვენი საკითხები გვაქვს, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ჩვენს კოლეგებს თავისი და ვცდილობთ მათ შეჯერებას. თანამდებობების გადანაწილება, ცხადია, დღეს არ მიმდინარეობს. ”

ზვიად ძიძიგური ლოგიკურს უწოდებს „ეროვნული საბჭოს“ სტრუქტურის შეცვლას კოალიციაში ინტეგრაციის პარალელურად. ახლა, მისი თქმით, ყველა რესურსი - როგორც ადამიანური, ისე მატერიალური - ”ქართული ოცნების” მიზნებს მოემსახურება; მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ოფისებიც ”ქართულ ოცნებას” დაეთმობა:

”უფრო დიდ გაერთიანებაში გადადის „ეროვნული საბჭო“ და ის - მთელი თავისი პოლიტიკური რესურსით, ადამიანებით - მონაწილეობას მიიღებს მომავალი კოალიციის ფორმირებაში და ჩვენი ოფისებიც იქნება ”ქართული ოცნების” ბალანსზე და იმუშავებს მის რეჟიმში.”
”ჩვენ დღეს არ გვაქვს ამ რესურსების გაფლანგვის უფლება, რადგან თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი ისედაც დამარცხებულია, ეს მცდარი აზრია ...

კონსერვატორების ლიდერი ამბობს, რომ მომავალი პოლიტიკური კოალიციის კარი კიდევ დიდხანს არ ჩაიკეტება. მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეროვნულ ფორუმთან“. კიდევ ვინ დადგება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის - „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ - გვერდით კოალიციაში, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ არც ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარებით თუ მხარდამჭერების მობილიზებით კოალიციის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს, მის გარეთ არ უნდა დარჩეს. ძიძიგური ასევე შენიშნავს, რომ საერთო პოლიტიკური მიზნისთვის პარტიული ბრენდების წინ წამოწევა დროებით უნდა შეჩერდეს:

”ჩვენ დღეს არ გვაქვს ამ რესურსების გაფლანგვის უფლება, რადგან თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი ისედაც დამარცხებულია, ეს მცდარი აზრია. წინ სერიოზული, დაძაბული ბრძოლა გველის და ამის მომსწრე გავხდებით მიმდინარე წელს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიული ბრენდები დროებით უნდა გაჩერდეს და ერთიანი ბრენდის ქვეშ მუშაობის პრონციპზე უნდა გადავიდეთ.”

აქვე შევნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში უკვე დაშლილი „ეროვნული საბჭოს“ წევრების გამოჩენაზე კომენტარისგან თავს იკავებენ როგორც „თავისუფალი დემოკრატები”, ისე ”რესპუბლიკელები”. ”ქართული ოცნების” ოფისში კი აცხადებენ, რომ მოძრაობამ ამ საკითხზე შესაძლოა სპეციალური განცხადება გაავრცელოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG