Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში დაზიანებული სახლების აღდგენა იწყება


სოფელ ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარი და დაზიანებული სახლების აღდგენა იწყება. ხელისუფლებამ უკვე დაასრულა მოლაპარაკება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან. ეს ორგანიზაციები ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ სოფელში 50 სახლს სახურავს გაუკეთებენ და კარ-ფანჯარას ჩაუსვამენ. ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გაახმიანა.
საერთოდ არ უნდა დარჩეს არავინ უკმაყოფილო მაგ პროგრამის განხორციელების შემდეგ. ძალიან დიდმა ნაწილმა გადასახური მასალა უკვე მიიღო ...

უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩაერევა და შესაკეთებელი სახლების სიას თავად საქმის მწარმოებლები განსაზღვრავენ. ერგნეთში ომის დროს 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ნაწილი სახლებისა უკვე შეკეთდა. გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „კარიტასი“, ერგნეთელებს გადასახური მასალით დაეხმარა, მაგრამ ეს მასალა ზოგმა დანიშნულებისამებრ გამოიყენა, ზოგმა კი გაყიდა. ახალი პროგრამის ფარგლებში, 50 სახლი უნდა შეკეთდეს, მაგრამ აღდგენა 70-ზე მეტ სახლს ესაჭიროება, ამიტომ ერგნეთელების ნაწილი ახლავე ცდილობს დახმარება პირველივე ეტაპზე მიიღოს. სოფელში კი მეზობლებს შორის ხშირად უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ მასალებს ზოგი ორჯერ, ზოგი კი სულ ვერ იღებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის“ ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ გვიამბო:

„საერთოდ არ უნდა დარჩეს არავინ უკმაყოფილო მაგ პროგრამის განხორციელების შემდეგ. ძალიან დიდმა ნაწილმა გადასახური მასალა უკვე მიიღო, ვისაც დამწვარი ჰქონდა სახლები. გასულ წელს „კარიტასმა“ შემოიტანა დიდი რაოდენობით სახურავები. ნაწილმა გააკეთა, ნაწილმა არ გააკეთა და შენახული აქვს, ნაწილმა კი გაყიდა, სიმართლე უნდა ითქვას. ახლა ისინი ისევ ცდილობენ დახმარების მიღებას, ამის გამო სხვას ხომ დააკლდება? შიფრებს 25 ლარად ყიდიდნენ. მაშინაც რა კრიტერიუმებით განაწილდა დახმარება, ეგეც გაურკვეველია.“

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნავდნენ, რომ ერგნეთში უკმაყოფილება უკვე შეიმჩნევა და აუცილებელია სამშენებლო მასალების სწორად გადანაწილება და აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას სამართლიანობის პრინციპით მოქმედება.

სოფელი ერგნეთი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად დაზიანდა, იქ შესულმა მარადიორებმა სახლები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ გადაწვეს. 100-ზე მეტ სახლში ცხოვრება შეუძლებელი იყო, მაგრამ ერგნეთელების ნაწილმა სოფელი მაინც არ მიატოვა. მომდევნო წლებში დანიის ლტოლვილთა საბჭომ ერგნეთელებს საკუთარ ეზოებში პატარა კოტეჯები ჩაუდგა. ახლა დაზიანებული სახლების აღდგენა მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესს მეტი მონიტორინგი სჭირდება, რათა სამშენებლო მასალები და დახმარება სამართლიანად განაწილდეს.
XS
SM
MD
LG