Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ აღადგენს წესრიგს ქვეყანაში


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უცხო ძალებს ადანაშაულებს სირიის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პირობას დებს, რომ წესრიგს აღადგენს ქვეყანაში. ის ამბობს, რომ მკაცრად გაუსწორდება „ტერორისტებს“. ასადმა დამასკის უნივერსიტეტში შეკრებილების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ „უცხოეთის შეთქმულება“ იწვევს კრიზისს, მაგრამ შეთქმულება წარუმატებელია და „არავინ აღარ ტყუვდება“. იქვე ასადმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ უშიშროების ძალებს დავალებული აქვთ დემონტრანტებისათვის ცეცხლის გახსნა: „ჩვენს ქვეყანაში არც ერთ დონეზე არ გაცემულა ბრძანება სამოქალაქო პირებისათვის ცეცხლის გახსნის შესახებ“. ასადის განცხადებით, მარტში გაიმართება რეფერენდუმი სირიის ახალი კონსტიტუციის შესახებ. საქმე ეხება სირიის პრეზიდენტის პირველ გამოსვლას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მას შემდეგ, რაც ის გასულ თვეში დათანხმდა არაბული ლიგის მოთხოვნას დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოღებაზე. დღეს ასადმა გააკრიტიკა არაბული ლიგა, რომელიც, მისი აზრით, თავს ვერ ართმევს სირიაში შუამავლობის მცდელობას. არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიას აკრიტიკებენ სირიელი ოპოზიციონერებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამკვირვებლები მეტისმეტად ლმობიერად აფასებენ ასადის რეჟიმის ქმედებებს. გაეროს შეფასებით, სირიაში 5000-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG