Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ტიმოშენკო მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინონ იულია ტიმოშენკო


ალექსანდრ ტიმოშენკო
ალექსანდრ ტიმოშენკო
საპატიმროში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მხრიდან მოსალოდნელი შურისძიებისგან დაიცვან მისი ცოლი, იულია ტიმოშენკო. აღნიშნული განცხადება წუხელ პრაღაში - რადიო თავისუფლების სათავო ოფისში - გააკეთა ალექსანდრ ტიმოშენკომ, რომელსაც 6 იანვარს ჩეხეთის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვებენ და ფიზიკურად გაანადგურებენ იულია ტიმოშენკოს ...

თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის მსჯავრდებული უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელს ხარკოვის კაჩანოვის კოლონიაში იხდის, მისი ქმარი კი იძულებული გახდა თავშესაფარი ჩეხეთის რესპუბლიკაში ეძებნა. ალექსანდრ ტიმოშენკოს 6 იანვრიდან უკვე ჩეხეთის კანონმდებლობა იცავს. მისი მთავარი საზრუნავი ამჟამად საპატიმროში მყოფი ცოლის სიცოცხლეა. ალექსანდრ ტიმოშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს, რომ იულია „ტიმოშენკო ცოცხალი დარჩეს“:

„ახლა ისინი (უკრაინის ხელისუფლება) ცდილობენ განახორციელონ სცენარი, რომლითაც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვებენ და ფიზიკურად გაანადგურებენ იულია ტიმოშენკოს. ისეთი უდიდესი დღესასწაულის დროსაც კი, როგორიც შობაა, ხელისუფლება ავრცელებდა ტყუილს, თითქოს მას ჩაუტარეს სამედიცინო შემოწმება. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, გაიგონ, რომ იანუკოვიჩის რეჟიმს არ სჭირდება ცოცხალი იულია ტიმოშენკო. მოვუწოდებ მსოფლიოს ლიდერებს, იხსნან იანუკოვიჩის რეჟიმის საპყრობილეში მყოფი ჩემი ცოლი ფიზიკური განადგურებისაგან.“

იულია ტიმოშენკო ციხის საავადმყოფოში
იულია ტიმოშენკო ციხის საავადმყოფოში
2004 წლის უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერი და ორი ვადით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი იულია ტიმოშენკო ერთი თვეა, რაც საპატიმროში იმყოფება. რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმების დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად მსჯავრდებული პოლიტიკოსი ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს.

იულია ტიმოშენკოს მომხრეების თქმით, ციხეში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ტანჯავს საპატიმროში შექმნილი მდგომარეობა. ტიმოშენკო იზოლირებულია ხარკოვის ქალთა კოლონიაში, ხოლო მის საკანში 24 საათის განმავლობაში სინათლე ანთია.
მოვუწოდებ ევროპის სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახების წევრებს...

იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სარჩელი შეიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ტიმოშენკოს დაპატიმრება დაგმო ბრიუსელმა და ვაშინგტონმა, სადაც მოხელეებმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. მაგრამ ალექსანდრ ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი, ამბობს, რომ ეს ცოტაა და ურჩევს დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინის რეჟიმს მკაცრი სანქციები დაუწესონ:

„მოვუწოდებ ევროპის სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახების წევრებს, განსაკუთრებით ვიქტორ იანუკოვიჩის შვილებს, გენერალური-პროკურატურის და უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის მოხელეებს, მოსამართლეებსა და გამომძიებლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ტიმოშენკოს საქმეში. მსოფლიო ლიდერებმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგონ, რომ იანუკოვიჩი და დემოკრატია ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. წარსულში ორგზის კრიმინალმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა.“

უკრაინასა და ევროკაშირს შორის ყოვლისმომცველი შეთანხების ხელმოწერა შეჩერებულია ევროკაშირის ლიდერების გამო, რომლებიც შეთანხმების აუცილებელ პირობად მიიჩნევენ წარმატების მიღწევას ტიმოშენკოს საქმეში. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არ მოუხდენია არანაირი ზეწოლა სასამართლო პროცედურებზე და რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბედის გადაწყვეტა მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული.

ალექსანდრ ტიმოშენკომ, რომელსაც 6 მაისს ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფარი მისცა, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს თავისი მეუღლის მხარდამჭერებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში დააარსოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებს გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციას, იულია ტიმოშენკოს პარტიის ანალოგიით, ერქმევა „ბატკივშჩინა“ და მას იულია და ალექსანდრ ტიმოშენკოს ქალიშვილი, ევგენია, ჩაუდგება სათავეში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG