Accessibility links

logo-print

ეკატერინა ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილს ადასტურებს


საზოგადოებრივი მოძრაობის ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილს ადასტურებს. ამ გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზებაა მითითებული ეკატერინა ხვედელიძის განცხადებაში, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. საქალაქო სასამართლომ გასული წლის 27 დეკემბერს, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილის შემთხვევისგან, უკანონოდ მიიჩნია ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქობის ჩამორთმევა. ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებისთანავე ძალაში არ შედის, რადგან მოპასუხეს გასაჩივრება კიდევ ორ ინსტანციაში შეუძლია. თუმცა, ადვოკატის თქმით, არსებობს გამონაკლისი წესით მიმართვის პრაქტიკა, რითიც ეკატერინა ხვედელიძემ 5 იანვარს ისარგებლა და მოსამართლეს, რომელმაც მისთვის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართა. ადვოკატები სასამართლოსგან პასუხს ორ კვირაში ელიან.
XS
SM
MD
LG