Accessibility links

logo-print
4 შვილის დედა, ია ბჟალავა, გორის მე-9 საჯარო სკოლაში 22 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე მას ერთი შენიშვნაც კი არ მიუღია და ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ფილოლოგად ითვლება. სერტიფიცირებულ პედაგოგს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე ხაჩიძემ მოულოდნელად გამოუცხადა, რომ მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს. ბჟალავასთვის გადაცემულ დოკუმენტში გათავისუფლების მიზეზი არ წერია. დირექტორს პედაგოგისთვის არც სიტყვიერად განუმარტავს, თუ რატომ უშვებდა სამსახურიდან. ია ბჟალავა მის გათავისუფლებას მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. თამაზ მაყაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერია. ია ბჟალავა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს.
ბავშვს როცა ვეუბნები, რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვა და უნდა იბრძოლო-მეთქი, მე უნდა ვიყო პირველ რიგში ამის მაგალითი...

„ზოგი მეუბნება, რა აზრი აქვსო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე ვალდებული ვარ ვიბრძოლო და ბავშვებს დაკარგული სიმართლის განცდა დავუბრუნო. ბავშვს როცა ვეუბნები, რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვა და უნდა იბრძოლო-მეთქი, მე უნდა ვიყო პირველ რიგში ამის მაგალითი“, – ამბობს ია ბჟალავა.

აღსანიშნავია, რომ გორის მე-9 საჯარო სკოლაში 50 მასწავლებლიდან მხოლოდ ექვსია სერტიფიცირებული. ამიტომ ბჟალავას კოლეგებისთვისაც მოულოდნელი იყო ეს საკადრო გადაწყვეტილება. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელენე ხაჩიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი კი აცხადებს, რომ პედაგოგის გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა, რადგან მისთვის გადაცემულ დოკუმენტში გათავისუფლების მიზეზი განმარტებული არ არის. ახალგაზრდა იურისტები მზად არიან ია ბჟალავას სასამართლოში ადვოკატირება გაუწიონ. ქეთი ბებიაშვილის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ოფისს არაერთმა გათავისუფლებულმა მასწავლებელმა მიმართა, რომელთა ნათესავები ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან. ბებიაშვილის თქმით, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პედაგოგები პროცესებს ვერ იგებენ, მაგრამ მათი უფლებებისთვის ბრძოლა მაინც უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი აქტივისტების მეუღლეებს, მშობლებს ათავისუფლებენ უკვე არაერთი თვეა. ამგვარი შემთხვევები იყო წინა წელსაც, მაგრამ ახლა უფრო მასობრივი ხასიათი შეიძინა ამან...
„სასამართლო პრაქტიკა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების მიმართ არის, ასე ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი. არც ერთ ასეთი ტიპის სარჩელს არ აკმაყოფილებს სასამართლო. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო პროცესი რაც გვქონდა, სასამართლომ კანონიერად ჩაუთვალა დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება, მაშინ როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრი პედაგოგი გაათავისუფლეს ისე, რომ ეს საკითხი საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს უკვე დიდი კანონდარღვევაა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რაც თავისთავად მიუთითებს სასამართლოს ტენდენციურობაზე“, – აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

შიდა ქართლში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს სამსახურებიდან ითხოვენ. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხაშურში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების ოჯახის წევრები სკოლიდან დაითხოვეს. ტინისხიდის სკოლიდან გაუშვეს სახალხო კრების ლიდერის, თამარ კოდოშვილის დედა, მანანა არჩუაძე. ასევე „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი აქტივისტის დედა მე-3 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ცაგარეიშვილი, მიიჩნევს, რომ შიდა ქართლში განსხვავებულად მოაზროვნე პედაგოგების დევნა და რეპრესიები ხორციელდება, რაც, მისი აზრით, არჩევნების მოახლოებას და პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება.
გიორგი ცაგარეიშვილი

გიორგი ცაგარეიშვილი


„ჩვენი აქტივისტების მეუღლეებს, მშობლებს ათავისუფლებენ უკვე არაერთი თვეა. ამგვარი შემთხვევები იყო წინა წელსაც, მაგრამ ახლა უფრო მასობრივი ხასიათი შეიძინა ამან. ეს უკავშირდება არჩევნების მოახლოებას და ბატონ ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე. ხელისუფლების შიშს - ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ - ძალიან დიდი თვალები აღმოაჩნდა. რაც უფრო დიდი ზეწოლა იქნება, მით უფრო დიდი წინააღმდეგობა იქნება ჩვენი მხრიდან“, – ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

ია ბჟალავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შალვა სრესელი კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ სკოლების შიდა საქმიანობაში არ ერევა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა კანონით წესრიგდება.

ია ბჟალავა საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მალე მიმართავს. ბოლო თვეების სტატისტიკით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ თხუთმეტმა პედაგოგმა მიმართა, რომლებიც თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათგან სასამართლოში საქმის დაწყებაზე მხოლოდ სამმა განაცხადა თანხმობა.
XS
SM
MD
LG