Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის მეუღლე პოლიტიკური პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს


”ქართული ოცნების” იურისტთა ჯგუფის პრესკონფერენცია
”ქართული ოცნების” იურისტთა ჯგუფის პრესკონფერენცია
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის დაარსებას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს - სწორედ ესაა მთავარი მოტივაცია, რის გამოც ის მოსამართლე შოთა გეწაძეს მისივე 27 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით მიმართავს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით ცნო სასამართლომ უკანონოდ ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი. ივანიშვილის მეუღლის პოლიტიკური გეგმები ცნობილი 11 იანვარს გახდა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ”ქართული ოცნების” იურისტთა ჯგუფის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქალაქო სასამართლოს, კოლეგების სახელით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიანი ვადა მისცა.
გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო პოლიტიკური პარტიის დაარსებასა და შემდგომში მის საქმიანობაში, ასევე ახლად შექმნილი პარტიის მეშვეობით კენჭი ვიყარო საპარლამენტო არჩევნებში...

ეკატერინე ხვედელიძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით 5 იანვარს მიმართა, განცხადებაში კი ჩაწერა:

”გადაწყვეტილი მაქვს მონაწილეობა მივიღო პოლიტიკური პარტიის დაარსებასა და შემდგომში მის საქმიანობაში, ასევე ახლად შექმნილი პარტიის მეშვეობით კენჭი ვიყარო საპარლამენტო არჩევნებში.”

მაგრამ ამისათვის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს სჭირდება დაუყოვნებლივ აღსრულდეს სასამართლოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ უკანონოდ ცნო მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. ”ქართული ოცნების” იურისტთა ჯგუფის წევრი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ, ჩვეულებრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მაშინვე არ შედის, ამისათვის საჭიროა გასაჩივრების ვადის ამოწურვა, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, როდესაც მოქალაქემ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო შეიძლება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვოს. განსაკუთრებული გარემოება ეკატერინე ხვედელიძისათვის უახლოესი პოლიტიკური გეგმებია, რომელიც 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ მოქალაქეობის სასწრაფოდ აღდგენის გარეშე ამ გეგმების განხორცილებას ის ვერ შეძლებს:
ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი
ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი

“ის ამ უფლებით ვერ ისარგებლებს მინიმუმ 2012 წლის განმავლობაში, რადგან კიდევ ორი ინსტანციაა გასაჩივრებისთვის დარჩენილი. მას სურს პოლიტიკური პარტიის მეშვეობით კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს, თუ გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ არ იქნება აღსრულებული.”

კბილაშვილის თქმით, მოსამართლე ამ საკითხს მანამ წყვეტს, სანამ საქმე მასთან არის - ეს ვადა კი ორი კვირით განისაზღვრება. ასე რომ, ”ქართული ოცნება” და ეკატერინე ხვედელიძე პასუხს მომდევნო ორ კვირაში ელიან.

”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბარიერები, - მით უმეტეს, ახლა, როდესაც ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკური მიზნები ცნობილია, - რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისი მოქალაქეობის დაუყოვნებლივ აღდგენას. ასე ფიქრობს ”ქართული ოცნების“ გამგეობის წევრი ირაკლი სესიაშვილი:

”თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად არ მოხდა, იმ ფონზე, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე ხვედელიძეს სურს პოლიტიკაში მოსვლა, ეს კიდევ უფრო დიდი უკანონობა იქნება, ვიდრე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. თუ ბიძინა ივანიშვილს არ აღუდგენენ მოქალაქეობას, მაშინ სწორედ ეკატერინე ხვედელიძე იქნება ის ფიგურა, ვინც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მისი სახელით წარმოჩნდება.”

ბიძინა ივანიშვილის სახელით ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკაში მოსვლას სკეპტიკურად აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. ის ფიქრობს, რომ მხოლოდ ფინანსური რესურსი, რომელსაც, სავარაუდოდ, ხვედელიძე მოახმარს საარჩევნო კამპანიას, არ იქნება საკმარისი წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის. პოლიტოლოგი კრიტიკულად უფრო მეტად ივანიშვილის მომავალი პარტიის შემადგენლობის მიმართ არის განწყობილი:
საფრანგეთის მთავრობა იძულებულია არ შეუწყვიტოს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა, სანამ ის არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას...

”თუ ამ საკითხს შევხედავთ ასე, რომ ქალბატონ ეკას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, ის, უბრალოდ, დამფინანსებელი იქნება კონკრეტული პარტიის, თორემ პოლიტიკური ლიდერობა, სწორედ ამ გამოცდილების არქონის გამო, გაუჭირდება. გასაგებია, რომ ის გაიზიარებს ივანიშვილის იდეებს, მაგრამ ჯერჯერობით არც ივანიშვილისგან ჩანს რეალური იდეა - მაგალითად, როგორი უნდა იყოს საგარეო კურსი ან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა როგორი უნდა იყოს. გულახდილად რომ ვთქვა, არა მგონია, რომ ამ პარტიაში პროგრესულად მოაზროვნე ხალხი შევა და ვფიქრობ, უფრო ფულის გამო გაერთიანდებიან... ჩემთვის მიუღებელია ომის დაწყებასთან თუ რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებული ივანიშვილის ცნობილი განცხადებები.”

11 იანვარს ასევე ცნობილი გახდა საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური წერილის შინაარსი. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, საფრანგეთის მთავრობამ ასე უპასუხა:

”საფრანგეთის მთავრობა იძულებულია არ შეუწყვიტოს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა, სანამ ის არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.”

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ 44 დღე რჩება. ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ”ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო რეესტრს ხუთ იანვარს მიმართა.
XS
SM
MD
LG