Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის სამეცნიერო ბიბლიოთეკას?


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების აქცია-ბრიფინგი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების აქცია-ბრიფინგი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, კონსერვატიული პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად, ბიბლიოთეკის შენობაში აქცია-ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, გასული წლის ივნისიდან ბიბლიოთეკა სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ბიბლიოთეკის 105 თანამშრომელი ითხოვს გაარკვიონ როგორი იქება მათი მომავალი და ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდის ბედი, რეორგანიზაციის შედეგად. მათი ვარაუდით, სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა შეიძლება აუქციონზეც გაიტანონ.
ჯერჯერობით ხელი არაფრისთვის უხლიათ და ვერც ახლებენ. მე პირადად ცოცხალი თავით არ დავთმობ, რომ ამ ბიბლიოთეკიდან ერთი წიგნი მაინც გაიტანონ...

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების განცხადებით, მათთვის გაურკვეველია, რა ბედი ელით ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია დასრულდება. ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების სამსახურის უფროსმა მანანა დეკანოსიძემ დღეს, 11 იანვარს, ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის დადგენილების ტექსტი გადასცა. ამ დადგენილებიდან, რომელიც გასული წლის 27 ივნისსაა მიღებული, ირკვევა, რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთეული ხდება, რეორგანიზაციის პროცესი კი მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულდეს:

”ხომ არ შეიძლება ყველაფერი ზურგს უკან გაკეთდეს, ხომ შეიძლება მოვიდეს თუნდაც ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი და განგვიმარტოს, რა ბედი გველის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაფრით არ შეიძლება ამ წიგნადი ფონდის ხელის ხლება.”

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლის კლარა ტონიას სიტყვებით კი, ისინი არავის დაანებებენ 3 მილიონზე მეტი წიგნადი ფონდის განადგურებას, რომელიც ბიბლიოთეკაშია დაცული, და შენობის გასხვისებას.

”ჯერჯერობით ხელი არაფრისთვის უხლიათ და ვერც ახლებენ. მე პირადად ცოცხალი თავით არ დავთმობ, რომ ამ ბიბლიოთეკიდან ერთი წიგნი მაინც გაიტანონ.”
ვიმეორებ, რომ წიგნების გადატანაც რომ მოხდეს, არავითარი საფრთხე არ იქნება, რომ რამე განადგურდეს, საფრთხე არც წიგნებს შეექმნება და არც თანამშრომლებს...

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მიერ გამოთქმული უკმაყოფილება აკვირვებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ღვედაშვილს. მისი სიტყვებით, უკანასკნელი წლის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა 15 სამეცნირო კვლევითი დაწესებულება და არც ერთ მათგანს პრობლემა არ შეჰქმნია. გიორგი ღვედაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ამბიციაც და რესურსიც, რომ რეინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელდეს. უნივერსიტეტისთვის ადამიანური რესურსიც ძალზედ მნიშვნელოვანია, განაცხადა გიორგი ღვედაშვილმა.

”ეს არის პროცესი და ის არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. მე ვიმეორებ, რომ წიგნების გადატანაც რომ მოხდეს, არავითარი საფრთხე არ იქნება, რომ რამე განადგურდეს, საფრთხე არც წიგნებს შეექმნება და არც თანამშრომლებს”, - ამბობს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი. მისი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია სად განთავსდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდი. ამ ეტაპზე მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელთა განცხადებით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ შენობის გასხვისებით ეკონომიკის სამინისტროა დაინტერესეული. კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით კი, რომელიც ბიბლიოთეკის თანამშრომელთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ცნობილია, რომ ეკონომიკის სამინისტრო შენობის აუქციონის წესით გაყიდვას აპირებს და მის ადგილას სასტუმროს ან კაზინოს გახსნას გეგმავს.
ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება და, როგორც ყველა სახელმწიფო საკუთრება, ის შეიძლება იყოს საპრივატიზებოდ გამოტანილი...

როგორც რადიო თავისუფლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპიკერმა პრივატიზაციის საკითხებში გიორგი კალანდაძემ განუცხადა, სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების საპრივატიზაციოდ გამოტანის შესახებ დადგენილებას მინისტრთა კაბინეტი იღებს, ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სამინისტროს ვებგვერზე 2 კვირით ადრე თავსდება. ეროვნული სამეცნიერი ბიბლიოთეკის შენობა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე ამჯერად არ დევს, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი კალანდაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, იგეგმება თუ არა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გასხვისება.

”ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება და, როგორც ყველა სახელმწიფო საკუთრება, ის შეიძლება იყოს საპრივატიზებოდ გამოტანილი. ნებისმიერი ასეთი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეიძლება ოფიციალურად ვთქვათ”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპიკერმა პრივატიზაციის საკითხებში გიორგი კალანდაძემ

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები კი მორიგი აქციის გამართვას ორშაბათს გეგმავენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG