Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 იანვარი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართულ პრესის პირველ გვერდზე ყველაზე ხშირად სამ, ერთმანეთთან დაკავშირებულ, სიტყვას შეხვდებით - "ქართული ოცნება", მედია და კონტროლის პალატა. "კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა - ასეთია ექსპერტთა შეფასება ამ სამსახურის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული ოცნების" ფინანსურ ანგარიშგებას შეეხება”, - წერს ”რეზონანსი”. ”ახალი თაობა” სტატიას ასე ასათაურებს: ”კონტროლის პალატამ ივანიშვილს ინფორმაცია მოჰპარა”, ”საქართველოს რესპუბლიკა“ კი ასე: ”ახალი ხრიკი ივანიშვილის წინააღმდეგ”.

”რეზონანსი” წერს, ექსპერტები ყველაზე სერიოზულად კონტროლის პალატის დასკვნის იმ ნაწილს მიიჩნევენ, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რომელ მედიასაშუალებას რამდენი გადაუხადა ”ქართულმა ოცნებამ". გაზეთი წერს, ”კონტროლის პალატას ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდაო". ”რეზონანსს” ვახტანგ ხმალაძემ უთხრა: ”უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ინფორმაცია მიიღეს რომელიმე სახელმწიფო ორგანოსგან, მაგალითად, ეროვნული ბანკისგან, მაგრამ ამას არ ამბობენ, იმიტომ რომ თავად ამ წყაროს არ ჰქონდა უფლება ასეთი ინფორმაცია გადაეცა სხვისთვის. რა უფლებით აქვეყნებს ის კონფიდენციალური შინაარსის ინფორმაციას და, მით უფრო, თუ ეს ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან აქვს მიღებული?”
”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ქართული ოცნების” წევრ ირაკლი სესიაშვილთან. ის ამბობს: ”ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აქვს ორი იარაღი: პირველი - ყველა დაადანაშაულოს რუსეთთან კავშირში, რადგანაც რუსეთი მტერია და მასთან კავშირი ავტომატურად ქვეყნის მტრობას ნიშნავს. ეს ყველაზე ნაცადი ხერხია, მაგრამ უკვე ხედავენ, რომ ამან ივანიშვილზე არ გაჭრა. ივანიშვილის შესახებ საზოგადოებამ იმდენი კარგი რამ იცის, ვერავინ იჯერებს, რომ ის რამე ანტიქართულ პროექტს მოჰკიდებდა ხელსო.” ირაკლი სესიაშვილი დასძენს: ”ამიტომაც აამუშავეს მეორე მანქანა, რაც ნიშნავს ძალადობას, ფინანსების შეზღუდვას, მაგრამ ესეც არ ჭრის. ეს რომ ჭრიდეს, სააკაშვილი შეწყვეტდა პარლამენტის გზით იდიოტური კანონების მიღებასო”.

დაბოლოს, იმავე ”ყველა სიახლეში” რეპერ ”ლექსენთან” ნახავთ ინტერვიუს. ის ჩივის, 2011 წელს არა მხოლოდ კონცერტებზე, არამედ ყველა გადაცემასა და ტოკშოუში დამბლოკეს, ეს კი საპროდიუსერო კომპანია ”არტ-ფორუმმა” გამიკეთა, რომლის უკანაც თბილისის მერი დგასო.” ”საზოგადოებას რაც მოსწონს, ის უნდა მიაწოდო, თორემ თქვენი სამთავრობო კონცერტები სულ ფეხებზე მკიდია”, - ამბობს ლექსენი და დასძენს: ”არა უშავს, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ყველაფერი მოწესრიგდებაო”.
XS
SM
MD
LG