Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოელი პატიმრის ბედი ათი წლის შემდეგ


რასულ კუდაევი დაპატიმრებამდე და დაპატიმრების შემდეგ
რასულ კუდაევი დაპატიმრებამდე და დაპატიმრების შემდეგ
11 მაისს შესრულდა ზუსტად 10 წელი მას შემდეგ, რაც კუბაში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ცენტრი ამოქმედდა. გუანტანამოში საპყრობილის შექმნა 2001 წელს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დროს, ავღანეთში საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ გადაწყდა და იქ, მთლიანობაში, 779 ეჭვმიტანილი იმყოფებოდა პატიმრობაში სხვადასხვა დროს. მათ შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

რასულ კუდაევსა და რუსლან ოდიჟევს, რომლებმაც გუანტანამოს ციხეში სამი წელი დაყვეს, საპატიმროდან გათავისუფლება ღმერთის საჩუქარივით უნდა მიეღოთ, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ უფრო დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს.

რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ამერიკელმა სამხედროებმა 2001 წელს ავღანეთში აიყვანეს ტყვედ. დაპატიმრების ოპერაციის დროს რასულ კუდაევი ხერხემალში დაიჭრა, რის გამოც ქრონიკულ ტკივილს განიცდის; დაავადებულია ასევე ჰეპატიტით. კუდაევის გარდა, გუანტანამოს ციხეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი მისი თანამემამულე რუსლან ოდიჟევი და ასევე რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქეც მოხვდა.

ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეების რეპატრიაცია გუანტანამოს ციხიდან 2005 წელს განხორციელდა ისე, რომ ისინი არ ყოფილან ბრალდებული ანდა გასამართლებული აშშ-ში.
იმის გამო, რომ კუდაევი გუანტანამოში იხდიდა სასჯელს, ახლა საგამომძიებლო იზოლატორის პატიმარია. მას ეუბნებიან, რომ იგი იყო საერთაშორისო ტერორისტი, უშუალო მონაწილეობას იღებდა თავდასხმების ორგანიზებაში და სხვა...

თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რუსლან კუდაევს, ახალგაზრდა მუსლიმანს ჩრდილოეთ კავკასიიდან, უშიშროების სამსახურის ადგილობრივმა თანამშრომლებმა უმალვე მიაკერეს „საერთაშორისო ტერორისტის“ იარლიყი, 2005 წელს კი იგი დააპატიმრეს, მართლწესრიგის ძალების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლისმღვრელ რეიდში მონაწილეობის ბრალდებით. ნალჩიკში მომხდარ ორდღიან შეტაკებებში ასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, კუდაევის თანამემამულე და გუანტანამოს სამხედრო ციხის ყოფილი პატიმარი რუსლან ოდიჟევი.
რუსლან კუდაევი იმ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, საიდანაც იგი უშიშროების მუშაკებმა გამოიყვანეს და იზოლატორში წაიყვანეს. მან ბრალდება აღიარა, თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, აღიარება ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული. კუდაევი საპატიმროში მძიმე პირობებში იმყოფება, მისი ჯანმრთელობა უკიდურესად არის შერყეული, პატიმარს მოშლილი აქვს ღვიძლის ფუნქცია, ტანჯავს გულის უკმარისობა, ამასთან, არა აქვს სათანადო კვება და სამედიცინო მომსახურება. მისი ნახევარძმის არსენ მოკაევის თქმით, რუსლან კუდაევის დაპატიმრება იმის ბრალია, რომ იგი გუანტანამოს ციხეში იმყოფებოდა:

„იმის გამო, რომ კუდაევი გუანტანამოში იხდიდა სასჯელს, ახლა საგამომძიებლო იზოლატორის პატიმარია. მას ეუბნებიან, რომ იგი იყო საერთაშორისო ტერორისტი, უშუალო მონაწილეობას იღებდა თავდასხმების ორგანიზებაში და სხვა. ეს ყველაფერი გუანტანამოს შედეგია.“

კუდაევის საქმეს ფხიზლად ადევნებს თვალს „ამნესტი ინტერნეიშენალი“, თუმცა ეს არსებითად ვერ ცვლის საქმის ვითარებას. უცნობია, თუ როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა ოდესმე ტერორიზმში ბრალდებული ახალგაზრდა ყაბარდოელი კაცის სასამართლო პროცესი. განსასჯელის დაცვაზე რამდენიმე ადვოკატმა უარი თქვა, მათ მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუქარის გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG