Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 იანვარი, 2012


დღევანდელი პრესა ეხმაურება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის განზრახვას, შექმნას პარტია: ”ივანიშვილის მეუღლე პარლამენტარობას გეგმავს”, ”ივანიშვილის მეუღლე პარტიას ქმნის”, ”ცოლის პარტია, ივანიშვილის სახელით”. ამ უკანასკნელი სათაურით სტატიას ”24 საათში” წაიკითხავთ. ავტორი წერს: ”აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს გარემოცვაში ერთი პირიც არ აღმოაჩნდა, რომელსაც პარტიის ჩამოყალიბებას ანდობდა. ამიტომ ბიზნესმენი ოჯახის წევრებზეა ფოკუსირებული. თუმცა მისი უფროსი შვილი უტა 19 წლისაა (დეპუტატად არჩევის მინიმალური ცენზი 25 წელია), ამიტომ ივანიშვილს დიდი არჩევანი არა აქვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების იმედზეა. მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ხვედელიძე პარტიას, სავარაუდოდ, ფორმალურად უხელმძღვანელებს, რადგან ძნელია ეკატერინე ხვედელიძე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების კონკურენტად წარმოიდგინო.”

”24 საათი” დღევანდელ ნომერში სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობაზეც წერს და მკითხველს აუწყებს, რომ დღეიდან კომისიისთვის გამოყოფილი თანხის ერთადერთი განმკარგავი თავად კომისია იქნება. ამავე სტატიაში ლაპარაკია სიების დაზუსტებისა და დამისამართების პროცესებს შორის პოტენციურ პრობლემებზე მომავალში.

”სააკაშვილმა და ადეიშვილმა ივანიშვილს და მედიას პირადი პროკურორი დაუნიშნეს” - ეს ”რეზონანსის” სათაურია. სტატიის დასასრულს წაიკითხავთ: ””რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა თავად ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელისგან მიეღო პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატომ და რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული ”ქართული ოცნება” და რატომ არ მოწმდება ქვეყანაში ყველაზე დიდი პარტია - ”ნაციონალური მოძრაობა”, რატომ არ დაინტერესდნენ რა თანხა აქვს გადახდილი და რომელ მედიასაშუალებაში ”ნაცმოძრაობას”, თუნდაც, მხოლოდ რეკლამაში. რატომ აქვთ სხვადასხვა პარტიებს ანგარიშის წარდგენისთვის სხვადასხვა ვადა და ა.შ.. მაგრამ ნათია მოგელაძემ ჩვენთან საუბარი მთელი დღის განმავლობაში არ მოისურვა. იმედია, დღეს მაინც გაგვცემს ამ კითხვებზე პასუხს”, - იმედს იტოვებს ”რეზონანსის” ავტორი.

”ახალ თაობაში” ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით ”ირაკლი ალასანია: ”ნაციონალებსა და სააკაშვილს რუსული კომპანიები აფინანსებენ”. ალასანია ამბობს: ”ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ყველაფერი გამოჩნდა და გამოჩნდება კიდევაც. ყველაფერი კანონის შესაბამისობაშია, ამიტომ უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, პირველ რიგში ”ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშები”. ჟურნალისტი: ”სადაც, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების საყვარელი ”რუსული ფული” დავინახოთ?”. ალასანია: ”დიახ, დავინახავთ, მოდის თუ არა რუსული ფული. აი, გეტყვით, რომ შარშანდელი დაფინანსებები ძალიან ბევრია, სადაც მე ვიცი და, ალბათ, ეს საჯაროც გახდება, რომ რუსეთის მიერ 51%-ის მფლობელი კომპანიები აფინანსებენ ”ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს...”.

”რეზონანსის” დღევანდელ ნომერში სრულდება ინტერვიუ ზურაბ დგებუაძესთან, თავის დროზე ლევან კალაძის საქმეზე კალაძეების ოჯახის ადვოკატთან, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ინტერვიუს დასასრულს დგებუაძე ამბობს, რომ ლევან კალაძის გატაცების საქმის სრულად გახსნისთვის ”პოლიტიკური ნებაა საჭირო”. ”არსებობს შანსი, თუნდაც ის, რომ ბატონ ივანიშვილის გვერდით კახი კალაძეც აქტიურად იღვწის. ასე რომ, ამ პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თავად კახის ეძლევა შესაძლებლობა ამ მეტად ჩახლართულ საქმეზე დარჩენილ კითხვებს პასუხი მოუძებნოს.”

”დიახ, უნდა შეიქმნას მესამე ძალა, ერთი მძლავრი ბირთვი, რომელიც იაზროვნებს ქართულად”, - ეუბნება ”ალიას” ”სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი და განაგრძობს: ”მე არ ვიცი, ამას ბურჯანაძე გააკეთებს თუ ქიბროწაშვილი, მაგრამ უნდა გაკეთდეს. უნდა შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავის გადადება.”

”ალიას” დღევანდელ ნომერშივე გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ხაინდრავა ამბობს: ”საქართველოს ხელისუფლება კი არ ჰყავს, არამედ ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებს ახორციელებს ხელისუფლების სახელით. ერთი ნაწილი პირდაპირ რუსეთს ემსახურება, მოერე ნაწილი - პირდაპირ ამერიკას. მათ შორის არის დაჯგუფება, რომელიც ორივე ქვეყანასთან თამაშობს. ეს რუსეთსაც აწყობს და ამერიკასაც რაღაც მომენტამდე.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG