Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენომის ახალი დეკოდერი დიდ „იმედებს“ იძლევა, მაგრამ ეთიკურ პრობლემებსაც წარმოშობს


აშშ-ში მოქმედი ბიოტექნოლოგიური ფირმა გენომის ახალ დეკოდერებს აწარმოებს და მათზე შეკვეთების მიღებაც დაიწყო. სიახლე ისაა, რომ მოწყობილობას სწრაფად, ერთ დღეში, და იაფად, მხოლოდ ათას დოლარად, შეუძლია დაადგინოს ადამიანის გენეტიკური პროფილი. მკვლევრები დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ დაავადებათა დადგენის საქმეში ამგვარი მანქანის გამოყენების გამო, მაგრამ, ამავე დროს, სერიოზული შეკითხვები ჩნდება ადამიანის პირადი სფეროს ხელშეუხებლობის დარღვევის გარშემო.

ამავე ოდენობის თანხით ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ეს ნიშნავს, რომ უკეთესი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, თუ ნიმუშების უფრო ფართო სპექტრს შეისწავლით ...
რამდენის შეტყობა შეიძლება ერთი ადამიანის შესახებ დღეში? არ არის საჭირო ძალიან დაკვირვებული იყოთ იმის დასადგენად, თუ რა ფერის თვალები აქვს ადამიანს ან რა ფერის თმა, რა სიმაღლისაა და ასე შემდეგ. თუ ერთ-ორ შეკითხვას დაუსვამთ, გაიგებთ, როგორ ატარებს თავისუფალ დროს და რა უყვარს და რა არა და ასე შემდეგ. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული უნარი, ღრმად ამოიცნონ სხვა ადამიანი, ჩაიხედონ მის წარსულში და ვინ იცის, იქნებ მომავალშიც. მაგრამ რაზეც გენეტიკოსები ლაპარაკობენ, სხვაა. აქ ადამიანის ნიჭი არაფერ შუაშია. მეცნიერები უჯრედების კვლევით ადგენენ იმ ორგანიზმის თვისებებს, სადაც ეს უჯრედი ბინადრობს და მასში შენახული, ასე თვლის ბუნებისმეტყველება, დნმ-ის წყალობით დაასკვნის, რა სახის კიბო დაემართება ამა თუ იმ პირს ან გამელოტდება თუ არა და სხვ. ამის დადგენას ადრინდელივით კვირები კი არ სჭირდება, არამედ ეს ერთ დღეში ხდება ახლად შექმნილი, ჯერ ბაზარზე არც კი გამოტანილი, „იონურ-პროტონული სეკვენატორის“ მსგავსი დანადგარების გზით. ამას ამტკიცებენ მისი შემქმნელები - აშშ-ის ფირმა „ლაიფ ტექნოლოჯი“. ეს არის ადამიანის გენომის (ადამიანის გენთა ერთობლიობის) გაშიფვრის (ანუ დნმ-ის ერთეულების/ნუკლეოტიდების თანამიმდევრობის გაგების) ახალი თაობის დეკოდერი, რომელსაც შეუძლია ერთი ადამიანის დნმ-ის ყველა - სამი მილიარდი ერთეულის -ე.წ. ნუკლეოტიდის წაკითხვა. ამით მიიღება,მეცნიერთა თვალსაზრისით, უნიკალური ინფორმაცია, რომელიც მათ ამცნობს, როგორ შეუძლია ამა თუ იმ ორგანიზმს განვითარდეს და იმოქმედოს. და ეს ხდება ამ ახალი მანქანის გზით, სწრაფად და იაფად. ამას მანქანა აღწევს ნახევარგამტარებზე აგებული მიკროჩიპების ტექნოლოგიით. მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენება ციფრულ ფოტოაპარატებში.

ამ ეტაპზე დანადგარებს მხოლოდ კვლევისთვის ხმარობენ, სამედიცინო მიზნით - ჯერ არა. მაგრამ ასეთი მოწყობილობა, სამაგიდო ზომისა, იაფი, პირველად შექმნა ფირმა „ლაიფ ტექნოლოჯიმ.“ ამ მანქანებით გენეტიკური პროფილის მიღება ათასი დოლარი დაჯდება. დაჯდება-მეთქი ვამბობ, რადგან ეს მოხდება მომავალში. ათ იანვარს გამოაცხადა ფირმამ, რომ იღებს შეკვეთებს. ფირმის მარკეტინგის სფეროში ვიცე-პრეზიდენტი მანიშ ჯეინი თვლის, რომ დროის და ხარჯების შემცირება აჩქარებს გენეტიკის განვითარებას, იმის გაგებას, თუ რა უჯრედები იწვევს კიბოს და რომელი წამალი სჭირდება ამა თუ იმ პაციენტს:

„ამავე ოდენობის თანხით ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. ეს ნიშნავს, რომ უკეთესი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, თუ ნიმუშების უფრო ფართო სპექტრს შეისწავლით. დროის ასე მკვეთრად შემცირება ნიშნავს, რომ იმავე ვადებში ორჯერ მეტ ცდას ჩაატარებთ. თქვენი კვლევის ტემპი ერთობ სწრაფი ხდება და აღმოჩენებიც ბევრად სწრაფად კეთდება.“
ძნელი არ არის ვინმეს დნმ-ის დადგენა. მისი მოპოვება შეგიძლიათ ცხვირსახოცზეც და სათვალეზეც. არის საფრთხე, რომ ვინმემ თქვენი დნმ-ის დადგენა სცადოს თქვენი სურვილისა და ნებართვის გარეშე. და აქ წარმოიქმნება საინტერესო საკითხები ...

აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის, ადამიანის გენომის სეკვენირების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გიბსი ამბობს, რომ გენების სეკვენირება - ანუ მათი შემადგენელი ერთეულების თანმიმდევობის განსაზღვრა - ათას დოლარად აუხდენელ ოცნებად ეჩვენებოდათ მეცნიერებს რამდენიმე წლის წინ. ეს ცენტრი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ახალ ხელსაწყოს მიიღებს. ისინი უცხოეთის ბაზარზე გაისად გამოჩნდება. არაერთი ექსპერტი მოელის, რომ სეკვენატორები - მათი, ალბათ, კიდევ უფრო იაფი ვერსიები - საავადმყოფოებში ექიმებისთვის მალე სტანდარტული აღჭურვილობა იქნება.

ამ სიკეთეების გარდა, გენური ინფორმაციის სწრაფად და იაფად დადგენას ახლავს უარყოფითი მხარეც. თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და მართლაც შესაძლებელია ადამიანის შესახებ ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მიღება, ბიოეთიკოსების აზრით, იზრდება რისკი, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა აღარ იქნება დაცული. მათ რიცხვშია ანთურ კაპლანი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის დირექტორი:

„ძნელი არ არის ვინმეს დნმ-ის დადგენა. მისი მოპოვება შეგიძლიათ ცხვირსახოცზეც და სათვალეზეც. არის საფრთხე, რომ ვინმემ თქვენი დნმ-ის დადგენა სცადოს თქვენი სურვილისა და ნებართვის გარეშე. და აქ წარმოიქმნება საინტერესო საკითხები. მათი სპექტრი დიდია. არის შესაძლებლობა დადგინდეს ბავშვის მამობა,რაც გენებით ირკვევა. ასევე, ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დაქორწინებამდე გაარკვიოს მისი მეგობარი ავადმყოფი ხომ არ არის. ასე რომ, დნმ-ის საიდუმლო კვლევით, ვიღაცამ შეიძლება სცადოს იმის გარკვევაც, კარგი მეუღლე იქნება თუ არა მისი პარტნიორი.“
რა მოხდება, თუ მშობლები ისურვებენ, მათი შვილების ჩანასახი თუ ემბრიონი გენეტიკურად შემოწმდეს?...

სხვა რისკებიც არსებობს. კერძოდ, ის, რომ სადაზღვევო კომპანიები ადამიანის გენეტიკური პროფილის მიხედვით დაიწყებენ საავადმყოფო დაზღვევის გადასახადის დადგენას, მშობელთა შორის კი, ალბათ, ბევრი იქნება ისეთი, - დღევანდელი ცნობიერება ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა, - ვინც ჯერ კიდევ გაუჩენელი შვილების ჯანმრთელობის კვლევას შეუდგება. კაპლანი ამბობს, რომ ხალხმა შეიძლება დაიწყოს ამ ახალი ხელსაწყოების გზით თავიანთი შვილების სამომავლო სექსუალური ორიენტაციის დადგენაც:

„საკითხავი ისაა, სჭირდება თუ არა ადამიანს ამის ცოდნა, ან თუ სჭირდება, რა შეუძლია გააკეთოს. რა მოხდება, თუ მშობლები ისურვებენ, მათი შვილების ჩანასახი თუ ემბრიონი გენეტიკურად შემოწმდეს? ამ საკითხზე დიდია აზრთა სხვადასხვაობა - როდის შეიძლება გენეტიკური ანალიზის ჩატარება, როცა საქმე დაავადების დადგენას ეხება.“

ამიტომ, კაპლანის აზრით, კანონი უნდა ეხებოდეს გენეტიკური ინფორმაციის სფეროსაც. თუმცა ამ აპარატების შემქმნელებს, და ეს ბუნებრივიცაა, ასეთი კვლევის დადებით მხარეზე ყურადღების გამახვილება უფრო სურთ, ვიდრე უარყოფითზე.

თურმე გასულ წელს, როცა გერმანიაში მომაკვდინებელი „ე-კოლის“ ბაქტერია გავრცელდა და ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა, ასეთი სეკვენატორის საშუალებით მიაკვლიეს მეცნიერებმა მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაქტერიის შესახებ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG