Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმავე სცენარით მარტის არჩევნებზე


საახალწლო არდადეგების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა განაახლა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესიც დაიწყო. თვითაღიარებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო განმეორებითი არჩევნები 25 მარტს ჩატარდება. როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში არჩევნები ორ ტურად ჩატარდა და მასში ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რასაც ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მომიტინგეები ალა ჯიოევას გამარჯვების აღიარებას მოითხოვდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში კრემლის წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი ჩაერია და მისი შუამავლობით კოკოითისა და ჯიოევას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კოკოითის და მის თანაგუნდელებს თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ, ჯიოევა კი განმეორებით არჩევნებზე დათანხმებულიყო. შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. კოკოითიმ პრეზიდენტის პოსტი კი დატოვა, მაგრამ მისმა ნათესავებმა, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, თანამდებობები შეინარჩუნეს. ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია დაარეგისტრირებენ თუ არა ალა ჯიოევას კანდიდატურას, არადა, ამავე შეთანხმების მიხედვით, მას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მისცემოდა. შეუსრულებელი შეთანხმების გამო ოპოზიციამ კრემლის მოხელეებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ისინი პროცესს ჩამოსცილდნენ. ამჟამად ყველაფერი ისევ ნოემბრის სცენარის მსგავსად დაიწყო. საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის საინიციატივო ჯგუფების მიერ იგორ ალბოროვისა და გიორგი კაბისოვის კანდიდატურები შევიდა. ეს პირები ნოემბრის არჩევნებშიც იღებდნენ მონაწილეობას. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იგორ ალბოროვმა საკუთარი კანდიდატურა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა, ინფორმაციის და კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კაბისოვმა კი პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 7 პროცენტზე მეტი მიიღო. ცხინვალელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი იური ვაზაგოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე თვალსაჩინოა ნოემბრის არჩევნების სცენარის განმეორების ნიშნები.

ვაზაგოვის აზრით, დაძაბული ფონი მარტის არჩევნების თანმდევიც იქნება, რადგან ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა. მისი აზრით, საქმე იქით მიდის, რომ ალა ჯიოევას რეგისტრაციაზე უარი უთხრან. ამისათვის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო, პარლამენტში კი ჯერჯერობით არაფერი კეთდება. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შედეგების გაუქმება სწორედ ჯიოევას მხრიდან დარღვევების გამო მოხდა, დამრღვევ კანდიდატს კი განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თუ ჯიოევას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ოპოზიციას აუცილებლად ეყოლება სარეზერვო კანდიდატი, ამ შემთხვევაში კი გვარს და სახელს უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან საპროტესტო ელექტორატი სწორედ მას დაუჭერს მხარს, ვისაც ოპოზიცია წამოაყენებს.

ოპოზიციის შტაბში კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ოსი ექსპერტების აზრით, იმ ადამიანებმა, ვინც უკვე გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, -იგულისხმება ალბოროვი და კაბისოვი, - ამომრჩევლის განწყობის იგნორირებას ახდენენ, რადგან გაუგებარია ასეთი მინიმალური მხარდაჭერის შემდეგ მათი სიჯიუტე. ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლებას ხელს აძლევს რაც შეიძლება მეტი კანდიდატი დარეგისტრირდეს, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდეს.
XS
SM
MD
LG