Accessibility links

logo-print

პარლამენტის მოხელე ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას გაემიჯნა


ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დაქირავებულმა მოხელემ ზურაბ ჯიბღაშვილმა პარტიის პოლიტიკური მდივანი ნიკა ლალიაშვილი „ექსტრემისტულ შეხედულებებში“ დაადანაშაულა და სამსახური დატოვა. ჯიბღაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის სამდივნოს უფროსი იყო. ზურაბ ჯიბღაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო პარტიის იდეოლოგია და განსაკუთრებით, ნიკა ლალიაშვილის პოზიცია 2011 წლის 26 მაისის აქციებთან დაკავშირებით. ნიკა ლალიაშვილი ამართლებდა მიტინგის დაშლას და „ფეისბუქზე“ პირად მიმოწერაში აღნიშნავდა, რომ ხელისუფლება მომიტინგეებს უფრო მკაცრად უნდა გასწორებოდა, - აცხადებს ჯიბღაშვილი. ნიკა ლალიაშვილს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია, ჯიბღაშვილის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტარი რატი მაისურაძე, კი ნიკა ლალიაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს „პიროვნულ უთანხმოებას“ უკავშირებს. საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიას საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ქრისტიან-დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას, თუმცა მთლიანად უჭერენ მხარს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
XS
SM
MD
LG