Accessibility links

logo-print

ივანიშვილის მეუღლის ტელევიზია ფართო მაყურებლისთვის ემზადება


ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ერქმევა, სად დაიდებს ბინას და როდის გავა ეთერში ახალი ტელეკომპანია, რომლის მართვაც შპს ”აქცეპტის“ პრეროგატივა იქნება. საუბარია კომპანიაზე, რომლის 80%-საც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს. ეს შესაძლებლობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც შპს ”იგრიკამ”, 3-წლიანი ლოდინის შემდეგ, მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. რას ისახავს მიზნად ახალი ტელეკომპანია და რა კავშირი აქვს მას ტელეკომპანია ”მაესტროსთან”?

თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ იმ ლიცენზიის თანახმად, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიიღო, შპს „იგრიკამ“ საკაბელო ქსლის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა, ხოლო, 23 დეკემბერის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ყველაფერს თანამგზავრით მაუწყებლობის უფლებაც დაემატა. პირობების თანახმად, კომპანიამ 24-საათიანი ტელემაუწყებლობა 10 თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს და ეს ვადა 2012 წლის ივლისში იწურება.
იყო მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან როგორც მარეგულირებელი კომისიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ...

სასურველი ლიცენზიისთვის წლების მანძილზე იბრძოდა შპს ”იგრიკის” 100%-იანი წილის მფლობელი ილია კიკაბიძე, რომელიც, ამავე დროს, ”მაესტროს” გენერალური დირექტორი და მეწილეა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ლიცენზიის მოთხოვნის განაცხადი მან ჯერ კიდევ 2008 წელს „მაესტროს“ ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიტანა. თუმცა მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე წლის მანძილზე შეჩერებული ჰქონდა ლიცენზიების გაცემის პროცესი.

იმას, რომ ლიცენზია საბოოლოოდ მაინც მიიღო, კიკაბიძე, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციებს უმადლის:

”იყო მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან როგორც მარეგულირებელი კომისიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით... ჩვენ მუდმივად ვაყენებდით საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში, რომ ლიცენზიების გაცემის პროცესი აღედგინათ. ”

როგორც ილია კიკაბიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სამაუწყებლო ლიცენზიით დაინტერესებული კომპანია ”აქცეპტი”, რომლის 80%-იანი წილიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მფლობელობაშია, მას თავად დაუკავშირდა. ”აქცეპტს” უკვე გადაეცა ”იგრიკის” 100%-იანი წილის მართვის უფლება 2013 წლის 31 დეკემბრამდე. კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მართვის კომპანია ვალდებულია მოიზიდოს ინვესტიციები და უზრუნველყოს არხის ფუნქციონირება, ხოლო რაც შეეხება მოგებას, მართვის კომპანია ყოველი წლის ბოლოს მოგების 15%-ს მიიღებს.

ილია კიკაბიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირადად მას არავითარი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან და რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ კომპანიის დირექტორთან, ლაშა შონიასთან აწარმოებს.

ახალ არხს ექნება იმდენი შესაძლებლობა, რომ ის ყველა არსებულმა საკაბელო კომპანიამ ჩართოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე გავა სატელიტზე, შესაძლებელია - ორ სატელიტზეც ...
30 დეკემბრით დათარიღებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან გვამცნობს, რომ შპს ”აქცეპტის” დირექტორია ლაშა შონია, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად და კომპანიის 20%-იან წილის მფლობელად სახელდება კახა კობიაშვილი. ისინი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასთან წლების მანძილზე დაკავშირებული პირები არიან.

ჯერჯერობით გადახდილ თუ მიღებულ ფულთან, ვადებთან, ტელეკომპანიის სახელსა თუ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა, კიკაბიძის თქმით, იგეგმება ისეთი ტელეკომპანიის შექმნა, რომელზეც ხელი ფართო აუდიტორიას მიუწვდება:

”ახალ არხს ექნება იმდენი შესაძლებლობა, რომ ის ყველა არსებულმა საკაბელო კომპანიამ ჩართოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე გავა სატელიტზე, შესაძლებელია - ორ სატელიტზეც... თუ ეს გეგმა მთლიანად შესრულდება, მაშინ ტექნიკურად ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ამ არხის ყურების საშუალება.”
ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზია... ხოლო ბიძინა ივანიშვილს აქვს საშუალება, რომ საქართველოში შექმნას რეალურად დამოუკიდებელი ტელევიზია ...

რაც შეეხება ახალი არხის კავშირს ”მაესტროსთან”, ილია კიკაბიძის განმარტებით, ასეთი კავშირი არ არსებობს და ”მაესტრო” ახალი არხისთვის მხოლოდ ”ჯანმრთელი კონკურენტი” იქნება. ამასთან, არ იგეგმება ”მაესტროელების” გადასვლა ივანიშვილის მეუღლის ტელევიზიაში.

ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ტელემაუწყებლობისთვის მზადებას ჩვენთან საუბარში ადასტურებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსი ნონა ყანდიაშვილი. მისი თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი, სრულყოფილი არხი. ყანდიაშვილი შეგვახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიუკერძოებელი ტელეკომპანიის შექმნის სურვილი ასპარეზზე გამოჩენის პირველსავე ეტაპზე გამოამჟღავნა:

”ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზია... ხოლო ბიძინა ივანიშვილს აქვს საშუალება, რომ საქართველოში შექმნას რეალურად დამოუკიდებელი ტელევიზია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. ამ არხის საშუალებით ხალხმა უნდა გაიგოს რეალურად რა და როგორ ხდება ქვეყანაში, ხოლო დანარჩენს შეაფასებს მაყურებელი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნონა ყანდიაშვილმა, რომელიც სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ყველაფერი გაირკვევა პრესკონფერენციაზე, რომელსაც არხის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG