Accessibility links

”უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატივა” - ასეთი სახელწოდების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში. ალტერნატიული დოკუმენტი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის - ”ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების” - ფარგლებში მომზადდა, მისი ავტორები ილიას უნივერსიტეტის პროფესორები სიმონ ჯანაშია და სოფო გორგოძე არიან. დოკუმენტის პრეზენტაციაზე არსებული უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაკლოვანებებზე ისაუბრეს და საკუთარი ხედვაც წარმოადგინეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს სკოლა მართლაც უსაფრთხო.
[ინფორმაციის მიღების] ერთადერთი საშუალება არის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი ამბები, რომელიც გაჯერებულია ბედნიერი მანდატურების ფოტოებით ...

მიუხედავად იმისა, რომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, გამოკითხული მოსწავლეების 81% სკოლას უსაფრთხოდ მიიჩნევს და ამ შედეგს განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის პროგრამისა და განსაკუთრებით მანდატურის ინსტიტუტის შემოღების დამსახურებად მიიჩნევს, ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს“ განსხვავებული მონაცემები აქვს. როგორც ორგანიზაციის განათლების პროგრამების მენეჯერი თამარ მოსიაშვილი ამბობს,მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც სკოლის გარეთ ხორციელდება, ვინაიდან სკოლა დახურულ სივრცედ იქცა, სურათი განსხვავებულია. მისი სიტყვებით, განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლასა და მანდატურის ინსტიტუტს შორის ტოლობის ნიშანს სვამს:

”[ინფორმაციის მიღების] ერთადერთი საშუალება არის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი ამბები, რომელიც გაჯერებულია ბედნიერი მანდატურების ფოტოებით, ასევე ბედნიერ ბავშვებთან. ძალიან ლამაზი ფოტოებია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სანდო არგუმენტი და ერთადერთი სწორი გზა ურთიერთობისა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.”

თამარ მოსიაშვილის განცხადებით, უკანასკნელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქე ჟურნალისტებისგან მიღებული წერილების საფუძველზე საჭიროდ მიიჩნევს უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული კონცეფციის შემუშავებას. როგორც დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, სოფო გორგოძე, ამბობს, მათი ალტერნატიული კონცეფციის ამოსავალია არა კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული, რასაც დღეს არსებული 5 კომპონენტიანი უსაფრთხოების კონცეფცია მოკლებულია. სოფო გორგოძის შეფასებით, არსებული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანებაა ის, რომ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მასწავლებელსაც, დირექტორსაც და მანდატურსაც, თუმცა მათ შირის მკაფიო ზღვარი არ არის გავლებული და ძნელი დასადგენია, სად მთავრდება ერთის ვალდებულებები და სად იწყება მეორის:

” სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის მანდატური და მასწავლებელი რიგ შემთხევვაში თავიდან იცილებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას და გადაამისამართებს მანდატურთან ამა თუ იმ სიტუაციას. მეორე მხრივ, თუ ჩაერევა მასწავლებელი ამ სიტუაციაში და ჩათვლის, რომ, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, ასევე ევალება ჰქონდეს ის უნარები, რომ კონფლიქტი აიცილოს თავიდან და გარკვეულ სტრატეგიებს მიმართოს, ამან შეიძლება მანდატურის მხრიდან გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, უარყოფითი რეაქცია, ანუ მკაფიოდ არსად არ არის დაფიქსირებული უფლებები და მოვალეობები.”

როგორც კონცეფციის ავტორები საკუთარ რეკომენდაციებში წერენ, განათლების სამინისტრომ მანდატურის ინსტიტუტთან ერთად სკოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა რესურსებიც უნდა ჩართოს, რასაც აქამდე არ იყენებდა - ეს არის მშობელი და თავად ბავშვი. კონცეფციის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სკოლები დაიყოს კატეგორიებად, როგორც ეს დასავლური სტანდარტითაც არის მიღებული, და ამის მიხედვით განხორციელდეს სკოლებში უსაფრთხოების პროგრამები. ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დოკუმენტის ავტორები პრევენციულ ღონისძიებებს და არა შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს, რაც, მათი ხედვით, უფრო მეტად აღმზრდელობით სამუშაოებს მოიცავს და არა სადამსჯელოს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებს ეჭვქვეშ არ აყენებს უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელსაც ბავშვებთან და მათ მშობლებთან უწევს მუშაობა, ამბობს, რომ შესაძლოა პირდაპირი ძალადობის ფაქტები სკოლებში მართლაც შემცირდა, მაგრამ გაიზარდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ჩაგვრის ფაქტები:

”ძალიან იმატა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებმა - იმან, რაც არ არის თვალით შესამჩნევი, გაზომვადი. არ არის ლაპარაკი, რომ ძალადობა მოისპო და ამ კუთხით უსაფრთხო გახდა სკოლა - პირიქით, გადავიდა უფრო ღრმა ფორმებში.”

ძალაუნებურად მასწავლებელი ჩიხში მოექცა ამ მანდატურების გამო და უკვე აღარ ვიცით ეს მანდატურები სკოლებში რისთვის შემოიყვანეს...
მაია ცირამუა იზიარებს ალტერნატიული უსაფრთხო სკოლის კონცეფციას და მიიჩნევს, რომ სკოლებში აუცილებად უნდა იმუშაონ ფსიქოლოგებმა.

ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგი ინგა თეთრაძე, რომელიც დოკუმენტის პრეზენტაციას ესწრებოდა, ამბობს, რომ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ თავდაპირველად დააკნინა მასწავლებლის როლი, ბავშვთან სააღმზრდელო მუშაობის თვალსაზრისით, და ისიც კი გამოიწვია, რომ მანდატური პედაგოგის მიმართ ერთგვარ სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცა:

”ძალაუნებურად მასწავლებელი ჩიხში მოექცა ამ მანდატურების გამო და უკვე აღარ ვიცით ეს მანდატურები სკოლებში რისთვის შემოიყვანეს - მასწავლებლების დასასჯელად თუ მოსწავლეების აღსაზრდელად. ხშირად იყო ხოლმე ასეთი შეკითხვა.”

თუმცა პედაგოგი ინგა თეთრაძე აქვე შენიშნავს, რომ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება და პედაგოგი საკუთარ უფლება-მოვალეობებს იბრუნებს.

გაიზიარებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის ალტერნატიულ კონცეფციას? - ამ კითხვაზე განათლების სამინისტროში კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბარში გვითხრეს, არ გაიზიარებს, რადგან ის პოლიტიკა, რომელიც ამჟამად სკოლებშია, წარმატებულია და ამას საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებსო.
XS
SM
MD
LG