Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი განსაზღვრა. "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" მინისტრის ბრძანების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი. რა შემთხვევაში ხდება მოსწავლის სტატუსის შეჩერება? რა გახდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ბრძანების შექმნის მიზეზი? რა ბედი ელის მოსწავლეს, თუკი სტატუსი არ აღუდგა?

ჩვენ სრულად ვართ გადასულები სკოლებში ვაუჩერულ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს თითოეულ ბავშვზე მიბმულ კონკრეტულ ვაუჩერს ...
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას, რომელიც 2012 წლის 6 იანვრამდე მოქმედებდა, 6 იანვრიდან ერთი საყურადღებო კომპონენტი დაემატა. მინისტრის ახალი ბრძანებულების თანახმად, განისაზღვრა მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი, რომლის მიხედვითაც, არსებობს შვიდი მიზეზი იმისათვის, რომ მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს. აი, რამდენიმე მათგანი: მოსწავლეს შეუჩერდება სტატუსი, თუკი ის 6 თვის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში; სტატუსის შეჩერების კანდიდატი იქნება სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლეც, რომელიც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას; სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; მოსწავლეს, რომელიც არაერთგზის და უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს, სკოლა უფლებამოსილია მას სტატუსი შეუჩეროს.

განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბარში მოსწავლის სტატუსის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მიზეზს შემდეგნაირად ხსნის:

”ჩვენ სრულად ვართ გადასულები სკოლებში ვაუჩერულ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს თითოეულ ბავშვზე მიბმულ კონკრეტულ ვაუჩერს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ ახერხებს ექვსი თვის განმავლობაში სკოლაში მისვლას, ან საზღვარგარეთ არის წასული, ან, უბრალოდ, ფიზიკურად არ შეუძლია სკოლაში სიარული, ამ შემთხვევაში ხდება მოსწავლის სტატუსის შეჩერება მშობლების თანხმობით და აღდგენა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასევე მშობელი მოგვმართავს და ბავშვი დაუბრუნდება სკოლას. ეს არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ არც ერთი თეთრი არ იქნეს დახარჯული არამიზნობრივად.”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში არაფერი წერია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, რომ მოსწავლეს სტატუსი საერთოდ არ აღუდგეს და რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი. საინტერესოა ისიც, რა ბედი ელის მას, თუკი მოსწავლის სტატუსი არ აღუდგა. აღნიშნული კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც მოსწავლეს სტატუსი უწყდება სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო. ამ კითხვებზე პასუხის მოძიებას რადიო თავისუფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

2012 წლის 6 იანვარს გამოცემულ ბრძანებაში მითითებულია, რომ მოსწავლის სტატუსის შეჩერება და აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებივი აქტის საფუძველზე. ბრძანება კვირაზე მეტია, რაც ძალაში შევიდა, მაგრამ, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მათ კონკრეტული დირექტივები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რესურსცენტრებისგან ჯერ არ მიუღიათ, რის გამოც კომენტარისგან თავს იკავებენ და საკითხში გასარკვევად უფრო კომპეტენტური დირექტორების ან განათლების სფეროში დასაქმებული იურისტების მოძიებას გვირჩევენ.
შეიძლება ერთმა სკოლამ თქვას, რომ დაარღვია ჩემი შინაგანაწესი და ამიტომ მე მას ვრიცხავ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სკოლამ არ უნდა მიიღოს ეს მოსწავლე ...

ბრძანების მიხედვით, მოსწავლის მშობელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლეს სტატუსი უწყდება სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო? როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი განათლების საკითხებში სიკო ჯანაშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კანონში ”ზოგადი განათლების შესახებ” მითითებულია, რომ მოსწავლის სისტემიდან გარიცხვა დაუშვებელია და, შესაბამისად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი აღუდგინოს:

”შეიძლება ერთმა სკოლამ თქვას, რომ დაარღვია ჩემი შინაგანაწესი და ამიტომ მე მას ვრიცხავ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სკოლამ არ უნდა მიიღოს ეს მოსწავლე. სხვა სკოლა ვალდებულია რომ მიიღოს ის, რადგან მის სკოლაში არაფერი დაურღვევია და მისი ფუნქცია არის განათლების მიწოდება მოსწავლეებისათვის.”

აღნიშნულის საპირისპიროდ უნდა გავიხსენოთ გასული წლის ოქტომბრის თვეში თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში განვითარებული მოვლენები, როდესაც სკოლის დირექტორმა 15 წლის მიხეილ ალექსიძე, შინაგანაწესის დარღვევის ბრალდებით, სკოლიდან გარიცხა. ლალი ლეკიშვილი, მიხეილის დედა, უკვე სამი თვეა უშედეგოდ ცდილობს შვილის განათლების სისტემაში დაბრუნებას. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისი შვილის მიღებაზე სკოლები უარს აცხადებენ.

”ხუთ საჯარო სკოლას მივმართე და არც ერთ საჯარო სკოლაში არ ღებულობენ. ოფიციალურ პასუხს არ მცემენ. წერილობითი განცხადებები მაქვს დაწერილი დირექტორების სახელზე. ყველა მითანაგრძნობს, მაგრამ ოფიციალურ პასუხს არავინ მცემს. კონსტიტუციასაც არღვევენ, დარღვეულია ბავშვთა უფლებების კონვენციების არაერთი მუხლი. სახალხო დამცველის მადლობელი ვარ, რადგან მან ობიექტური დასკვნა დაწერა. 10 იანვარს მივმართე საქალაქო სასამართლოს და იმედი მაქვს, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - ამბობს ლალი ლეკიშვილი.
XS
SM
MD
LG