Accessibility links

გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ


ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული 15 ქართველი მეზღვაური აფრიკიდან თურქეთში, იქიდან კი ბათუმში ადგილობრივი დროით დღის 4-ის ნახევრისთვის დაბრუნდა. აეროპორტში მათ ოჯახის წევრები და ჟურნალისტები ელოდნენ. პირველი, ვინც თვითმფრინავის ტრაპზე გამოჩნდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელსაც 16 თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები მოჰყვნენ. მათი შეხვედრა ოჯახის წევრებთან საკმაოდ ემოციური იყო. ოდნავ მოგვიანებით მათ ჟურნალისტებს უამბეს, რომ ტყვეობა ძირითადად მცხუნვარე მზის ქვეშ, ერთმანეთზე ბორკილებით გადაბმულებმა გაატარეს, პრაქტიკულად ერთადერთი საკვები კი მათ მიერვე ანკესით მოპოვებული თევზი იყო. თემურ მახარაძის თქმით, დატყვევებისთანავე მეკობრეებმა მედიკამენტები და ტანსაცმელი გადაუყარეს და დღეების განმავლობაში სასმელ წყალსაც კი არ აწვდიდნენ. ტყვეობიდან გათავისუფლების პირობები თემურ მახარაძისთვის უცნობია. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ გამოსასყიდის გარეშე მეკობრეებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნებოდა და ვარაუდობს, რომ მათი გათავისუფლება საერთაშორისო ჩარევით მოხდა. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი, თემურ ბედინაძე, იხსენებს, რომ ზოგიერთი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო სამედიცინო დახმარების თხოვნაზე მეკობრეების პასუხი იყო: უმჯობესია დაიხოცნენ, ეს მოთხოვნის შესრულების პროცესს დააჩქარებსო. ბათუმში დღეს დაბრუნებულმა კიდევ ერთმა მეზღვაურმა, ლაშა ბოლქვაძემ, გათავისუფლებისთვის მადლობა საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის მოსახლეობას გადაუხადა.

ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ

საქართველოში დაბრუნებამდე 15 მეზღვაური თურქეთის 3 მოქალაქესთან ერთად დღეს კენიიდან სტამბულში ჩაიყვანა კომპანია ”აირზენას” თვითმფრინავმა. სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულებს სტამბულის აეროპორტში თურქეთის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი დახვდნენ. აეროპორტშივე გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და რეჯეპ თაიპ ერდოანის ერთობლივი ბრიფინგი. მეკობრეთა ტყვეობიდან 18 მეზღვაურის გათავისუფლებამდე თურქული პრესა წერდა, რომ პირადად პრემიერი ერდოანი იყო აქტიურად ჩართული მათი გათავისუფლების პროცესში და შედეგიც მისი დამსახურებაა. პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მუდმივი კონტროლის შესახებ იუწყებოდნენ მისი ადმინისტრაცია და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. სტამბულის აეროპორტში დღეს გამართულ ბრიფინგზე რეჯეპ თაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მეზღვაურთა გასათავისუფლებლად სომალიში მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებული აღმოჩნდა. საკუთარ ოჯახებში მათ დაბრუნებას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბედნიერება უწოდა. ბრიფინგზე გამოსვლა თურქულ ენაზე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთის დახმარებით ტყვეობიდან მეზღვაურთა გათავისუფლება ერთობლივად მოხდა.

ქართულენოვანი გამოსვლისას კი, მიხეილ სააკაშვილმა რეჯეპ თაიპ ერდოანს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და უწოდა ”დიდი დემოკრატიული ლიდერი,” რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. მიხეილ სააკაშვილმა გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ და თურქ მეზღვაურებს, რომლებმაც, მისივე თქმით, უმძიმესი ტყვეობის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ საოცარი სოლიდარობა გამოიჩინეს. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ამჟამად მეკობრეთა ტყვეობაში იმყოფება 600-ზე მეტი მეზღვაური, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან, და დასძინა, რომ 15 ქართველი და 3 თურქი იღბლიანთა შორის აღმოჩნდნენ. მალტის დროშით მცურავი, ბერძნული კომპანიის კუთვნილი გემი ”ოლიბ ჯი” სომალელმა მეკობრეებმა ადენის სრუტეში 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში დაატყვევეს. ეკიპაჟის წევრი 15 ქართველისა და 3 თურქის გათავისუფლების ფაქტი ოფიციალურად გასულ კვირას, 8 იანვარს დადასტურდა. სომალელი მეკობრეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანაცვლოდ მათ 3 მილიონი დოლარი მიიღეს, რასაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ ადასტურებს. რა პირობით გაათავისუფლეს მეკობრეებმა 18 მეზღვაური, ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG