Accessibility links

logo-print
კრისტის აუქციონზე გაიყიდა ბიტნიკთა თაობის საკულტო ავტორის, ჯეკ კერუაკის მიერ 1957 წელს მარლონ ბრანდოსთვის მიწერილი წერილი, რომელშიც კერუაკი ბრანდოს სთხოვს შეიძინოს მისი ყველაზე ცნობილი ტექსტი, „გზაზე“, და წიგნი აქციოს ფილმად, რომელშიც მთავარ როლებს ბრანდო და თავად კერუაკი შეასრულებენ.

ბიტნიკების მეფედ წოდებულმა მწერალმა უამრავ არტისტზე მოახდინა გავლენა - ტომ რობინსზე, კენ კიზიზე, ბობ დილანზე... უამრავ 60-იანელთან ერთად შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს სიცოცხლის საზრისის ძიებაში დაკარგული მოგზაური-მწერალი. მაგრამ მარლონ ბრანდო და კერუაკი... ეს დუეტი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა სრულიად ლოგიკური: ორ ლეგენდარულ მეამბოხეს რომ ეთანამშრომლა, შესაძლებელია სრულიად განსხვავებულად წარმართულიყო არა მარტო ბრანდოსა და კერუაკის ცხოვრება, არამედ 60-იანი წლების კულტურაც.
ვლოცულობ, რომ შეისყიდი [რომანს] „გზაზე“ და მისგან ფილმს გააკეთებ...

”გზა” - რომანი, რომელიც კერუაკმა 1951 წელს დაწერა და გამოსცა 1957 წელს, ამერიკული კულტურის, აზროვნებისა და ლიტერატურული ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ტექსტია. მოგვიანებით გაირკვა, რომ კერუაკის ავტობიოგრაფიული ნაწარმოების ეკრანიზაცია თავად მწერალს ჰქონდა ჩაფიქრებული. კერუაკმა ბრანდოს წერილი მისწერა, რომელშიც სთავაზობდა დინ მორიარტის როლს.. გაგახსენებთ, რომ რომანი გვიამბობს ორი მეგობრის ბოჰემურ მოგზაურობაზე და ქმნის 50-იანი წლების ამერიკის პორტრეტს, ”თავისი ჯაზით” და ”თავისი ნარკოტიკებით”. რომანი იქცა ბიტნიკების თაობის მანიფესტად და თავიდანვე გახდა ”საკულტო” ამერიკულ ლიტერატურაში. აი, ერთი ფრაგმენტი წერილიდან:
თვალწინ მაქვს ის ლამაზი ხედები, რომლებსაც კამერა მანქანის წინა სავარძლიდან, საქარე მინის მიღმა აღბეჭდავს...

„ვლოცულობ, რომ შეისყიდი [რომანს] „გზაზე“ და მისგან ფილმს გააკეთებ. სტრუქტურაზე ნუ იღელვებ - მე ვიცი როგორ უნდა შევკუმშო და ცოტა გადავაწყო სიუჟეტი საიმისოდ, რომ მან კინოს ფორმატისთვის მშვენივრად მისაღები სტრუქტურა შეიძინოს. საქმე გვექნება ერთ ყოვლისმომცველ მოგზაურობასთან და არა ერთი ნაპირიდან მეორემდე განხორციელებულ რამდენიმე მარშრუტთან, როგორც წიგნშია. ერთი ვრცელი მოგზაურობა ნიუ-იორკიდან დენვერში, ფრისკოში, მექსიკაში, ახალ ორლეანში და შემდეგ ისევ ნიუ-იორკში.“

წერილი დაიწერა თუ არა, კომპანია ”ვერნერ ბროსმა” 110 000 დოლარი შესთავაზა ავტორს ეკრანიზაციისთვის, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა - არ არის გამორიცხული იმიტომაც, რომ კერუაკი ელოდა მარლონ ბრანდოს პასუხს წერილზე.

„თვალწინ მაქვს ის ლამაზი ხედები, რომლებსაც კამერა მანქანის წინა სავარძლიდან, საქარე მინის მიღმა აღბეჭდავს (დღის და ღამის განმავლობაში) გზის გადაღების დროს, სალის და დინის უდარდელი საუბრების ფონზე. მინდოდა ეს როლი შენ შეგესრულებინა, რადგან დინი (როგორც იცი), ვიღაც დაბოლილი მოგზაური კი არ არის, არამედ ძალიან ჭკვიანი ირლანდიელია (თან იეზუიტი). შენ დინის როლი შეასრულე, მე სალს ვითამაშებ.“

ჩემი სურვილია ამერიკაში თეატრისა და კინოს შეცვლა - მისთვის სპონტანურობის შემატება...
უილიამ ბეროუზი წერდა, რომ კერუაკის ეს წიგნი იმ გზის ჩვენება იყო, რომელიც უნდა აერჩიათ ამერიკელ ახალგაზრდებს, რათა როგორმე გამიჯნოდნენ ფარისევლობით და პირმოთნეობით აღსავსე რეალობას. მაგრამ მწერლისთვის, როგორც ჩანს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ გზის ასახვა კინემატოგრაფიულ სახეებში, თანაც იმ ადამიანის მონაწილეობით, რომელიც 50-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების კერპი გახდა, - ბუნებრიობის, თუ გნებავთ ”ველურობის” სიმბოლოდ, - მარლონ ბრანდოს მონაწილეობით. ერთგვარი გამომწვევი ანტიინტელექტუალიზმი ხომ ასევე ცხადად იგრძნობა რომანში, რომლის გმირები ცდილობენ იცხოვრონ ”ინსტინქტებით” და ასე დაუბრუნონ ბუნებრიობა ფარისევლურ საზოგადოებას თუ არა, საკუთარ თავს მაინც... ამიტომაც ნიშანდობლივია კერუაკის წერილის, აი, ეს ფრაგმენტი:

„ჩემი სურვილია ამერიკაში თეატრისა და კინოს შეცვლა - მისთვის სპონტანურობის შემატება. მინდა მოიხსნას წინასწარ მოფიქრებული „სიტუაციები“ და ადამიანებს საშუალება მიეცეთ ისე იმოქმედონ, როგორც რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ეს არის ეს პიესა - კონკრეტული სიუჟეტის გარეშე, კონკრეტული მნიშვნელობის გარეშე. უბრალოდ, ადამიანები - ისეთები, როგორიც არიან.“

რომანის ეკრანიზაციის უფლება მხოლოდ 1979 წელს მოიპოვა ფრენსის ფორდ კოპოლამ. ამის მერე დაიწერა რამდენიმე სცენარი, მაგრამ კოპოლამ ყველა დაიწუნა. 1995 წელს კოპოლამ გინზბერგი მოიწვია თანაავტორად, თითქოს მოეწონა კიდეც სცენარი, მაგრამ გადაღება ისევ ჩაიშალა. 2004 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ ნახა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის ფილმი ”ჩე გევარა. მოტოციკლეტისტის დღიური” და შესთავაზა რეჟისორს ფილმის გადაღება, სემ რეილით და გარეტ ჰედლუნდით მთავარ როლებში. ზოგიერთი კინოკრიტიკოსი იმთავითვე სკეპტიკურად განეწყო პროექტის მიმართ. ფრანგული ჟურნალის, ”პოზიტივის” რეცენზენტის აზრით, ძნელია წარმოიდგინო კერუაკის გმირად რომელიმე მსახიობი, როცა იცი, რომ ეს როლები თავად კერუაკის და მარლონ ბრანდოს საკუთრება იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG