Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21-ე საუკუნის ზღაპრები


საქართველოში წიგნების ბაზარზე უკვე კარგა ხანია საბავშვო წიგნებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ბოლო წლებში უცხოურიდან ნათარგმნ საბავშვო ლიტერატურას ქართული, ორიგინალური წიგნებიც შეემატა. ნელ-ნელა იქმნება ე.წ. ქართული ”ფენტეზიც”. როგორი უნდა იყოს ზღაპარი და, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა, რომ მან თანამედროვე ბავშვი დააინტერესოს?

ზღაპარი დადებითი სამყაროა, ლექსებისგან განსხვავებით. ლექსების წერისგან ადამიანი, შესაძლოა, სერიოზულად დაიტანჯოს კიდეც ...
წითელ ფონზე ჭრელი მამალი მოაბიჯებს - ეს თეა თოფურიას ზღაპრების ახალი წიგნის გარეკანია. წიგნს ”გასაღვიძებელი ზღაპრები” ჰქვია და მასში ხუთი ზღაპარია შესული. წიგნი სულ ცინცხალია, ახლახან გამოსცა გამომცემლობა ”დიოგენემ”. მეორე წიგნის ყდაზე კი პატარა გოგონას და ბიჭს ერთმანეთისთვის ჩაუკიდიათ ხელი და შორეულ ჯადოსნურ მოგზაურობაში მიდიან - ეს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნია, დავით ზურაბიშვილის ავტორობით - ”მოგზაურობა სიზმარეთში - ანუ გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი ”.

თეა თოფურიას ერთ-ერთი ზღაპარი, რომელსაც „ნინიკა და მაგნიტური ღრუბლები“ ჰქვია, ერთ ქვეყანაზეა, რომელსაც გამუდმებით მტრობენ სხვა ქვეყნები და რადგან მტრის შემოსევას ვერ უმკლავდება ხოლმე, ყოველ ჯერზე ეს ქვეყანა სადღაც გარბის. თეა ამბობს, რომ ის ძალიან ჰგავს საქართველოს. თეა თოფურიას ზღაპრებში კიდევ ბევრი დაუჯერებელი ამბავი ხდება - ხანდახან ის, რაც გვინდა, რომ მოხდეს; ხანდახან, პირიქით, რასაც სულა არ ვინატრებდით, მაგრამ მაინც ხდება. თუმცა, საბოლოოდ, ზღაპარი ერთი გრანდიოზული, დადებითი სამყაროა, - ამბობს ავტორი:

”ზღაპარი დადებითი სამყაროა, ლექსებისგან განსხვავებით. ლექსების წერისგან ადამიანი, შესაძლოა, სერიოზულად დაიტანჯოს კიდეც. იმიტომ კი არა, რომ ვერ წერ, არამედ იმიტომ, რომ ხშირად ლექსს ცუდი ემოციის გამო წერ. ზღაპარს კი, პირიქით, დადებითი ემოციით წერ და ასეთივე შეგრძნებას გიტოვებს, როცა წერას ასრულებ. შენ შეგიძლია ისეთი სამყარო შექმნა, როგორიც გინდა, როგორსაც ვერც ლექსში შექმნი და ვერც მოთხრობაში.”

ზღაპარი მარტივი და გულწრფელი უნდა იყოს, - ამბობს თეა თოფურია, - და, განსხვავებით ძველი ზღაპრებისგან, რეალობასთან მეტად მიახლოებული. 21-ე საუკუნის ბავშვებს ფანტასტიკისა და რეალობის ეს ნაზავი სჭირდებათ:
ზღაპარი მუდამ არქეტიპულ მომენტებზე აპელირებს. ”ჰარი პოტერიც“ კი, რომელსაც უპრეცედენტო წარმატება ჰქონდა ...

”ადრე ზღაპრებში ასე იყო, რომ რაღაც კონკრეტულით სრულდებოდა და აღარსად ჩანდა გაგრძელება. ჩემს ზღაპრებში არ არის კონკრეტული დასასრული - კეთილი ან ბოროტი. ვასრულებ ხოლმე რაიმე ცხოვრებისეული მომენტით, რის მერეც ეს ცხოვრება ისევ გრძელდება. დღევანდელი ზღაპრების გმირებიც უფრო რეალურები არიან - არც ისე კეთილი და არც ისე ბოროტი, ისეთი, როგორიც ცხოვრებაა - არც ძალიან ცუდი და არც ძალიან კარგი. მე მგონია, რომ არ შეიძლება ბავშვი 12 თუ 15 წლამდე ზარდო სხვა სამყაროში და მერე გაუშვა სულ სხვა, რეალურ სამყაროში, რომ თავი იმტვრიოს როგორ იცხოვროს შემდეგ. ყველა ზღაპარი იმისთვისაა, რომ რეალობაში იცხოვრო და რეალობაში გამოიყენო.”

დავით ზურაბიშვილი კი, რომელმაც ”მოგზაურობა სიზმარეთში” ჯერ კიდევ წლების წინ ერთი ლიტერატურული კონკურსისთვის დაწერა, ამბობს, რომ რა დიდი დროც უნდა გავიდეს, ზღაპრის მთავარი ღერძი მუდამ იქნება სიკეთის და ბოროტების ბრძოლა. იცვლებიან მხოლოდ გმირები:

”ზღაპარი მუდამ არქეტიპულ მომენტებზე აპელირებს. ”ჰარი პოტერიც“ კი, რომელსაც უპრეცედენტო წარმატება ჰქონდა, ისიც კი ტრადიციულ ღირებულებებზე აგებული ნაწარმოებია, რომელშიც სიკეთე უპირისპირდება ბოროტებას და მეგობრობა, უანგარობა და სიყვარული ცუდ თვისებებს ჯობნის. ყველა ზღაპარი ამაზეა - სიკეთე იმარჯვებს, ბოროტება მარცხდება. ცნობილი ზღაპრებიც რომ ავიღოთ, ტოლკინი იქნება ეს თუ ანდერსენი, ყველგან ასეა”...

ქართულ ლიტერატურულ ზღაპარზე საუბრისას დავით ზურაბიშვილი შენიშნავს, რომ, რამდენიმე გამონაკლისი ქართველი მწერლის გარდა, ორიგინალური ლიტერატურული ზღაპრები საქართველოში არ იწერებოდა. ამ საქმეს, ნიჭის, ფანტაზიის და სურვილის გარდა, გარკვეული სტიმულიც სჭირდება. მას შემდეგ - ბოლო დრომდე - ქართულ საბავშვო ლიტერატურაში მრავალწლიანი ვაკუუმის შევსება მხოლოდ ახლა იწყება:

ფაქტია და ამას ჩვენც ვითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ბავშვი ძალიან განსხვავდება ძველი ბავშვებისაგან, რადგან მას აქვს გართობის და სიამოვნების მიღების ძალიან დიდი არჩევანი დღეს ...
”ჩვენ ლიტერატურული ზღაპრის ტრადიცია ძალიან ნაკლებად გვქონდა. თუ არ ჩავთვლით ვაჟა ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილს“ და მსგავს ნაწარმოებებს, ყველაზე ცნობილი იყო არჩილ სულაკაურის ”სალამურას თავგადასავალი”, რომელსაც დღესაც სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები, თუმცა სხვა, ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად რომ ქცეულიყო, ასეთი არ მახსენდება.. საბავშვო პროზა ყოველთვის ცოტა იყო - მახსენდება ინანიშვილის მოთხრობები და ოტია იოსელიანის ლიტერატურული ზღაპრები და დამთავრდა”...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ერთ-ერთია საქართველოში, რომელიც დიდი რაოდენობით საბავშვო წიგნებს გამოსცემს - როგორც ტრადიციულ, ხალხურ ზღაპრებს, ისე თანამედროვე ზღაპრებსაც. ორივეს თავისი ადგილი აქვს, ამბობს ბაკურ სულაკაური. თუმცა 21-ე საუკუნეში დრომ მაინც დააწესა გარკვეული მოთხოვნები საბავშვო წიგნებისათვის:

”ფაქტია და ამას ჩვენც ვითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ბავშვი ძალიან განსხვავდება ძველი ბავშვებისაგან, რადგან მას აქვს გართობის და სიამოვნების მიღების ძალიან დიდი არჩევანი დღეს. ინტერნეტი, ტელევიზია - სპეციალური საბავშვო არხებით, უამრავი სახის სათამაშო და სხვა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი წიგნი, რომელიც ამ ყველაფერს კონკურენციას გაუწევს. რაღაც ელემენტები ამ საშუალებებიდან უნდა იყოს წიგნშიც გამოყენებული. ეს უნდა იყოს ნივთი, რომლის ხელში აღებაც ბავშვს მოუნდება. აი, მაგალითად, შემეცნებით წიგნებს დღეს ახლავს ან რაღაც სათამაშო, ან თავსატეხი, ზოგი წიგნი სამგანზომილებიანია, ზოგიც - ხმოვანი. ეს იმისთვის კეთდება, რომ ბავშვმა არა მხოლოდ წაიკითხოს წიგნი, არამედ წიგნით გაერთოს კიდეც.”

თეა თოფურია ფიქრობს, რომ ბავშვს ორივე სჭირდება - ლამაზად დასურათებული მოკლეტექსტიანი წიგნიც და, პირიქით, სქელტანიანი ჯადოსნური თავგადასავლებიც. მისი აზრით, არასოდეს ერთი მეორეს არ ჩაანაცვლებს. პირიქით, ბავშვს პირველი მეორესთან უფრო ადვილად მიიყვანს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG